თსსუ-ის პროფესორი ლელა მასხულია UEMS-ის ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სექციისა და საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე

თსსუ-ის პროფესორი ლელა მასხულია UEMS-ის ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სექციისა და საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე

სამედიცინო სპეციალისტთა ევროპული კავშირის (UEMS) ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სექციისა და საბჭოს შემოდგომის გენერალური ასამბლეა 2025 წლის 15-17 სექტემბერს ბელგრადში (სერბეთი) ჩატარდა, სადაც საქართველო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა წარმოადგინა.

ღონისძიებაში დელეგატის სტატუსით მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ.

ასამბლეაზე განხილული იყო დარგისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც განათლების, პროფესიული პრაქტიკისა და სამეცნიერო კვლევის მიმართულებებს მოიცავდა. პროფესორი მასხულია ასევე ჩაერთო პროფესიული პრაქტიკისა და კლინიკური საკითხების კომიტეტების ვორქშოპებში, სადაც ყურადღება გამახვილდა უახლეს ტექნოლოგიებზე, ბიოინჟინერიასა და ტელერეაბილიტაციაზე, ნეიროპლასტიკურობაზე მიმართულ ინტერვენციებზე, თავის ტვინის არაინვაზიურ სტიმულაციაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და დიგიტალურ ჯანმრთელობაზე, ასევე სენსო-მოტორულ რობოტიკაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და მსოფლიო რეაბილიტაციის ალიანსის (WHA) ინიციატივებში სექციის ჩართულობასა და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ასამბლეის ფარგლებში გაიმართა თემატური შეხვედრები, რომლებიც ეხებოდა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, კლინიკურ პრაქტიკას და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. ევროპელმა კოლეგებმა თსსუ-ის პროფესორ ლელა მასხულიასთან ურთიერთობისას სურვილი გამოთქვეს და ინიციატივაც დააყენეს, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და  თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტთან ერთობლივი ვორქშოპის ჩატარების შესახებ.