ახალი აკადემიური წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

ახალი აკადემიური წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

   
   

სტუდენტებს და კოლეგებს, განსაკუთრებით კი - პირველსემესტრელებს ახალი, 2017-2018 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან პირველსემესტრელებს მოკლედ გააცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარსული და დღევანდელობა, სტუდენტებს წარუდგინა უნივერსიტეტის საპატიო სტუმრები: უცხოელი პროფესორები  ავსტრიიდან,  ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან.  სიტყვის დასასრულს რექტორმა სტუდენტებს მიმართა: „თქვენ ბრძანდებით  ჩვენი  ხვალინდელი  დღე! თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  ადმინისტრაცია  და  აკადემიური პერსონალი დღენიადაგ ზრუნავენ იმისთვის, რომ უზრუნველყონ თქვენი მომზადება ჯანდაცვის სფეროს მაღალკვალიფიციურ და კონკურენტუნარიან კადრებად, ზრუნავენ იმისთვის, რომ ყოველდღიურად გაგიუმჯობესონ აკადემიური გარემო - სწავლის და სწავლების ხარისხი, რაშიც თავად დარწმუნდებით საწავლო აუდიტორიებსა და კლინიკებში. თქვენზე ბევრია დამოკიდებული. გარდა სწავლისა, ჩაერთეთ უნივერსიტეტის აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში  კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. იარეთ ტრადიციებით მომავლისკენ, რომელშიც თქვენი  საკუთარი წვლილის შეტანა გევალებათ! წარმატებებს გისურვებთ ყველგან და ყოველთვის, ჩვენ  ერთად ყველაფერს შევძლებთ!“

სტუდენტებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მან აღნიშნა: „მინდა გავიზიარო რწმენა, რომელიც გამოთქვა ბატონმა რექტორმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინსვლასთან დაკავშირებით. ქართული სამედიცინო განათლების სტანდარტი ძალიან მაღალია და ყოველწლიურად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს. ვგულისხმობ იმ ბარიერსაც, რომელიც წელს უნდა გადაელახათ აბიტურიენტებს თსსუ-ში მოსახვედრად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ რამდენიმე მოწინავე უნივერსიტეტი და მათ შორის თსსუ ახერხებს ამ მაღალი სტანდარტის დაცვას. გილოცავთ სწავლის დაწყებას, რადგან სწავლაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. მინდა გირჩიოთ, დაისახეთ ამბიციური მიზნები! ჩვენნაირ ქვეყნებში, რომლებმაც დიდი გასაჭირი გამოიარეს, მთავარი სირთულე ისაა, რომ ხალხი მარტივ მიზნებზე ოცნებობს. თქვენ მეტი უნდა მოითხოვოთ საკუთარი მომავლისგან. თქვენ გაქვთ პრიორიტეტი რომ სამყარო შეცვალოთ. სწორედ ეს დაისახეთ მიზნად! მედიკოსები უნდა იყვნენ არა მარტო დარგის, არამედ ქვეყნის განვითარების ავანგარდში. გილოცავთ, რომ ასეთი კომპეტენტური და მოტივირებული ხალხი იზრუნებს თქვენს განვითარებაზე. მე კი საქართველოს მთავრობის სახელით მინდა დაგარწმუნოთ, რომ განათლება ზოგადად, და კონკრეტულად, უმაღლესი სამედიცინო განათლება, არის და იქნება ჩვენი პრიორიტეტი“.

საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა თბილისის მერი დავით ნარმანია. მან ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი სტანდარტების შესახებ, გამოთქვა მოლოდინი, რომ თსსუ-ის თითოეული სტუდენტი მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბდება: „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამისი ყველა პირობა არსებობს! თქვენ გვერდით იგულეთ თბილისის მერია!“

სტუდენტებს და განსაკუთრებით, პირველსემესტრელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა,  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, ვიცე–პოლკოვნიკმა  მარკ ჰარტელმა – აშშ–ის არმიის სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ვიცე–სარდალმა; უკრაინის სამედიცინო და სტომატოლოგიური აკადემიის რექტორმა; უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა პროფესორმა ვიაჩესლავ ჟდანმა; ინსბრუკის უნივერსიტეტის ტიროლის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა   ვოლფგან ბუხბერგერმა (ავსტრია); თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, კოტბუსის კარლ-თიემის კლინიკის ყელ–ყურ–ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტომას აიჰჰორნმა (გერმანია); თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტმა, პროფესორმა ჰელმუტ ჰანმა (გერმანია), მორჰაუსის სამედიცინო სკოლის მეან-გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი როლანდ მეთიუსი (აშშ),  თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსმა ექიმმა, ირმა კვიცარიძემ (ავსტრია); თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფურსტენფელდბრუკის აკადემიური ჰოსპიტალის ქირურგიული დეპარტამენტის უფროსმა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ (გერმანია); ნიუ ჯერსის  უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორმა რამაზ დათიაშვილმა (აშშ); თსსუ-ის საპატიო დოქტორმა ნინო ჭუმბურიძემ.
თსსუ-ის სტუდენტებისთვის სასწავლო წლის დაწყების მოსალოცად მობრძანდნენ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ამირან გამყრელიძე.

ტრადიციულად, პირველსემესტრელებს მიმართა თსსუ-ის უხუცესმა ლექტორმა, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ გონგაძემ. 

სტუმრების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ: დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მე–7 სემესტრის სტუდენტი დანიელა ფოსტერი (აშშ) და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მე–6 სემესტრის სტუდენტი ქრისტინა დენი  (ინდოეთი).

საზეიმო შეხვედრის დასასრულს თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი მიქაძემ სახელმძღვანელოებითა და სამედიცინო უნივერსიტეტის სიმბოლიკით გაწყობილი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ათი ყველაზე რეიტინგული პირველსემესტრელი (საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით): ერეკლე ყალიჩავა, დავით თათოშვილი, დავით ოქროპირიძე, ანანო კაკაბაძე, სოფია ფირცხალავა, ირაკლი ყაზაიშვილი, თორნიკე დავითაშვილი, მაია ხიდეშელი, გვანცა ხაჩიაშვილი და ქეთევან ფევაძე.

შესაბამისი ფაკულტეტის პირველსემესტრელებს შეხვნენ: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ასისტენტ- პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა. მათ ისაუბრეს ფაკულტეტების შესახებ, პასუხი გასცეს პირველსემესტრელთა შეკითხვებს.

საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდგომ უცხოელმა პროფესორებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრი. 

დღის დასასრულს გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლი, გოგონათა ანსამბლები -  ,,დეკა" და  ,,ვეგა", ასევე წარმოდგენილი იყო კლასიკური და  საესტრადო მუსიკალური ნომრები, ტანგოს დუეტი.