საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2017 წლის 1 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საექიმო სპეციალობის მაძიებლებს, მოქმედ რეზიდენტებს, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ სტუდენტებს შეხვდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ვიცე-რექტორები, პროფესორები: ხათუნა თოდაძე და რიმა ბერიაშვილი; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე; კომპანია „ევექსის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე, ამავე კომპანიის დიპლომის შემდგომი მზადებისა და აკრედიტაციის განყოფილების უფროსი ეკატერინე სეფერთელაძე და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრა გახსნა და აუდიტორიას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.  მან განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოხარულია, ბატონი დავით სერგეენკოს თავის ალმა-მატერში მობრძანების გამო. რაც შეეხება შეხვედრის თემას, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ის უაღრესად მნიშვნელოვანად შეაფასა დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო  განსაკუთრებული სითბოთი მიესალმა ახალგაზრდა მსმენელებს: ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კედლებში ყოფნა. როგორც ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, ჩვენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დიდი პრაქტიკა და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. განსაკუთრებული პატივია, შევხვდე ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებმაც მძიმე, მაგრამ უაღრესად საპატიო პროფესია აირჩიეს. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მოგახსენოთ სიახლეების შესახებ.

დღეს ჩვენი შეხვედრის თემა ორი მთავარი საკითხია: ერთია დიპლომისშემდგომი განათლების გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ დავიწყეთ სამი წლის წინ იმ მაძიებლების დაფინანსება, რომელიც გარკვეულ რეგიონებში, სადაც ამისი დეფიციტი იყო, გამოთქვამდნენ საექიმო საქმიანობის სურვილს განსაზღვრული დროით. ეს იყო მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამა. ახლა შევიმუშავეთ მაძიებელთა მხარდაჭერის პროექტი: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებზე უმაღლესი შეფასების საექიმო სპეციალობის მაძიებლებს სტიპენდია მიენიჭებათ. ჯამურად დაფინანსდება არაუმეტეს 10 ადამიანისა, თითოეულზე გამოიყოფა 2200 ლარი. დაფინანსდება ის სპეციალობები, რომელიც აქტუალური და გარკვეულწილად დეფიციტურია.

მეორე საკითხი მეტ დეტალიზაციას მოითხოვს: ეს გახლავთ გამოცდების და ტესტების საკითხები. არსებული სისტემა მოქმედებს, რომ საკუთარი ცოდნის დადასტურება მიიღოს ექიმობის მაძიებელმა... როგორი სირთულისაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს გამოცდა, მერწმუნეთ, პაციენტი ბევრად რთულ გამოცდას ჩაგიტარებთ“.

შეხვედრაზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, პაატა ბუკიამ, დეტალურად ისაუბრა ყველა სიახლეზე, რაც გამოცდებსა და ტესტებს შეეხებოდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, პაატა ბუკიამ, პასუხები გასცეს შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საექიმო სპეციალობის წარჩინებული მაძიებლებისთვის სტიპენდიის დაწესება სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.