სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის, შიდა მობილობის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების წესი

წინამდებარე წესი შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის N10/ნ ბრძანების, მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული„საჯარო სამართლის იურიდიული  პირის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ და თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 11 იანვრის #23/1 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესის“ შესაბამისად და არეგულირებს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან თსსუ–ში სტუდენტთა გადმოსვლის, უნივერსიტეტის ფარგლებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა გადასვლის,აგრეთვე, თსსუ-ში საგანმანათლებლო პროგრამებთან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების პრინციპებს; უცხოეთში სწავლის პერიოდში დაგროვებული კრედიტების აღიარების პრინციპებს, პირობებს და პროცედურებს.
მუხლი1. მობილობა
1.საქართველოს კანონმდებლობით და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სტუდენტი უფლებამოსილია სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში (მობილობა) და მის ფარგლებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან -სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე (შიდა მობილობა). სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
2. თსსუ წლის განმავლობაში ორჯერ (შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დაწყების წინ) ახორციელებს სტუდენტთა მობილობას და შიდა მობილობას.
3. თსსუ–ში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირიგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში-მართვის სისტემა). (09.03.20 N24/12).
4. მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის დაწესებულების სტუდენტი. მობილობის უფლება აქვს ასევე იმ პირს, რომელსაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის სტატუსი.
5.მობილობის მსურველი უფლებამოსილია დადგენილ ვადებში განცხადებით მიმართოს უნივერსიტეტს ჩარიცხვის თაობაზე. განცხადებას თან ერთვის საგანმანათლებლო დოკუმენტის, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, განცხადებები, თსსუ–ის რექტორის შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ დოკუმენტებთან (ასლებთან) ერთად განსახილველად გადაეცემა შესაბამის ფაკულტეტს. მობილობის მსურველი, რომელიც დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით თსსუ-ს ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს აღნიშნულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანამანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. დაუშვებელია მობილობის წესით იმ სტუდენტის ჩარიცხვა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტატუსი შეუწყდა:
ა) ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ (3) კრედიტის მიუღებლობის
გამო;
ბ) დისციპლინური ქცევის მოთხოვნების უხეში ან სისტემატური დარღვევის ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის/პირობების დარღვევისათვის, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში.
გ) „ა“ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ერთსაფეხურიანი პროგრამების (მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტები) იმ სტატუსშეწყვეტილ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ ისარგებლონ მობილობის უფლებით საბაკალავრო პროგრამებზე – ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე.
7. გადმოყვანის წესით ჩარიცხვის წინაპირობაა მობილობის პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები და/ან წერილობითი ტესტური შეფასების სარეიტინგო ქულა ან გასაუბრების შედეგი.
8. სტუდენტს დაძლეული უნდა ჰქონდეს მიმღებ ფაკულტეტზე ჩარიცხვის წელს თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგამოცდო საგანში.
9. მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, ფაკულტეტის საბჭოს
გადაწყვეტილების საფუძველზე.
10. მობილობის მსურველ პირთა საბუთების შესწავლისა და სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნივერსიტეტში შექმნილია სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დამდგენი კომისია.
11. თსსუ უფლებამოსილია, ერთსაფეხურიან, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის განსაზღვროს წინაპირობები, რაც გულისხმობს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენას. ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.
12.აღიარება ფორმდება მიმღები უნივერსიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.
13. უნივერსიტეტი ცენტრს წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელიც სათანადო პროცედურის შემდგომ გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ, უნივერსიტეტში სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის პროცესი სრულდება თსსუ-ის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
მუხლი 2. შიდა მობილობა
1. სწავლების მეორე წლიდან შიდა მობილობის შემთხვევაში სტუდენტს სწავლების მიღებული უნდა ჰქონდეს 45 კრედიტი მაინც, ხოლო მომდევნო წლებში შიდა მობილობის შემთხვევაში სწავლების ბოლო სემესტრში, მას მიღებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 20 კრედიტისა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტს მობილობის ან შიდა მობილობის დროს აღიარებული აქვს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული კრედიტები და ბოლო სემესტრის სასწავლო გეგმით არ იყო შესაძლებელი 20 კრედიტის მოპოვება). აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამიდან გადამსვლელ სტუდენტებზე. ამასთან, სტუდენტს დაძლეული უნდა ჰქონდეს მიმღებ ფაკულტეტზე (პროგრამაზე) ჩარიცხვის წელს თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგამოცდო საგანში. (09.03.20 N24/12).
11. სწავლების მეორე წლიდან მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამიდან შიდა მობილობის შემთხვევაში სტუდენტს მიღებული უნდა ჰქონდეს 45 კრედიტი მაინც, ხოლო მომდევნო წლებში, შიდა მობილობის შემთხვევაში, სწავლების ბოლო სემესტრში მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმით განსაზღვრული კრედიტების არანაკლებ ერთი მესამედისა. (09.03.20 N24/12).
2. ამ წესიდან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. დაუშვებელია სტატუსშეწყვეტილი სტუდენტის შიდა მობილობა.
3. სხვა ფაკულტეტზე (პროგრამაზე) სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი მობილობისათვის დადგენილ ვადებში მიმართავს თსსუ–ის რექტორს. მიმღები ფაკულტეტი, თსსუ–ში დადგენილი წესით, ადგენს (სასწავლო ბარათის, სილაბუსების განხილვის საფუძველზე) სტუდენტის მიერ განვლილი პროგრამისა (მიღებული კრედიტების) და სტუდენტისათვის სასურველი პროგრამის თავსებადობისა და შესაბამისობის დასკვნას, რის საფუძველზეც განისაზღვრება სასურველ პროგრამაზე სწავლის ეტაპი;მიმღები ფაკულტეტის საბჭო ეცნობა მობილობის მსურველი სტუდენტის აკადემიურ მონაცემებსა დადასკვნას; აღიარება ფორმდება სტუდენტის თანხმობის საფუძველზე, უნივერსიტეტის უფლებამოსილი ორგანოს (ფაკულტეტის საბჭო) მოტივირებული გადაწყვეტილებით, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე თსსუ-ის რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამის შემდგომ, შესაბამისი ცვლილება აისახება უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
4. შიდა მობილობის თაობაზე რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ დაუშვებელია სტუდენტთა განცხადებების მიღება შიდა მობილობის გაუქმების ან მიმღები ფაკულტეტის შეცვლის მოთხოვნით.
მუხლი 3. სწავლის პერიოდში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების პრინციპები და
პროცედურები
1..უნივერსიტეტის მიერ აღიარებას ექვემდებარება საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზეც ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისას ან უცხოეთში მიღებული განათლების დროს დაგროვილი კრედიტები ან მიღებული განათლების დამადასტურებელი შედეგები.
2. კრედიტების აღიარება ეფუძნება სტუდენტის მიერ წარმოდგენილი სწავლის შედეგების შესაბამისობისდადგენას უნივერსიტეტის იმ საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმთან, რომლის მისაღწევად ხორციელდება მობილობა. მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს კურსის მოცულობისა და შეფასების შესაბამისობა კრედიტების ტრანსფერის და დაგროვების ევროპულ სისტემასთან.
3. თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის მიზნები, მოცულობა, დასახელება და კრედიტების რაოდენობა ემთხვევა თსსუ–ში მოქმედი სასწავლო კურსის დასახელებასა და კრედიტების რაოდენობას, მაშინ ამ სასწავლო კურსის აღიარება ხდება ავტომატურად. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის კრედიტები აღემატება/ან ნაკლებია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კურიკულუმზე, მაშინ კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია სტუდენტის მიერ გავლილ საგანს (სტუდენტის ინტერესების გათვალისწინებით) მიენიჭოს უნივერსიტეტის კურიკულუმით გათვალისწინებული კრედიტი (თუ შესწავლილი საგნის სწავლის შედეგები იძლევა ამის შესაძლებლობას, სახელწოდებებში არსებული შესაძლო სხვაობის მიუხედავად).
4. გაცვლით პროგრამაში მონაწილე ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების მქონე სტუდენტი განცხადებით მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს, უცხოეთში სწავლის პერიოდში მის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების,დაგროვებული კრედიტების აღიარების შესახებ. სტუდენტის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს უცხოეთში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (სასწავლოპროცესში/გავლილ პრაქტიკაზე დახარჯული საათების რაოდენობა, ECTS კრედიტები და მიღებული შეფასება)და მათი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი.
5. თუ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნია სასწავლო კურსებისათვის კრედიტების მინიჭების სისტემა, მაშინ სტუდენტმა უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი, სასწავლო ბარათი), სადაც მითითებული იქნება მოდულის მოცულობა, საკონტაქტო საათები, შეფასების სისტემა და გაწერილი
პროცედურები.
6. თუ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტის სრულ სემესტრულ მომსახურებას და სტუდენტი მისგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ აბარებს დასკვნით გამოცდებს, მაშინ სტუდენტი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც მითითებული იქნება მის მიერ გავლილი სასწავლო კურსების მოცულობა და შუალედური შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). უცხოეთში მიღებული შეფასების კომპონენტის აღიარების შემდეგ შუალედურ/დასკვნით შეფასებას სტუდენტი იღებს შესაბამის ფაკულტეტზე ინდივიდუალური წესით, აღნიშნულ კურსთან თავსებად საგანში.
მუხლი 4.დასკვნითი დებულებები
წინამდებარე წესი ძალაშია დამტკიცებისთანავე.