გერმანიის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანიის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 
   

2017 წლის 24-27 ნოემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გერმანიის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი ექიმი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი გიორგი გრიგოლია; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ვაილჰაიმის კლინიკის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რაინჰოლდ ლანგი;   მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ფრიც შპელსბერგი; მიუნხენის  ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ლანდსჰუტის კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, პროფესორი  გეორგიოს მაიმარაკისი; მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრივატ-დოცენტი ფლორიან  ვაისი; ასევე ვაილჰაიმის და შონგაუს საუნივერსიტეტო კლინიკების გენერალური მენეჯერი, ბატონი თომას ლიპმანი და ვაილჰაიმის და შონგაუს მხარის გამგებელი, ქალბატონი ანდრეა იოხნერ-ვაისი.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა პროფესორებმა  თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის ჩაატარეს ლექციები და სონოგრაფიისა და კერვის პრაქტიკული ტრენინგ-კურსები (Hands on), რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის საპატიო დოქტორის გიორგი გრიგოლიას ინიციატივით და ხელშეწყობით, პროფესორები: რაინჰოლდ ლანგი, გეორგიოს მაიმარაკისი, ფლორიან ვაისი და ფრიც შპელსბერგი 2013  წლიდან ორგანიზებას უწევენ თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტების სტაჟირებას გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკებში (სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან უფასო საცხოვრებლით, კვებითა და სტიპენდიით). პროექტი ორმხრივ თანამშრომლობაზეა აგებული.  სტაჟირება   სტუდენტებს თეორიული სწავლების ინტენსიურ კურსის გავლისა და სხვადასხვა დისციპლინაში დამოუკიდებლად მუშაობის და პრაქტიკული საქმიანობის შესაძლებლობას აძლევს. საყურადღებოა, რომ ყოველწლიურად იზრდება  სტაჟირებაში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა. გერმანელი პროფესორები აღნიშნავენ, რომ ამისი საფუძველი თსსუ-ის სტუდენტთა მომზადების მაღალი დონე, დისციპლინა და მოტივაციაა. ტრადიციულად, მათ, ამ ვიზიტის ფარგლებშიც, შეარჩიეს გერმანული ენის მცოდნე სტუდენტები გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირების გასავლელად.  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესორებს: რაინჰოლდ ლანგს, გეორგიოს მაიმარაკისს, ფრიც შპელსბერგს  და პრივატ-დოცენტ ფლორიან ვაისს თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. ამ წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამაგიდე მოწმობები უკვე 27 ნოემბერს, თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან ვიზიტისას გადაეცათ.

27 ნოემბერს თსსუ-ის რექტორთან გერმანიის დელეგაციის მიღებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები: პროფესორები: ხათუნა თოდაძე და რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი,    ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირინა კაპეტივაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსი თამარ სტეფანიშვილი.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს უნივერსიტეტთან წლების მანძილზე თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. გერმანელმა სტუმრებმა განსაკუთრებული მადლიერებით ისაუბრეს ქართულ მასპინძლობაზე და მადლობის ნიშნად სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე მხარეებმა დასახეს  სამომავლო თანამშრომლობის გეგმები: სტუდენტების და რეზიდენტების სტაჟირების, ერთობლივი სადოქტორო თემების,  სონოგრაფიის, ენდოსკოპიისა და ლაპარასკოპიული ქირურგიის ტრენინგ-კურსების შექმნაზე, ასევე ისაუბრეს ტელემედიცინის სერვისების და გერმანულ-ქართული ,,ტუმორ ბორდების" თანამშრომლობის საკითხებზე.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მათ  კიდევ მეტ პასუხისმგებლობას აგრძნობინებს და მაქსიმალურად ეცდებიან სამომავლო ერთობლივი გეგმების მაღალ დონეზე განხორციელებას.

 ,,Pulsi TV" ჩვენს შესახებ