თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან და რეზიდენტებთან.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო თსსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინფორმირება ბიუროში არსებული პროფესიული განვითარების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობას სტუდენტთა პროფესიული განვითარების, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისა და სამომავლო კარიერული შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით.
უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი მურვანიძემ. მან შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბიუროს დაარსების ისტორიისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზის განხორციელების სპეციფიკას.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა დაესვა მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღო ამომწურავი, პროფესიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პასუხები დარგის ექსპერტებისგან.