2024 წლის 4 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ლაბორანტის, ნინო ჯანყარაშვილის ხელმძღვანელობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რიზე, თურქეთი) საზაფხულო კლინიკურ სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ.
სტუდენტების ჯგუფმა სტაჟირება გაიარა გინეკოლოგიის, კარდიოლოგიის და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებებში. ისინი ესწრებოდნენ კონსულტაციებს, გამოკვლევებს, ქირურგიულ ოპერაციებს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს და კლინიკის პროფესორებთან ერთად განიხილავდნენ კლინიკურ შემთხვევებს.
გარდა ამისა, სტუდენტები გაეცნენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციის ცენტრს, სადაც მათ პრაქტიკული მიმართულებითაც მიიღეს გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯუნეთ არდიჩმა მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
კლინიკური სტაჟირების დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორისგან, პროფესორ იუსუფ ილმაზისგან, ამავე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორისგან, პროფესორ ნები გუმუშისგან და კლინიკის ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალისგან დადებითი შეფასება მიიღეს.
თსსუ-ის სტუდენტებს საზაფხულო კლინიკური სტაჟირების წარმატებულად დასრულების შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა რეჯეფფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის დეპარტამენტს საჩუქრად ქართულენოვანი წიგნები გადასცეს.