თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის ზვიად კირტავას ვიზიტი ბარსელონაში

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის ზვიად კირტავას ვიზიტი ბარსელონაში

შინაგანი მედიცინის #3 და გერიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა 2018 წლის  10-11 ოქტომბერს,  COST პროგრამის CA16207 პროექტის - PUI ანუ “ინტერნეტის პრობლემური გამოყენება“ - ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში  იმყოფებოდა. 

10 ოქტომბერს ასოცირებული პროფესორი ბარსელონას უნივერსიტეტის ბელვიჯის ჰოსპიტალში დაესწრო პროექტის ღია კონფერენციას - „Wi-Fi-ის ანკესზე“. კონფერენციაზე ადგილობრივმა ფსიქიატრმა სუზანა ხიმენეს-მურსმა განიხილა  ინტერნეტდამოკიდებულების და მისი წარმატებით განკურნების მაგალითი.  საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს საინტერესო ლექციები: პროფ. მარკ პოტენცამ  (იელის უნივერსიტეტი, კონექტიკუტის შტატი) წაიკითხა ლექცია სახელწოდებით – „შეიძლება იყოთ ინტერნეტ-დამოკიდებული? ნეირობიოლოგიური მოდელები და მექანიზმები“,  პროფ. ჯონ გრანტიმ  (ჩიკაგოს უნივერსიტეტი) ლექცია -  „ინტერნეტის მავნე გამოყენების მკურნალობა - რა შეიძლება გამოდგეს?“.  პრეზენტაციებში განხილულ იქნა ინტერნეტდამოკიდებულების პათოფიზიოლოგიის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და არსებული პრობლემები. მოწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 გადახედვაში (ICD-11) გეგმავს  „თამაშზე დამოკიდებული დარღვევების“ (gaming disorders / gambling disorders - ლუდომანიის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების) სპეციალურ ჯგუფად შეტანას, რისთვისაც ექსპერტების ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს.

11 ოქტომბერს ბარსელონას უნივერსიტეტში  ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, სადაც განხილული იქნა 4 სამუშაო ჯგუფის პროგრესი. ასოცირებულმა პროფესორმა ზვიად კირტავამ გააკეთა მოხსენება - „ახალი სამთავრობო ღონისძიებები ინტერნეტის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბავშვთა დასაცავად - საქართველოს გამოცდილება“, სადაც ამ მხრივ საქართველოში არსებულ პრობლემებზე და პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საქმეთა კომიტეტის ახალ საკანონმდებლო ღონისძიებაზე ისაუბრა. 

"სამუშაო შეხვედრები საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მენეჯმენტის კომიტეტის სესიაზე გადაწყდა, რომ მოხდება ინტერნეტის პრობლემური გამოყენების ტერმინოლოგიის დაზუსტების, მედიაში არსებული ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის, ასევე - სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო სივრცეში არსებული მდგომარეობის კვლევა რაშიც ჩვენი მხარეც აქტიურად ჩაერთვება" - აღნიშნავს  ასოცირებული  პროფესორი, ზვიად კირტავა.