თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ქ. ბარსელონაში საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ქ. ბარსელონაში საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა.


2019 წლის 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ქ. ბარსელონაში (ესპანეთი), ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ESMO 2019 გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს.

კონფერენციაზე დელეგატის სტატუსით მიწვეული გახლდათ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის  მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი კოხრეიძე.

დელეგატების წინაშე განსახილველად წარდგენილ იქნა კანცეროგენეზის, დიაგნოსტიკის მოლეკულური მეთოდების და მკურნალობის უახლესი სტანდარტების შესახებ თანამედროვე შეხედულებები.

პრეზენტაციები და მოხსენებები მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში და გამოირჩეოდა აუდიტორიის აქტიური ჩართულობით. კონფერენციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიმსივნეთა იმუნოთერაპიის შესაძლებლობებს, სიმსივნეთა მოლეკულურ ჰეტეროგენობისა და სამკურნალწამლო საშუალებათა მიმართ რეზისტენტობის პრობლემატიკას, მიზნობრივი (თარგეტული) თერაპიის პოტენციალს. 

„პოსტერული ნაწილი მდიდარი იყო ცალკეული შემთხვევების აღწერით, განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ ონკოლოგიურ დაავადებათა პერსონალიზებული მიდგომით მკურნალობასთან დაკავშირებით დისკუსიის მოსმენა, რაც მაღალი სარწმუნობის რანდომიზებულ კვლევათა შედეგებზე დაყრდნობით მოსაზრებათა გაზიარებით, ონკოჰემატოლოგიასა და სოლიდურ სიმსივნეთა ონკოლოგიაში, პრინციპულად ახლებურ ხედვას გულისხმობს". - აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ.

მისივე აზრით, კონფერენციის მასშტაბისა და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე,  კვლავაც უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოებასთან, რათა ამ ფორუმებზე მიღებული რეკომენდაციები კლინიკური რუტინის ნაწილი გახდეს, ხოლო თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში მათი იმპლემენტაციით,მნიშვნელოვანი წვლილი იქნეს შეტანილი  პაციენტების მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ახალი სამედიცინო განათლებისა და ცოდნის ამაღლებაში.