თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022/2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022/2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო

19 სექტემბერი განსაკუთრებული დღე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.  დაიწყო ახალი სასწავლო წელი!

ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირველსემესტრელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის  წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა  პროფესორებმა.   

წელსაც, როგორც აქამდე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, უნივერსიტეტში ყველაზე მოტივირებული და მაღალი შედეგის მქონე სტუდენტები ირიცხებიან. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სტუდენტებს, განსაკუთრებით კი პირველსემესტრელებს  მიულოცა სწავლის დაწყება და აღნიშნა, რომ ტრადიციულად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სკოლაა საქართველოში, სადაც მხოლოდ უმაღლესი შეფასების მქონე, აკრედიტებული ერთსაფეხურიანი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ხორციელდება.  

,,ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის მიღწევა, რომელიც მოიპოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მოქმედმა აკრედიტაციის საბჭომ, სამედიცინო  განათლების  მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების და პროცედურების მიხედვით, 2021 წლის ივნისში, ყველა სტანდარტში უმაღლესი შეფასებით საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ოთხივე საგანმანათლებლო პროგრამას: დიპლომირებული მედიკოსის ქართულ, ინგლისურ, რუსულენოვან  პროგრამებს და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას.  

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო  განათლების  მსოფლიო ფედერაციის (WFME) და  უცხოეთში მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის (ECFMG - Educational Commission For Foreign Medical Graduates - ეს ამერიკული ორგანიზაციაა) ერთობლივი  გადაწყვეტილებით,  2024 წლიდან, ევროატლანტიკურ სივრცეში  აღიარებული იქნება დიპლომირებული მედიკოსის მხოლოდ ის პროგრამები, რომელთაც ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაცია“,  - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

აღნიშნული წარმატება უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს საშუალებას აძლევს მაღალპროფესიულ, კონკურენტუნარიან კადრად ჩამოყალიბდეს და არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწიოს წარმატებას. 

,,გავა წლები და თქვენ სახელოვანი ექიმები, სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ჯანდაცვის ორგანიზატორები, რეაბილიტოლოგები, ექთნები გახდებით და როცა თქვენს  სახელებს და გვარებს გავიგებ, ვიამაყებ, რომ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდით, მე კი მქონდა პატივი, თქვენი რექტორი ვყოფილიყავი.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ  და  წარმატებებს გისურვებთ ყველგან და ყოველთვის!‘’, - ამ  ფრაზით დაასრულა თავისი სიტყვა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს: საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა (ვიდეომიმართვით); საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილემ, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა; თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ გონგაძემ;  თსსუ-ის  საპატიო დოქტორმა, სტომატოლოგიური კლინიკა სტუდია „აპოლონიას“ კლინიკურმა ხელმძღვანელმა, საერთაშორისო სტომატოლოგიური კოლეგიის ევროპის სექციის  მე-15 დეპარტამენტის რეგენტმა  სერგეი რადლინსკიმ (უკრაინა); ემორის უნივერსიტეტის  მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილემ,  მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, გორდონ ჩერჩვორდმა (აშშ);  ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის  ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა  მერი ჯო ლეკოვიჩმა (აშშ); კილის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯუნ კილინგმა (დიდი ბრიტანეთი). 

საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის  უფროსი ნინო წერეთელი; ქალაქ თბილისის მერიის „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ დირექტორი, თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორი  კახა აბულაძე; სტომატოლოგიური კლინიკა სტუდია „აპოლონიას“ სასწავლო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი ვერა რადლინსკა; კილის  უნივერსიტეტის პროფესორები: აივან მაქგლენი და ტომ შეფერდი;  ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი არჩილ უნდილაშვილი.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ლადო გაბეჩავამ, საგანგებოდ ამ დღისთვის მოწყობილ სცენაზე მიიწვია 10 ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი, რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. მათ შორის ყველაზე მაღალი ქულების მქონე - ნიკა კახნიაშვილს კი განსაკუთრებული საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გადასცა.

განსაკუთრებით ემოციური იყო თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მომზადებული სიურპრიზი - მისალოცი ვიდეორგოლი, რომლითაც ნიკა კახნიაშვილს მიღწეული წარმატება  მასწავლებელმა და ოჯახის წევრებმა მიულოცეს.

ღონისძიების დასასრულს აჟღერდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიმნი.

საზეიმო ღონისძიების შემდეგ, პირველსემესტრელებს შესაბამისი მიმართულებების უცხოელ პროფესორებთან ერთად შეხვდნენ: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან რუხაძე; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნანა ყიფიანი; ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ციმაკურიძე; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა. 

დღის დასასრულს გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერის და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლი. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კლასიკური და  საესტრადო მუსიკალური ნომრები.