თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ERASMUS+ ის ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობის საფუძველზე, 2022 წლის 15 აპრილიდან 9 ივლისის ჩათვლით თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი მარიამ ნერსეზაშვილი სადოქტორო პროგრამის „ქოლგოსანთა ოჯახის საქართველოში მოზარდი ზოგიერთი სახეობის ფიტოქიმია და ბიოლოგიური აქტივობა“ კვლევითი კომპონენტის განხორციელების მიზნით იმყოფებოდა ლუბლინის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტში.
აღნიშნული პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის პროფესორი დალი ბერაშვილი და ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ბუნებრივი ნედლეულის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კრისტინა სკალიცკა– ვოზნიაკი.
აღსანიშნავია, რომ მარიამ ნერსეზაშვილი ამავე პროგრამის ფარგლებში 2021 წელსაც იმყოფებოდა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში.
მარიამ ნერსეზაშვილის შეფასებით, ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირებისას მან უფრო მეტად გაიღრმავა და წარმატებით გამოიყენა ის ცოდნა და გამოცდილება რაც წინა მივლინების დროს შეიძინა. ქართველმა დოქტორანტმა გააგრძელა საკვლევი ობიექტების ფიტოქიმიური და ბიოლოგიური კვლევა. გამოყოფილი ნივთერებებიდან უკვე იდენტიფიცირებულია ფუროკუმარინი, ოროსელონის ორი სავარაუდო იზომერი. LCHRMS/MS ქრომატოგრამის მიხედვით ერთ-ერთი ნივთიერება იდენტიფიცირებულია როგორც ულოპტეროლი ან მერაზინ ჰიდრატი, რომელიც მეტი სიზუსტისთვის საჭიროებს დამატებით ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას.
მარიამ ნერსეზაშვილის განცხადებით, კვლევისას აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი ნივთიერება, სავარაუდოთ - ჰექსადეკანამიდი.
,,აღსანიშნავია, რომ გვარი სესელის სახეობებიდან ჰექსადეკანამიდის იზოლირების/იდენტიფიცირების თაობაზე მონაცემებს ამ დრომდე ვერ მივაკვლიე. შესაბამისად, ამ ნივთიერების აღმოჩენა ჩვენს საკვლევ ობიექტში შესაძლებელია წარმოადგენდეს სიახლეს. თითოეული საკვლევი ობიექტის მეთანოლიანი ექსტრაქტი შემოწმდა დერმატოფიტებზე. ანალიზისთვის შერჩეული იქნა Trichopton rubrum და Trichopton mentagrophyte, რომლებიც წარმოადგენენ დერმატოფიტოზის გამომწვევ დომინანტ შტამებს. მიღებული შედეგები საკმაოდ იმედის მომცემია და გვაძლევს მოტივაციას ბიოლოგიური კვლევების ამ მიმართულებით გასაგრძელებლად“ - აღნიშნა მარიამ ნერსეზაშვილმა.
პოლონეთში ყოფნისას, პროფესორ კრისტინა-სკალიცკა ვოზნიაკის გადაწყვეტილებით, მარიამმა მონაწილეობა მიიღო ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის კოლაბორაციულ სამეცნიერო პროექტებში, რომელიც განხორციელდა პრეტორიისა და ქაიროს უნივერსიტეტებთან ერთად. პოლონური მხარის გადაწყვეტილებით ქართველმა დოქტორანტმა 1 - 2 აგვისტოს დაგეგმილ საერთაშორიშო კონფერენციაზე „Counter Current Conference 2022“ უნდა წარადგინოს პოსტერული მოხსენება - „LIQUID-LIQUID CHROMATOGRAPHY SEPARATION OF BIOACTIVE COMPOUNDS FROM SESELI FOLIOSUM (SOMMIER&LEVIER) MANDEN“.