თსსუ-ის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის ახალი სასწავლო კურსი

თსსუ-ის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის ახალი სასწავლო კურსი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის თანამშრომლობითა და კორეის რესპუბლიკის მხარდაჭერით, თსსუ-ში ინტერპერსონალური კომუნიკაციის ახალი სასწავლო კურსი დაინერგა.

ინტერპერსონალური კურსი უკვე ინტეგრირებულია სამედიცინო და საექთნო საბაკალავრო პროგრამებში, რომლის ფარგლებში ჯანდაცვის 2,000-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა ბავშვზე ორიენტირებული კომუნიკაციის მიმართულებით. ინიციატივის მთავარი მიზანი იყო პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალის კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება ბავშვებთან, დედებთან, საზოგადოებასა და კოლეგებთან ურთიერთობისას.

ინიციატივამ ხელი შეუწყო:

იმუნიზაციის მაჩვენებლის გაუმჯობესებას

სამედიცინო პერსონალისა და ოჯახებს შორის ნდობის და მომსახურების ხარისხსის გაზრდას

კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას

კონფერენცია გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა:

„მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს ბავშვთა ფონდს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო და უფრო გაღრმავდება და ეს ორი ინსტიტუცია შეძლებს ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას.“ 

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა კი ხაზგასმით აღნიშნა: 

„კომუნიკაცია მხოლოდ უნარი არ არის - ეს არის თანაგრძნობაზე დამყარებული, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საფუძველი. ინტერპერსონალური კომუნიკაციის სამედიცინო განათლებაში ინტეგრირებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, მომავალი თაობის ექიმები აღჭურვილნი იყვნენ არა მხოლოდ კლინიკური ცოდნით, არამედ პაციენტებთან ურთიერთობისას საჭირო უნარებით, როგორიცაა მოსმენა, ემპათიასა და პატივისცემაზე დაფუძნებული პასუხი და უკუკავშირი. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციის სწავლების ინსტიტუციონალიზაცია სამედიცინო სისტემის გაუმჯობესების საწინდარია.“

შეხვედრაზე თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გივი ჯავაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ინტერპერსონალური კომუნიკაციის ახალი სასწავლო კურსის შესახებ.

ახალი სასწავლო კურსის ფარგლებში:

შეიქმნა ინტერპერსონალური კომუნიკაციის სამი სტრუქტურირებული კურსი;

კომუნიკაცია ინტეგრირებულია ყველა კლინიკურ დისციპლინაში;

თსსუ-ს რექტორის ბრძანებით ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს კომუნიკაციისა და ძირითადი პროფესიული კომპეტენციების განსაზღვრაზე;

პროგრამა შესაბამისობაშია საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სექტორულ სტანდარტებთან.

თსსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გააზიარეს საუკეთესო გამოცდილება და იმსჯელეს სამედიცინო განათლებაში კომუნიკაციის სწავლების მომავალზე.