ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) 35-ე ყოველწლიური კონფერენცია ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც 9-12 სექტემბრს გაიმართება, შვედეთის ქალაქი გოთენბურგი მასპინძლობს.
კონფერენციის მიზანია უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თანამედროვე ტენდენციების გაცნობა და საერთაშორისო პარტნიორული თანამშრომლობის ქსელის გაფართოება.
უკვე შვედეთშია თსსუ-ის დელეგაცია. მიმდინარე წელს კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს წარადგენენ: ქეთევან ბიბილაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ინგა კახნიაშვილი – მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ნინო კანდელაკი – ERASMUS+ ინსტიტუციური კოორდინატორი.
თსსუ ყოველწლირად მონაწილეობს ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის კონფერენციაში. შთამბეჭდავია შარშანდელი შედეგები: 2024 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები EAIE- ის ფარგლებში შეხვდნენ 16 ქვეყნის 52 უნივერსიტეტის დელეგატს. აღნიშნული შეხვედრების შედეგად გაფორმდა 22 ახალი პარტნიორობა და განახლდა 8 შეთანხმება.
თსსუ-ს დელეგაციის წევრები წელს შედეგების გაუმჯობესებას ელოდებიან. მათ დაგეგმილი აქვთ სამუშაო შეხვედრები იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, რუმინეთისა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, მათ შორის რექტორებთან, ვიცე-რექტორებთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.