ემორის  პროფესორებმა,  ნათია ესიაშვილმა და მარკუს კლასმა ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარეს

ემორის პროფესორებმა, ნათია ესიაშვილმა და მარკუს კლასმა ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარეს

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ემორის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორები: ნათია ესიაშვილი და მარკუს კლასი  ეწვივნენ. საქართველოში ჩამოსვლამდე ისინი გლობალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში კაიროში (ეგვიპტე), ადგილობრივი პედიატრიული ონკოლოგიის საავადმყოფოში  სამდღიანი სემინარის  ჩასატარებლად იმყოფებოდნენ. თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციის ფორმატი  და თემა ემორისა და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის აკადემიური პერსონალის წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე შეირჩა. 

ნათია ესიაშვილი, (MD, ემორის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ხარისხის უფროსი ოფიცერი):  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი ძალიან აქტიურები არიან და როგორც ჩანს, დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ. ძალიან მიხარია, რომ  სტუდენტები საკმაოდ კარგად ახდნენ საბაზისო მეცნიერებების ინტეგრაციას კლინიკურ საკითხებში. 

ნათია  ესიაშვილი თსსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. დღეს, იგი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წევრია, აღსანიშნავია, რომ 2015 წელს რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის  ხარისხის მთავარ ოფიცრად დასახელდა.  ნათია ჩართულია  ბავშვთა ავთვისებიანი ჰემატოლოგიური დაავადებების  მკურნალობაში, კერძოდ, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისას რადიოთერაპევტების გუნდის წევრია,  ამავე დროს, იგი ახალგაზრდებში კიბოსგან განკურნების პროგრამის თანათავმჯდომარე, ემორის უნივერსიტეტის  კიბოს პრევენციისა და კონტროლის ჯგუფის წევრი და  პედიატრიული რადიაციული ონკოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ნათია ესიაშვილის ბიოგრაფია  ამერიკის რადიაციული ონკოლოგიის, ასევე, კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოებების, რადიოლოგიის ამერიკული კოლეჯისა და  ბავშვთა ონკოლოგიის ჯგუფის წევრობას მოიცავს.  იგი 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა  ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის შემუშავებულ პროგრამებს. 

მარკუს კლასი, (MD, PhD, ემორის მედიცინის სკოლის ანესთეზიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი):   ვფიქრობ, რომ სტუდენტებმა უფრო ღრმად გაიგეს ანესთეზიოლოგიისა და ონკოლოგიის თანამედროვე მიდგომების შესახებ, ვფიქრობ, ეს ლექცია დაეხმარება მათ არჩევანის გაკეთებაში.  ჩვენ დაინტერესებული ვართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებით, როგორც თბილისში, ისე ატლანტაში.

მარკუს კლასი ემორის უნივერსიტეტის წამყვანი ანესთეზიოლოგია.  მისი კვლევის ინტერესი მოიცავს ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს.  კლასი ჩართულია ანესთეზიოლოგიასთან დაკავშირებულ ეროვნულ პროგრამებში.

გარდა დაგეგმილი სალექციო საკითხებისა, სტუდენტები დაინტერესდნენ სტუმრების ამერიკული გამოცდილებით, რეზიდენტურის პრობლემებით და სხვ. ნათია ესიაშვილმა და მარკუს კლაუსმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს ამერიკული პროგრამის სტუდენტებს თავიანთი გამოცდილებიდან.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებთან დისკუსია ლექციის დასრულების შემდეგ აუდიტორიიდან დერეფანში გაგრძელდა.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნათია ესიაშვილსა და მარკუს კლასს თანადგომისათვის!