თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წარმატებით გაიმართა ევროპის პედიატრიული გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის ასოციაციის (European Society for Paediatric Gastroenterology Hepatology and Nutrition – ESPGHAN) აღმოსავლეთ ევროპის საზაფხულო სკოლის ფარგლებში ოთხდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება — ESPGHAN Eastern European Summer School 2026.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი პედიატრები და ბავშვთა გასტროენტეროლოგები. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექსპერტებმა ბავშვთა გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიის, ნუტრიციოლოგიისა და ენდოსკოპიის მიმართულებებით.
ღონისძიების საბჭოს წევრები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები თინათინ ტყემალაძე, თინათინ კუტუბიძე და ასისტენტ-პროფესორი მარიამ ღუღუნიშვილი, რომელიც ასევე ღონისძიების ორგანიზატორი იყო.
საზაფხულო სკოლის პროგრამა მრავალმხრივი, პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული და თანამედროვე კლინიკური გამოწვევების საპასუხოდ იყო დაგეგმილი. ოთხი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ინტერაქციულ ლექციებს, მონაწილეობა მიეღოთ კლინიკური შემთხვევების განხილვებში, მცირე ჯგუფურ სასწავლო სესიებსა და მენტორულ შეხვედრებში, რაც პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებას უწყობდა ხელს.
ლექციების თემატიკა მოიცავდა ნაწლავ-ტვინის ღერძთან დაკავშირებულ ფუნქციურ დარღვევებს, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის პრობლემებს, ცელიაკიას, ბავშვთა ზრდისა და განვითარების შეფერხებებს, ნაწლავის ქრონიკულ ანთებით დაავადებებს, ქრონიკულ მუცლის ტკივილს, ღვიძლის პათოლოგიებს, კვების მართვის თანამედროვე პრინციპებს, კვებით ალერგიასა და აუტანლობას, Helicobacter pylori-სთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბავშვთა ასაკში გავრცელებულ სხვა მნიშვნელოვან პათოლოგიებს.
საგანმანათლებლო მნიშვნელობასთან ერთად, ღონისძიებამ ხელი შეუწყო პროფესიული ქსელების გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის საქართველოში ბავშვთა გასტროენტეროლოგიის განვითარებისათვის.