თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის იუბილე აღნიშნეს

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის იუბილე აღნიშნეს

   
   

გამოჩენილი მეცნიერი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, მეცნიერების შესანიშნავი ორგანიზატორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი,  მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწე ეთერ ქემერტელიძე 70  წელია  დაუღალავად შრომობს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. მას 2016წლის 23 მარტს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. ეს თარიღი უკვე აღნიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, მიმდინარე წლის  5 მაისს კი  - მშობლიურმა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა.

ამ დღეს თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში საგანგებოდ იყო გაშლილი წითელი ხალიჩა, რომ ღვაწლმოსილ მეცნიერს ღირსეულად დახვედროდნენ. აქ შეიკრიბნენ ქალბატონი ეთერის თანამშრომლები და მოწაფეები, მის სამეცნიერო შრომებზე აღზრდილი ახალგაზრდები, სტუდენტები. აუდიტორიას სიტყვით მიმართა თსსუ-ის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გორგასლიძემ. მან აღნიშნა ქალბატონი ეთერის ღვაწლი და დამსწრე საზოგადოებას გააცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის გადაწყვეტილება: დაარსდა ეთერ ქემერტელიძის სახელობის სამკერდე ნიშანი და სერტიფიკატი, რომელიც პერიოდულად გადაეცემა ღირსეულ კანდიდატს, ასევე შეირჩევა სტუდენტი, რომელსაც აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის სახელობის სტიპენდია დაენიშნება. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ინიციატივით, ჩამოისხა ეთერ ქემერტელიძის სახელობის ღვინო. თავად ქალბატონ ეთერს კი საჩუქრად გადაეცა ოქროს სამკერდე ნიშანი დაუღალავი შრომისათვის ფარმაკოლოგიაში, წმინდა ქეთევანის შემკული ხატი და მისივე სახელობის ღვინო.

აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს იუბილე მიულოცეს: თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელმა მერი ალანიამ, აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ვლადიმერ მახარაძემ, თსსუ-ის პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ქალბატონი ეთერ ქემერტელიძის აღზრდილმა ალიკო სხირტლაძემ, მაგისტრანტმა თამუნა კვარაცხელიამ და სხვა სტუმრებმა.

ღვაწლმოსილმა მეცნიერმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას დიდი დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ეს სიყვარული და პატივისცემა ყველა საჩუქარზე უფრო ძვირფასია.

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ქართულ მეცნიერებასა და გამოჩენილ მეცნიერებს კვლავაც სათანადო პატივს მიაგებს.