თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, DAAD-SDG ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო საპარტნიორო პროექტის - „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ - ფარგლებში ესტუმრნენ პროექტის კოორდინატორები - ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პროფესორი ულრიხ მარტინი და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, დოქტორი გაბი ფრორიეპი.
ორ დღიანი ვიზიტის (25–26 თებერვალი) განმავლობაში პროფესორმა ულრიხ მარტინმა ჩაატარა ორი ლექცია მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებში. ლექციები მოიცავდა რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიების ტრადიციულ, თანამედროვე და სამომავლო მიდგომებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიოსამედიცინო კვლევებისთვის.
ლექციების სამიზნე აუიტორია თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ის სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც 2025 წელს გაიარეს არჩევითი კურსი „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“ და ახლა ემზადებიან 2026 წლის LISA საზაფხულო აკადემიის სტაჟირებისთვის ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში.
დაგეგმილი სტაჟირება სტუდენტებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ და პრაქტიკულად აითვისონ შესაბამისი მეთოდები, რაც მათ თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე ინდივიდუალური კვლევითი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.
ლექციებს ასევე ესწრებოდნენ თსსუ-ის იმუნოლოგიის, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები, დაინტერესებული სტუდენტები და მკვლევრები.
DAAD-SDG ფონდის საერთაშორისო პროექტი „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობით 2024 წლის იანვარიდან ხორციელდება.