გერმანელი პროფესორების: ჰელმუტ ზიბერის და ვიქტორ ვაილერტის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანელი პროფესორების: ჰელმუტ ზიბერის და ვიქტორ ვაილერტის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არსებული პროგრამის ფარგლებში “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ უცხოელი პროფესორების აკადემიური და სამედიცინო საქმიანობის ორგანიზება საქართველოში”  –  თბილისში იმყოფებიან  ქალაქ დუისბურგის (გერმანია) ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები: თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი  ჰელმუტ ზიბერი და თსსუ–ის  საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი.

23 მაისს გერმანელმა პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე–8 – მე–10 სემესტრის  სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისთვის და დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.

ლექციებს ესწრებოდნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, უნივერსიტეტის პროფესორები, საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები.

მრავალრიცხოვანმა  დამსწრე აუდიტორიამ  ინტერესით მოისმინა გერმანელი პროფესორების მიერ წაკითხული ლექციები:“ზედა ტუჩის და სასის თანდაყოლილი ნაპრალის კომპლექსური მკურნალობა” –ჰელმუტ ზიბერი, "ძვლის შემავსებლები და მემბრანები ექიმ-სტომატოლოგის ყოველდღიურ პრაქტიკაში" – ვიქტორ ვაილერტი, "პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების და სიმსივნეების დიაგნოსტიკა" – ჰელმუტ ზიბერი, "პირის ღრუს წინა საპროთეზო ქირურგია" – ვიქტორ ვაილერტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანელი სტუმრები: თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი და თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი ეწვივნენ  სამედიცინო უნივერსიტეტს. ისინი უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციულად მაისის თვეში სტუმრობენ უნივერსიტეტს და ძალზედ საინტერესო ლექციებს უკითხავენ სტუდენტებს.

როგორც ლექციების  შემდგომ სტუდენტებმა განაცხადეს, მათთვის ძალიან საინტერესო იყო ლექციების თემატიკა და  მნიშვნელოვანი იყო ევროპელი პროფესორების გამოცდილების და მიღწევების გაცნობა.  უცხოელ პროფესორთა ლექციებს სამედიცინო უნივერსიტეტი მუდმივად სთავაზობს სტუდენტებს, რაც მნიშვნელოვანია,  მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ 21 მაისს, გერმანელმა პროფესორებმა  თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში მიიღეს  პაციენტები, გაუწიეს მათ უფასო  კონსულტაციები, ხოლო 23 და 24 მაისს ჩაატარებენ ოპერაციებს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.