საჯარო დისკუსია საქართველოს ნარკოპოლიტიკის შესახებ

საჯარო დისკუსია საქართველოს ნარკოპოლიტიკის შესახებ

 2017 წლის 24 მაისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო დისკუსია საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის თაობაზე, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული პლატფორმის წარმომადგენლები: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი დავით ოთიაშვილი  და მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრი დავით სუბელიანი.

 ღონისძიება გახსნა და საზოგადოებას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის მიზანს წარმოადგენს  რეფორმის გეგმის და საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება, ასევე ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა. პლატფორმის განცხადებით, ნარკომანია რთული ბიოსოციოფსიქოლოგიური დაავადებაა, რომელიც  წარმოადგენს მასშტაბურ საზოგადოებრივ პრობლემას და მისი გადაჭრის მექანიზმი სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობაშია. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა.

შეხვედრის ფარგლებში   გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს  შემდეგ თემებზე:

-        რატომ არის აუცილებელი ნარკოპოლიტიკის შეცვლა;
-        რა შედეგები მოიტანა მოქმედმა პოლიტიკამ;
-        რა ცვლილებებს სთავაზობს ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის პლატფორმა;
-        როგორი იქნება ნარკოტიკებთან დაკავშირებული სასჯელები ახალი კანონმდებლობის პირობებში;
-        რა შეიცვლება ზრუნვის (პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია) თვალსაზრისით;
-        როგორია რეფორმის მოსალოდნელი შედეგები.

განხილულ საკითხთან დაკავშირებით ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის პოზიციაა, რომ აუცილებელია ფუნდამენტური საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელება, რათა სახელმწიფო რესურსები უფრო მეტად მიიმართოს პრევენციის, ზრუნვის და დახმარების პროგრამებზე.