თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა „ამტელ ჰოსპიტალი“ დიდი რეკონსტრუქციისა და რეორგანიზაციის შემდეგ გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა „ამტელ ჰოსპიტალი“ დიდი რეკონსტრუქციისა და რეორგანიზაციის შემდეგ გაიხსნა

   
   

2017 წლის 4 მაისს გაიხსნა ახალი კლინიკა „ამტელ ჰოსპიტალი“, რომლის სარემონტო სამუშაოები და მაღალ დონეზე აღჭურვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ახალი კლინიკა ძველი პირველი კლინიკური საავადმყოფოს საფუძველზე აშენდა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკაა.

ცერემონიალი გახსნა და დამსწრე სტუმრებს მიესალმა კლინიკის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბატონი დანიელ გუფთა. მან აღნიშნა, რომ ახალი კლინიკა „ამტელ ჯგუფის“ უმსხვილესი ინვესტიციის შედეგად გარემონტდა და აღიჭურვა. სამუშაოები 4 წლის წინ დაიწყო დაროგორც  მატერიალური ბაზის, ისე აკადემიური და სამედიცინო პერსონალის სრულყოფის თვალსაზრისითაც მიმდინარეობდა. ამისი შედეგია თუნდაც ის ფაქტი, რომ დეპარტამენტების რაოდენობა კლინიკაში 6-დან 22-მდე გაიზარდა.

ჩატარებულ სამუშაოს უმნიშვნელოვანესი უწოდა და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ზაზა სოფრომაძემ.

„ამტელ ჰოსპიტალის“ გახსნა კოლეგებსა და დამსწრე სტუმრებს მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან აღნიშნა: „ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებული,ძველი ტრადიციების მქონე სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე შექმნილი „ამტელ ჰოსპიტალი“, 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკური ბაზაა. აქ განთავსებულია მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა N 3 დეპარტამენტი და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტი. „ამტელ ჰოსპიტალში“  დიპლომამდელის გარდა,  მიმდინარეობს დიპლომის შემდგომი სარეზიდენტო სწავლებები კარდიოლოგიასა და ზოგად ქირურგიაში... ბატონი დანიელ გუფთას დიდი დამსახურებაა, რომ დღეს თსსუ-ის სტუდენტებს შინაგან მედიცინაში, ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში, სარეზიდენტო პროგრამებში სრულფასოვანი სასწავლო პირობები აქვთ... აღსანიშნავია ასევე, ბატონი დანიელ გუფთასა და მთელი მისი ოჯახის, განსაკუთრებით, მამის - საერთაშორისო მასშტაბის ბიზნესმენის, ბატონი სუთჰირ გუფთას თბილი და გულწრფელი დამოკიდებულება საქართველოსადმი და კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2017 წლის 20 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ბატონ დანიელ გუფთას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა“.

სიტყვის დასასრულს, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ბატონ დენიელს გადასცა ამ წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატი და დოკუმენტები.

საზეიმო ვითარებაში წითელი ლენტი გაჭრეს ბატონებმა: დენიელ გუფთამ, ზაზა სოფრომაძემ და ზურაბ ვადაჭკორიამ.

კლინიკის  კლინიკურმა დირექტორმა, ლაშა მაჭარაშვილმა სტუმრებს დაათვალიერებინა რეკონსტრუირებული შენობა და თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტები და პალატები. ბატონმა დენიელ გუფთამ სტუმრებს წარუდგინა „ISO“ სერტიფიკატი, რომელიც კლინიკას სულ ცოტა ხნის წინ მიენიჭა.

„ამტეოლ ჰოსპიტალის“ გახსნის ცერემონიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან ერთად ესწრებოდნენ: ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა. ისინი განსაკუთრებული ინტერესით გაეცნენ კლინიკაში მიმდინარე სასწავლო პროცესს, გაესაუბრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს და წარმატება უსურვეს მათ.