თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა პირველსემესტრელებთან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა პირველსემესტრელებთან

2019 წლის 15 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა პირველი სემესტრის სტუდენტებს. შეხვედრის მიზანი იყო პირველსემესტრელთა შთაბეჭდილებების, შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენა და რექტორთან უშუალო, გულახდილი საუბრის შესაძლებლობა, ასევე, სტუდენტების ინფორმირება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესში დანერგილი სიახლეების, სხვა მიმდინარე ცვლილებების, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მიესალმა სტუდენტებს  და  აღნიშნა:  “საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი დიდი ოჯახის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წევრები გახდით. ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ამ დაწესებულებასაც სჭირდება თქვენგან ზრუნვა - ეს გამოიხატება იმაში, რომ თქვენც უნდა ეცადოთ, ყველა ხინჯი გამოსწორდეს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ხვალ უკეთესი გახდეს, ვიდრე დღესაა. მინდა მოვისმინო თქვენგან, რა შთაბეჭდილებები მიიღეთ, რის გამოსწორებას ისურვებდით, რა მიგაჩნიათ პრობლემად და გპირდებით, არცერთი წინადადება არ დარჩება შესწავლის და რეაგირების გარეშე”.

სტუდენტებმა ისაუბრეს ზოგიერთი საგნის სწავლების შესახებ, გამოხატეს სურვილი, რომ სამედიცინო ქიმიაში, ახალ სასწავლო გეგმასთან ერთად, საუკეთესო იქნებოდა ახალი სახელმძღვანელო, ასევე, მეტი პრეპარატები და თვალსაჩინოებები, მაგალითად, ანატომიის შესწავლისას.

სტუდენტების შენიშვნებსა და წინადადებებში დასმულ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, პასუხის გაცემა და საკითხში გარკვევა ადგილზევე იყო შესაძლებელი. პირველსემესტრელებს უპასუხეს: თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ; მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა; სასწავლო პროცესების მართვის, შეფასების და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ...

სტუდენტთა მიერ დასმული საკითხების შემდგომი შესწავლა დაევალა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, პროფესორ ირინა კვაჭაძეს.

თსსუ-ის რექტორმა ისაუბრა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ახლახან, კანონმდებლობის შეცვლის საფუძველზე, გაჩნდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კერძოდ,  სტუდენტებს საშუალება ექნებათ ანატომიურ თეატრში იმუშაონ გვამურ  მასალაზე, რისი საშუალებაც, უკვე წლებია,  საკანონმდებლო  შეზღუდვის  გამო, არ ჰქონიათ.

პირველსემესტრელებმა შეხვედრაზე მოისმინეს სამი პრეზენტაცია: ერაზმუს +-ის კოორდინატორმა, ნინო კანდელაკმა, განიხილა ის ყველა შესაძლებლობა, რომელიც სტუდენტებს ეძლევათ უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებში ცოდნის გასაღრმავებლად; კანცლერის მოადგილე,  ალექსანდრე ბუაჩიძე  აუდიტორიას ესაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების  შესახებ. თსსუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ხახუტაშვილმა  ისაუბრა არსებული შესაძლებლობების და მიმდინარე პროექტების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს, მათ აღნიშნეს, რომ ამ მცირერიცხვოვანი პრობლემების გვერდით არსებობს ძალიან ბევრი დადებითი, წარმატებული გადაწყვეტილება და მართლაც ყველა პირობაა შექმნილი პროფესიული ცოდნის მიღებისთვის. 

პირველსემესტრელებს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ თსსუ-ის ადმინისტრაცია  მზადაა მოუსმინოს მათ და მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, ასევე, გაითვალისწინოს მათი  აზრი  და  რეაგირება  მოახდინოს  შენიშვნებზე.