თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის „თეთრი ხალათების ცერემონია 2017“გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის „თეთრი ხალათების ცერემონია 2017“გაიმართა

2017 წლის 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელებისთვის„თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. პირველსემესტრელებს მიულოცეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა,  დავით სერგეენკომ; ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ იან კელიმ; აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევის დეპარტამენტის ქიმიური თავდაცვის ვიცე-სარდალმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარკ ჰარტელმა, ასევე, სხვა საპატიო სტუმრებმა.

„თეთრი ხალათების“ ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: თეთრი ხალათი, როგორც წარმატებული სამედიცინო კარიერის და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლო, 2017 წელს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე ჩარიცხულ 120 პირველსემესტრელს ჩააცვეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და საპატიო სტუმრებმა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა,  დავით სერგეენკომ; ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ იან კელიმ;  ვიცე-პოლკოვნიკმა მარკ ჰარტელმა   და ღონისძიებაზე მოწვეულმა სხვა საპატიო სტუმრებმა.

პირველსემესტრელებმა მოირგეს თეთრი ხალათები, რომლებსაც თსსუ-ისა და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ემბლემები ამშვენებს.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უცხოელი სტუმრები, თსსუ-ის  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები, მათ შორის,  აშშ-დან დაბრუნებული მეოთხე სემესტრის სტუდენტები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ სპეციალურ პროგრამაში - „ზაფხული ემორიში“.

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განვითარებასა და წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდოები გადასცეს: ვიცე-პოლკოვნიკ მარკ ჰარტელს და  პროგრამის კოორდინატორს, ასოცირებულ პროფესორ ეკა ეკალაძეს. ასევე, პროგრამის განვითარებაზე გაწეული ამაგისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის ვიცე-რექტორს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს.

ღონისძიების დასასრულს, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, მისმა აღმატებულება იან კელიმ და ბატონმა დავით სერგეენკომ საზეიმო ტორტი გაჭრეს. 

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული. პროგრამის სტრუქტურა უადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ-ის სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (USMLE ) ორივე საფეხური ეტაპობრივად და კლინიკური გამოცდილება მიიღონ აშშ-ში. 2017 წელს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სამმა სტუდენტმა აღნიშნული გამოცდის პირველი საფეხური უმაღლესი ქულებით ჩააბარა.