მე–9 საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

მე–9 საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

   
   

2017 წლის 10 ივნისს ქალაქ მცხეთაში ჩატარდა მე–9 საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“, რომლის ორგანიზატორები ტრადიციულად არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და ასოციაცია “სამედიცინო ეკოლოგია“.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ: კონფერენციის სპიკერი, ასოციაცია „სამედიცინო ეკოლოგიის“ პრეზიდენტი, თსსუ–ის ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ქალაქ მცხეთის მერი, ბატონი ავთანდილ ნემსიწვერიძე, თავადაც პროფესიით ექიმი–პედიატრი.

მისალმებების შემდგომ კონფერენციამ სამუშაო რეჟიმით გააგრძელა მუშაობა.

წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა ცნობილი ქართველი მეცნიერების,  პედაგოგების და ჯანდაცვის ორგანიზატორების:   პროფესორების რევაზ მანჯგალაძის, ვერიკო ვაშაკიძის და  ბატონ ზურაბ გიორგობიანის ხსოვნას, რომელიც  წლების განმავლობაში იყო მცხეთის რაიონის მთავარი ექიმი.  მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს ქალბატონებმა რუსუდან ჯავახაძემ,   ინგა ღვინერიამ და ქეთევან ლორიამ. მათ დიდი სითბოთი და სიყვარულით მოიგონეს ამაგდარი პიროვნებები.

მოგონებების შემდგომ , კონფერენციაზე გაკეთდა სამეცნიერო პროგრამით განსაზღვრული მოხსენებები  მედიცინის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს  სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებმა, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა  და ახალგაზრდა მკვლევარებმა –  თსსუ-ის დოქტორანტებმა.

ცოტა ხნის წინათ, ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ აღნიშნა შრომის მედიცინის თვალსაჩინო მოღვაწის, მეცნიერის, ექიმ– პროფპათოლოგის, ქალბატონ მზია წერეთლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე. ქალბატონი მზია, საპატიო სტუმრის რანგში,  ესწრებოდა კონფერენციას და მას კონფერენციის მონაწილეებმა მიულოცეს იუბილე, ხოლო ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ქალბატონმა რუსუდან ჯავახაძემ წარმოადგინა  მზია წერეთლის  ცხოვრების და  წარმატებული სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი სლაიდ –შოუ.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა დებატები კონფერენციაზე წარმოდგენილ  საკითხებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია,  რომ მე–9  საერთაშორისო კონფერენციაზე „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“ წაკითხული მოხსენებები სტატიების სახით დაიბეჭდა პროფესიულ ჟურნალში „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“ №3, 2017

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.