მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული Journal Club-ის პროექტის მეხუთე საიუბილეო სეზონის მონაწილეების დაჯილდოება

მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული Journal Club-ის პროექტის მეხუთე საიუბილეო სეზონის მონაწილეების დაჯილდოება

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულმა Jurnal Club-მა წარმატებით დაასრულა ტრადიციად ქცეული პროექტის მეხუთე სეზონი. 

აღსანიშნავია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში თსსუ-ის სტუდენტებმა წარმოადგინეს ნამუშევრები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა:

“არაუჯრედული დნმ-ის სისხლის ტესტი კოლორექტული კიბოს სკრინინგისთვის“ (ანა ქარჩავა, გვანცა გვანცელაძე); 

“GestaltMatcher აადვილებს იშვიათი დაავადებების და სახის დიმორფიზმის კლინიკური დიაგნოზის დასმას“ (ანა ხმიადაშვილი, მარიამ კვანტალიანი);

“პათოგენური ვარიანტი დამფუძნებლის ეფექტით COL4A3 -ში იწვევს ალპორტის სინდრომსა და TBMN-ს: შემთხვევათა სერია“ (ელენე ოთარაშვილი, მარიამ სირბილაძე); 

“Physical Activity and Incident Obesity Across the Spectrum of Genetic Risk for Obesity“ (ირაკლი ზაქროშვილი, ანა ხმიადაშვილი);

Journal Club-ის პროექტის მეხუთე სეზონის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოხსენების ავტორები: ელენა ოთარაშვილი და მარიამ სირბილაძე.

ცნობისთვის, Journal Club-ის ფორმატი ითვალისწინებს სტუდენტებისა და ლექტორების რეგულარულ შეხვედრებს მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის, გენომიკისა და ტრანსლაციური მედიცინის კუთხით წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი სტატიების გაცნობისა და დისკუსიის მიზნით. 

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტში უკვე 30 წელზე მეტია მუდმივად ხორციელდება გენეტიკასა და გენომიკასთან დაკავშირებული სტუდენტური საგანმანათლებლო-სამეცნიერო აქტივობები.

1993 წელს თსსუ-ის ბიოლოგიის კათედრის რეორგანიზაციის შედეგად დაარსდა სამედიცინო ბიოლოგიის, გენეტიკის და ეკოლოგიის კათედრა, პირველად მოხდა ტერმინ „გენეტიკის“ ინტეგრირება დასახელებაში. კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ელენე აბზიანიძე და მისი ინიციატივითა და ძალისხმევით სასწავლო პროგრამაში შეტანილ იქნა მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის ფუნდამენტური საკითხები. აქედან დაედო სათავე საქართველოში გენომური მედიცინის განათლებას. უკვე მალევე, 1994 წელს, სტუდენტების მოტივაციის ამაღლების  მიზნით დაარსდა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება „გენეტიკა მედიცინაში“ (1994-2000), ხოლო 2001  წელს  სტუდენტთა სამეცნიერო დებატ-კლუბი „მომავალი ეკუთვნის გენეტიკას“ (მეგ, FBG - Future Belongs to Genetic). 1994 წლიდან დღემდე ჩატარდა 30-ზე მეტი კონფერენცია, ყოველწლიური შეხვედრები, საქველმოქმედო ღონისძიებები და დებატები, მნიშვნელოვნად გაღრმავდა გენეტიკური ცოდნა და სტუდენტებს შორის პროფესიული კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. ღონისძიებები ყოველთვის გამოირჩეოდა აქტუალური საკითხების განხილვით და შემოქმედებითი მიდგომით. 2006 წელს თსსუ-ში საქართველოში პირველად პროფესორ ელენე აბზიანიძის ინიციატივით დაარსდა მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი. გენომურ განათლებაში გარდამტეხი წვლილი შეიტანა ასევე პროფესორ ელენე აბზიანიძის ხელმძღვანელობით ფუნდამენტური სახელმძღვანელოს „ტომპსონი და ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში“ თარგმნამ და დანერგვამ 2008 წელს, რომლის მერვე გამოცემა ითარგმნა და გამოიცა 2016 წელს. ასევე აღსანიშნავია დნმ-ის დღესთან დაკავშირებული ესეების ყოველწლიური კონკურსის დაარსება, რომელშიც სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივრსიტეტებიდან მონაწილეობენ. ძალიან მოკლე ისტორიული ექსკურსი აჩვენებს იმ გზას, რომლის გაგრძელებაც 2019 წელს ჟურნალის კლუბის დაარსებაა. მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი სრულად ამართლებს უნივერსიტეტის დევიზს “ტრადიციებით მომავლისკენ”.