გერმანელი პროფესორი არნდტ როლფსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანელი პროფესორი არნდტ როლფსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2020 წლის  1 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია როსტოკის უნივერსიტეტის პროფესორი არნდტ როლფსი, რომელიც არის ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი გენეტიკური ლაბრატორიის „Centogene“-ის დამფუძნებელი და მთავარი სამედიცინო დირექტორი. აღსანიშნავია , რომ პროფესორი როლფსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ თინათინ ტყემალაძესთან ერთად უკვე სამი წელია ახორციელებს იშვიათი დაავადებების ბიომარკერების კლინიკური კვლევის პროექტს. 

პროფესორ არნდტ როლფსს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და ასოცირებული პროფესორები: სოფიო ბახტაძე და ირაკლი კოხრეიძე; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან რუხაძე; რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ნინა მარიამიძე.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ პროფესორ არნდტ როლფსს გააცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურა და აღნიშნა ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც განაპირობებს საქართველოში სამედიცინო განათლების უძველესი კერის ლიდერ პოზიციას არა მარტო თავისი ქვეყნის ფარგლებში, არამედ ამიერკავკასიაშიც.

პროფესორმა არნდტ როლფსმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და თსსუ-ს შესთავაზა  ერთობლივი სამეცნიერო პროექტი: გენომური კვლევითი ცენტრის დაარსება, რაც უაღრესად დიდი მნიშვნელობის ფაქტი იქნება როგორც თსსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ისე სტუდენტებისთვის სწავლების თვალსაზრისით და გლობალურად, ქვეყნის მასშტაბით.