თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თინათინ ტყემალაძის ვიზიტი გერმანიაში

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თინათინ ტყემალაძის ვიზიტი გერმანიაში

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა  თინათინ ტყემალაძემ ქალაქ როსტოკში (გერმანია) მონაწილეობა მიიღო ზუსტი მედიცინის სამიტზე - CentoAcademy 2026. 

ღონისძიება 2026 წლის 5-6 მაისს ჩატარდა და მისი ორგანიზატორი იყო უმსხვილესი გენეტიკური ლაბორატორია - Centogene (https://www.centogene.com). Centogene წარმოადგენს ექსკლუზიურ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს დარგის წამყვან ექსპერტებსა და ლაბორატორიის შერჩეულ მომხმარებლებს სამეცნიერო გამოცდილების, კლინიკური პრაქტიკისა და უახლესი დიაგნოსტიკური მიღწევების გასაზიარებლად.

სამიტის ფარგლებში პროფესორ თინათინ ტყემალაძეს მოხსენება ჰქონდა იშვიათი, არადიაგნოზირებული პაციენტის კლინიკურ შემთხვევაზე, რომელმაც საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა Centogene-ის სამედიცინო დირექტორთან, სადაც განიხილეს სამომავლო კვლევითი თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების განხორციელების შესაძლებლობები.

პროფესორი თინათინ ტყემალაძე ასევე შეხვდა ტიმ იურგენსის - გერმანიის KMG კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, დიეტმარ ბანშახის - KMG კლინიკის დირექტორსა და არითმოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, ასევე თსსუ-ის კურსდამავრებულ თორნიკე ჭაღალიძეს, რომელიც ამჟამად გერმანიაში საქმიანობს.

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქართველი სტუდენტებისთვის KMG კლინიკაში სტაჟირების შესაძლებლობები, ასევე როსტოკის უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობისა და მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ გერმანელი პროფესორები 2026 წლის შემოდგომაზე საქართველოში ვიზიტს გეგმავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი კოლეგებისთვის გაცნობითი შეხვედრებისა და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო ლექციების ჩატარება.