სამედიცინო უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია გაიმართა

სამედიცინო უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია გაიმართა

   
   

2017 წლის 23 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ჩატარდა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონია. უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ კურსდამთავრებულები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის წარმომადგენლები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. ამ დღის აღსანიშნავად თსსუ-ს ეწვივნენ თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები  საქართველოში: სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, მისი აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, ელჩის მრჩეველი განათლების სფეროში თუფან კარადენიზი.

საზეიმო ცერემონია გახსნა და კურსდამთავრებულებს მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან აღნიშნა, რომ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი  ყველაზე ახალგაზრდაა  სამედიცინო უნივერსიტეტში  და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ბაკალავრები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის წარმომადგენლები არიან. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაწყებული პროფესიული გზა წარმატებული იქნება თითოეული კურსდამთავრებულისთვის.

კურსდამთავრებულებს მიულოცა თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა: „დარგი რეაბილიტაცია არის ქვეყნის ცივილიზაციის მაჩვენებელი, ამ დარგის განვითარება კი  ქვეყნის განვითარების მაჩვენებელია, ამიტომ დიდი სურვილი გვაქვს თქვენგან დაიწყოს ამ დარგში ყველაზე დიდი მიღწევები, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც“, - მიმართა მან აუდიტორიას.

კურსდამთავრებულები განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლელა მასხულიას:

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ უმნიშვნელოვანეს დღეს თქვენს ცხოვრებაში, – მიმართა მან აუდიტორიას, – თქვენ გახდით ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ბაკალავრები და უკვე ძალიან მალე შეუდგებით პრაქტიკულ საქმიანობას მედიცინის ამ შედარებით ახალ, მაღალი ტემპით განვითარებად, მეტად მოთხოვნად დარგში. თქვენ ჩაერთვებით ურთულესი პაციენტების სარეაბილიტაციო მართვაში და იზრუნებთ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ამ ოთხი წლის განმავლობაში თქვენ დიდი შრომა გასწიეთ უნივერსიტეტში სწავლისას, ეს იყო რთული და საინტერესო პროცესი. თქვენს გვერდით იყვნენ თქვენი პროფესორ-მასწავლებლები და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თქვენ მზად იყოთ პროფესიული საქმიანობითვის და წარმატებით გაართვათ თავი იმ გამოწვევებს, რომლებიც გექნებათ თქვენი პროფესიული კარიერის განმავლობაში. ჩვენ ყოველთვის მივადევნებთ თვალს თქვენს წარმატებებს და, დარწმუნებული ვარ, ვიამაყებთ თქვენი მიღწევებით“.

კურსდამთავრებულებს მიულოცეს თურქეთის სრულუფლებიანმა  და საგანგებო ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ და ელჩის მრჩეველმა განათლების სფეროში თუფან კარადენიზმა. მათ სიამაყით აღნიშნეს, რომ წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ბაკალავრი გახდა 40-ზე მეტი თურქეთის მოქალაქე. მათ წარმატებები უსურვეს კურსდამთავრებულებს. 

წელს პირველად ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა დადეს  „რეაბილიტოლოგთა ფიცი“.