2024 წლის 18 მარტს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა, სტომატოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა ავთანდილ ბაქრაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიაში“.
ლექცია განკუთვნილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
სტუდენტებისათვის, აკადემიური პერსონალისთვის, რეზიდენტებისთვის და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი,
პროფესორი ირაკლი ნატროშვილი; ვიცე-რექტორები, პროფესორები: ზურაბ ვადაჭკორია და სოფიო ბახტაძე; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა ყიფიანი და დეკანის მოადგილე, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, ასევე, დეპარტამენტის
ხელმძღვანელები.
ლექციის პირველ ნაწილში ავთანდილ ბაქრაძემ ისაუბრა მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, მისი გამოყენების
შესაძლებლობებსა და სარგებელზე. ამის შემდეგ, მომხსენებელმა აუდიტორიას მის მიერ შექმნილი ვებ-აპლიკაცია
„ჯეოცეფ“ წარუდგინა.
„მიხარია, რომ სტომატოლოგიაში საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის შექმნის იდეის
ავტორი და შემსრულებელი ვარ. თქვენ წინაშე საჯაროდ გამოსვლა მხოლოდ მას შემდეგ გავბედე,
რაც ვებ-აპლიკაცია „ჯეოცეფ“-ზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისგან
დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი მოვიპოვე“, - აღნიშნა ავთანდილ ბაქრაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ვებ-აპლიკაცია დიდ დახმარებას გაუწევს ექიმ-ორთოდონტებს დიაგნოსტიკაში,
მკურნალობის დაგეგმვაში, მოსალოდნელი შედეგის პროგნოზირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებაში. ასევე, გაზრდის ორთოდონტთა მოტივაციას, აითვისონ და პრაქტიკულ
საქმიანობაში ფართოდ დანერგონ პაციენტთა გამოკვლევის ისეთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი,
როგორიც ცეფალომეტრიაა.
ავთანდილ ბაქრაძის განმარტებით, ვებ-აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. დარეგისტრირების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი ექიმს რამდენიმე წამში მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას პაციენტის შესახებ მის ცეფალომეტრიულ მონაცემებზე დაყრდნობით.
ლექციის დასრულების შემდეგ, დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში მომხსენებელსა და აუდიტორიას შორის თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა .