საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა თსსუ-ის სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული, მაღალტექნოლოგიური სასწავლო აპარატურით და სხვა სამედიცინო სიმულატორებითაა აღჭურვილი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამასაც გაეცნო, რომლის მიზანია სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუდენტებისთვის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემა.
მინისტრმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან, თსსუ-ის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრაზე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და სამომავლო გეგმები განიხილა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პროფესორ-მასწავლებლების მაღალკვალიფიციური ცოდნა და გამოცდილება განაპირობებს ჯანდაცვის სისტემის წარმატებას.
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ბოლოდროინდელი რეფორმებისა და განვითარებისთვის იმსახურებს უზარმაზარ პატივისცემას. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები არიან მართლაც სანიმუშოები, ყველაზე ძლიერი შემადგენლობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც შეუძლიათ მომავალი თაობისთვის დიდი გამოცდილებისა და ცოდნის გადაცემა. სწორედ მათზეა დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემის წარმატება“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის განვითარებისთვის.