2023 წლის 8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
თსსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა, აკადემიურმა დოქტორმა სტომატოლოგიაში, დოქტორმა ოთარ ვადაჭკორიამ, რომელიც ცხოვრობს და კლინიკურ საქმიანობას
გერმანიაში, მიუნჰენში ეწევა, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა
2 საჯარო ლექცია
თემაზე: „დენტალური იმპლანტაციის საფუძვლები (საბაზისო ცოდნა), ანატომია და კლინიკური
მიდგომები“ (I და II ნაწილი).
ლექციას, გარდა სტუდენტებისა, ესწრებოდნენ რეზიდენტები, ექიმები და თსსუ-ის
აკადემიური პერსონალი.
„მინდოდა, სტუდენტებისთვის გამეცნო
დარგის უახლესი მიღწევები, ამ მიმართულებით გერმანიაში დანერგილი მკურნალობის მეთოდები
და გამეზიარებინა საკუთარი გამოცდილება. ვფიქრობ, ლექციამ
წარმატებით ჩაიარა, ვინაიდან
ინტერესი მაღალი იყო
და ეს მახარებს,
სტუდენტებმა ძალიან საინტერესო
შეკითხვები დასვეს.
გულწრფელად
გეტყვით, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორების
უკვე ტრადიციად ქცეული მსგავსი აქტივობა, რაც ჩვენი ხედვებისა და გამოცდილების მომავალი
ექიმებისთვის გაცნობასა და გაზიარებას გულისხმობს, ორმხრივი სარგებლის მომტანია. ერთი
მხრივ, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მედიცინის სხვადასხვა დარგში დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის
უახლეს მეთოდებსა და ამ პროცესში გამოყენებულ
თანამედროვე საშუალებებს გაეცნონ. მეორე მხრივ კი, მერწმუნეთ, ეს ჩვენთვისაც
უდიდესი სტიმული და მუდმივად „ფორმაში ყოფნის“
პირობაცაა. აკადემიურ პროცესში ჩართულობა ნებისმიერ, თუნდაც მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების
მქონე ექიმის, დარგის უახლესი მიღწევების ცოდნასა
და მათ ღრმა ანალიზს ავალდებულებს.
ბედნიერი ვარ, რომ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორად ვარ
არჩეული და მაქვს პატივი, ყველა დაინტერესებულ პირს ჩემი ხედვები და
გამოცდილება გავუზიარო”, - განაცხადა პროფესორმა
ოთარ ვადაჭკორიამ.
ღონისძიებამ
დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზედაც მოწმობდა შეხვედრის ბოლოს დასმული შეკითხვების
საჯარო ლექციისთვის უჩვეულოდ დიდი რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დოქტორმა ოთარ ვადაჭკორიამ ლექციათა ციკლი ენდოდონტიაში 2022 წლის 30 აპრილს, 7 და 14 მაისს ონლაინ რეჟიმში ჩაატარა, ხოლო იმავე წლის წლის 28 ოქტომბერს უკვე თსსუ-ის საკონფერენციო დარბაზში წაიკითხა 2 ლექცია თემაზე: „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ორთოპედიულ სტომატოლოგიაში: დაავადებათა მართვის კონცეფცია, კლინიკური შემთხვევების განხილვა და ანალიზი“ (I და II ნაწილი).