თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის Journal Club-ის პროექტი

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის Journal Club-ის პროექტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტმა, მიმდინარე სემესტრში, დიპლომამდელი სამედიცინო განათლების სტუდენტებისთვის ,,Journal Club“-ის პროექტის განხორციელება დაიწყო. 

აქტივობის ფარგლებში ხდება სტუდენტებისა და ლექტორების რეგულარული შეხვედრა და მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის, გენომიკისა და ტრანსლაციური მედიცინის (From Bench to Bedside and Beyond) კუთხით მოწინავე სამეცნიერო თუ კლინიკურ ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი სტატიების გაცნობა და დისკუსია. „Journal Club”-ი სტუდენტებს საშუალებას აძლევს განავითარონ სტატიის კითხვის, გააზრების და მისი კრიტიკული შეფასების უნარ-ჩვევები. სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში წარადგენენ სტატიებს, რის შემდეგაც იწყება ცოცხალი დისკუსია. მომხსენებლები, ლექტორები და სტუდენტები თემის ირგვლივ სვამენ შეკითხვებს, აფასებენ მოპოვებულ ინფორმაციას, გამოთქვამენ კრიტიკულ მოსაზრებებს, შენიშვნებს და ა.შ.

პროექტის დაწყებიდან დღემდე მედიცინის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტებმა წარადგინეს სტატიები, უახლესი მონაცემებით, ისეთ აქტუალური თემებზე როგორიცაა: ბიომარკერები (ანა ხმიადაშვილი, ილონა ვოსკანიანი), CRISPR/CAS9 გენომის რედაქტირების სისტემა და მისი კლინიკური გამოყენება (ანზორ კვირიკაშვილი, ნიკოლოზ კვირიკაძე), სიმსივნის მოცირკულირე დნმ-ის როლი მკურნალობაზე პასუხში (გიგი გორგაძე, ნინა რამიშვილი), COVID-19-ის სიმძიმის განმსაზღვრელი გენეტიკური ვარიანტები (ცისანა უგულავა, ნიკა ტოგონიძე) და ა.შ.

აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს მედიკოსი სტუდენტების დამოუკიდებელ, ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილ, კვალიფიციურ ექიმებად თუ მეცნიერებად ჩამოყალიბებას. 

პროექტს კოორდინირებას უწევენ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის პროფესორი თინათინ ტყემალაძე და მოწვეული მასწავლებელი კახა ბრეგვაძე.