თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი საქმიანი ვიზიტით ექს-მარსელის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი საქმიანი ვიზიტით ექს-მარსელის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი, ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის მიმართულების ფარმაკოგნოზიის  დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ლაშა მსხილაძე, 2019 წლის 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, პროფესორ სანდრინ ალიბერტ-ის (Professeur Sandrine Alibert) ოფიციალური მიწვევით, მივლინებული გახლდათ საფრანგეთში. ის იმყოფებოდა ქ. მარსელში, ექს-მარსელის უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული სამაგისტრო პროგრამის გაცნობის დღეზე - „ფარმაცევტული მეცნიერებების ჩართვა ქსელში  - წამლის დიზაინი და ფარმაკოკინეტიკა“.

ვიზიტის დროს, ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე შეხვდა ექს-მარსელის უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ფრანსუა დიგნატ-გეორგს (Professeur Françoise Dignat-George), ვიცე-დეკანს სამეცნიერო დარგში, პროფესორ ჟან-პოლ ბორგ-ს (Professeur Jean-Paul Borg), სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს. მათ გააცნო თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამები და სამეცნიერო-კვლევის საქმიანობის სფეროები. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიზნების, სამეცნიერო საქმიანობის და სტრატეგიული განვითარების გეგმების შესახებ. 

ექს-მარსელის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და სამეცნიერო ჯგუფებთან გამართული დისკუსიის შემდეგ, გამოითქვა სურვილი ერთობლივი ჩართულობის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამების განხორციელებაში, უნივერსიტეტებს შორის სტუდენტების გაცვლითი პროგრამების დაგეგმვაში. იყო საუბარი, ასევე, საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში ერთობლივ მონაწილეობასთან დაკავშირებით  და სხვა.