ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ლია გუმბარიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლეს სკოლაში — EHESP (École des Hautes Études en Santé Publique) ქალაქ რენში, საფრანგეთი.
ვიზიტის განმავლობაში ასისტენტ-პროფესორ ლია გუმბარიძეს სამუშაო შეხვედრები და პროფესიული კონსულტაციები ჰქონდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესი სკოლის აკადემიური, ადმინისტრაციული და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა და შინაარსი, სწავლების პედაგოგიური მიდგომები, სტუდენტთა აკადემიური შეფასების სისტემები, აგრეთვე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩართული სტუდენტების საერთაშორისო მობილობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული პროცედურები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის პრაქტიკას, მათი აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის მექანიზმებს, ასევე სტუდენტთა ინტეგრაციისა და ადაპტაციის პროცესის ეფექტიან მართვას.
ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა ფრანგული მხარის მზაობა და ინტერესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართ, მათ შორის სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლეს სკოლას ფრანგულ-ქართული კონსორციუმის ფარგლებში გაფორმებული აქვს ინტერინსტიტუციური ხელშეკრულება. აღნიშნული კონსორციუმი აერთიანებს 11 ფრანგულ და 12 ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და მისი მიზანია უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, აკადემიური მობილობის განვითარება და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება.
საქმიანი ვიზიტი განხორციელდა 2026 წლის 15 იანვრიდან 25 იანვრამდე.