თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გასავლელად ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იმყოფება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გასავლელად ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იმყოფება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტაჟირების გასავლელად ბერლინის შარიტეს  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვალენტინ კენელი იმყოფება. 

ის სტაჟირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტში გადის.

“თბილისში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოვედი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგანაც აქ ბევრ რამეს ვსწავლობ. მომწონს ექიმებთან კონტაქტი და ყოველდღიური მუშაობის პროცესი. მაქვს კომუნიკაცია პაციენტებთან და ყურადღებით ვაკვირდები მკურნალობის პროცესს. ზოგადად, მომწონს ქართული მედიცინის განვითარების დონე, ბევრს ვსწავლობ ქართველი ექიმებისგან.

ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ვესწრები ლექციებს. ის გამოცდილება, რასაც აქ ვიღებ, ძალიან გამომადგება მომავალში. მოხარული ვარ, რომ შინაგანი მედიცინის,  კერძოდ, ნეფროლოგიის მიმართულებით მომიწია სტაჟირების გავლა, რადგანაც ვფიქრობ, რეზიდენტურაში ამ მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას. შესაბამისად, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში“, - ამბობს ვალენტინ კენელი.

როგორც თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის პროფესორმა ირმა ჭოხონელიძემ აღნიშნა, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, გაიუმჯობესოს პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები და მიიღოს კარგი გამოცდილება.

„ვალენტინ კენელი სრულყოფილად მონაწილეობს მთელ იმ პროცესებში, რასაც ვახორციელებთ სხვა სტუდენტებთან ერთად. 

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მიდგომები მისთვის საინტერესოა. ვფიქრობ, რომ ვალენტინმა ისწავლა სწრაფი ორიენტაცია პაციენტის საწოლთან, რაც გულისხმობს თეორიულ ცოდნას, პაციენტის ჩივილის შესაბამისად როგორ გაიშალოს ალგორითმი და სწრაფად მივიდეს დიაგნოზამდე. ის, ასევე, მოხიბლულია იმითაც, რომ ერთ დღეში მინიმუმ სამი სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტის გასინჯვის საშუალება აქვს და ამით დიდ გამოცდილებას იღებს“, - ამბობს პროფესორი ირმა ჭოხონელიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა #2 დეპარტამენტში ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვალენტინ კენელი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში იმყოფება.