პროფესორების: მიხაელ ლენცეს, ჰელმუტ ჰანის, ფრანკ ბულინგის, ტომას აიჰჰორნის და დოქტორ მარლეს ჰოკის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორების: მიხაელ ლენცეს, ჰელმუტ ჰანის, ფრანკ ბულინგის, ტომას აიჰჰორნის და დოქტორ მარლეს ჰოკის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 19 სექტემბერს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის  „ქართულ-გერმანული ურთიერთობები, წარსულიდან მომავლისკენ“ ფარგლებში  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელმა პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები. კონფერენციის მეორე დღე გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ.  მან აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია უაღრესად მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, მით უფრო, რომ ის უკვე ტრადიციად ქცეულ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ეხება. ეს ტრადიცია 200 წელს ითვლის. ქართულ რეალობაში დღემდე ცოცხლობს ის კვალი, რომელიც გერმანელმა ექიმებმა და ფარმაცევტებმა დატოვეს. ქალბატონმა ხათუნამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 25 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოსთან  დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ლოგიკურია, რომ 2017 წელს, როგორც ქართულ-გერმანული ურთიერთოების წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიც აღნიშნავს.

„ ჩვენი ორდღიანი კონფერენცია ეძღვნება თსსუ-ის ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას გერმანიის უნივერსიტეტებთან და კლინიკებთან. საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან ეს  საშუალებას გვაძლევს, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ სწავლის პროცესსა და საუნივერსიტეტო აქტივობებში  სხვადასხვა ქვეყანაში.  ეს კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე სწევს უნივერსიტეტში სწავლების და შესაბამისად, მედიცინის დონეს საქართველოში. 

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  350-მდე უცხოელი პროფესორი ჩამობრძანდა, რომ წაეკითხათ ლექციები,  ჩაეტარებინათ მასტერკლასები, გაეწიათ უფასო კონსულტაციები  თსსუ-ის კლინიკებში. მათგან 80 პროფესორი სწორედ  გერმანელი გახლდათ. გვეამაყება და მოხარული ვართ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორის წოდება 21 გერმანელ პროფესორს მიენიჭა. ზოგიერთი მათგანი ამ კონფერენციაშიც იღებს მონაწილეობას. მადლობას მოგახსენებთ ყველას ჩამობრძანებისთვის!“, - მიმართა პროფესორმა ხათუნა თოდაძემ აუდიტორიას.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, ბონის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა, დოქტორმა მიხაელ ლენცემ (გერმანია) წაიკითხა ლექცია:„ბავშვთა ჯანდაცვის საკითხები გერმანიასა და საქართველოში, დღევანდელი და ხვალინდელი დღე“.

ასევე,  სტუდენტებმა მოისმინეს: თსსუ-ის საპატიო დოქტორის, კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტის, პროფესორ ჰელმუტ ჰანის (გერმანია)  ლექცია: „ანტიბიოტიკები დღეს – რეზისტენტობა ხვალ“; კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის მიკრობიოლოგიის სექციის ხელმძღვანელის, დოქტორ მარლეს ჰოკის (გერმანია) ლექცია:  „ინფექციური დაავადებების გაიდლაინების გამოყენებით მცირდება ერთი მხრივ ანტიბიოტიკების მოხმარების საჭიროება და მეორე მხრივ ქვეითდება ბაქტერიული რეზისტენტობა“; კოტბუსის კარლ–თიემის კლინიკის დირექტორის მოადგილის, ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ფრანკ ბულინგის (გერმანია) ლექცია:  „უცხოელი ექიმების ინტეგრაცია გერმანულ კლინიკებში, კოტბუსის მოდელი“;  თსსუ-ის საპატიო დოქტორის, კოტბუსის კარლ–თიემის კლინიკის ყელ–ყურ–ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ  ტომას აიჰჰორნის (გერმანია) ლექცია „სამედიცინო სწავლა–განათლების შესაძლებლობები საქართველოში და დასავლეთ ევროპაში, მსგავსებები და განსხვავებები“.

წაკითხულმა ლექციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია,  რაც აისახა აქტიურ დისკუსიაში.