საერთაშორისო ვებ-კონფერენცია თემაზე _ კოვიდ19 პანდემიის გამოწვევების დაძლევა სპორტში, რეაბილიტაციასა და განათლებაში

საერთაშორისო ვებ-კონფერენცია თემაზე _ კოვიდ19 პანდემიის გამოწვევების დაძლევა სპორტში, რეაბილიტაციასა და განათლებაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, 2020 წლის 10-11 ივნისს ჩატარდა საერთაშორისო ვებ-კონფერენცია თემაზე: „კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევების დაძლევა სპორტში, რეაბილიტაციასა და განათლებაში“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 8 ქვეყნის (საქართველო, გერმანია, ესტონეთი, ლიეტუვა, რუმინეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, რუსეთი) 60-მდე წარმომადგენელი და 6 უნივერსიტეტი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი, რუმინეთის მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტი, ლიეტუვას ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, მოლდოვის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ვებ-კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი წარმომადგენლობითი ფორუმის მნიშვნელობას, კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული პრობლემების სხვადასხვა მიმართულებით დაძლევის თვალსაზრისით. რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტზეც, კოლეგებს ამცნო, რომ 1930 წლის 10 ივნისი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაარსების დღე და ამის შემდგომ იწყება საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო მეცნიერების განვითარების ახალი ეტაპი. მან წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს, რის შემდგომ თსსუ-ის მხრიდან პრეზენტაციით წარსდგნენ თსსუ-ის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკის დირექტორი, ბატონი ვალერი ახალკაცი და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია.

ვებ-კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსიები, სადაც გაზიარებული იქნა სხვადასხვა ქვეყნებისა და უნივერსიტეტების გამოცდილება სპორტული აქტივობების განახლების თვალსაზრისით კოვიდ-19 პანდემიის ფონზე, განხილულ იქნა ახალგაზრდა სპორტსმენებში აკრძალული პრეპარატების გამოყენების აქტუალური პრობლემები და დისტანციური სწავლების პროცესში თანამედროვე მეთოდების გამოყენება. როგორც ორგანიზაციული და ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე შინაარსის აქტუალობის მიხედვით კონფერენცია შეფასდა წარმატებულად,რაზეც მოწმობს უამრავი გამოხმაურება, რომელიც მიიღო საორგანიზაციო ჯგუფმა.