ჩესტერის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს. ეს თანამშრომლობა 2013 წლიდან დაიწყო პროექტის MEDEA საშუალებით და შემდგომ, 2015 წლიდან გაგრძელდა ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში. დასახელებული პროექტების ფარგლებში ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, რომლის საშუალებითაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ჩესტერის უნივერსიტეტში გადიან სტაჟირებას და კვალიფიკაციას იმაღლებენ.
2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩესტერის დელეგაციაც ეწვია.
24 სექტემბერს გაიმართა ჩესტერის უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ რიმა ბერიაშვილთან. ჩესტერის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ - პროფესორი ჯონ ვილიამსი, მედიცინის, სტომატოლოგიისა და სიცოცხლის მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული დეკანი, ჩესტერის სამედიცინო სკოლის ხელმძღვანელი; და ჯონათან ფრითჩარდი, ჩესტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტიის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია; თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორი ლევან ბარამიძე; საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე; რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე; სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი თინათინ კილასონია და ერაზმუს + ოფისის ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი.
შეხვედრაზე განხილული იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, დაისახა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შემუშავების და ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. ვიზიტის ბოლოს ბრიტანელმა სტუმრებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩესტერის უნივერსიტეტში მიიწვიეს, რათა ადგილზე მოხდეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხილვა და არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.