დამტკიცებულია: თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
                                                                                            2024 წლის 07 მარტის    23/6 დადგენილებით 

                                                            

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
კლინიკებთან  ურთიერთობის  დეპარტამენტის
დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
 
2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებთან ურთიერთობის დეპარტამენტი შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) სტრუქტურულ ერთეულს.

3. დეპარტამენტი  თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თსსუ-ს წესდებითა და შინაგანაწესით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით და ამ დებულებით. 

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებითა და მართვის ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით. 

2. დეპარტამენტის  ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განხორციელება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად; 

ბ) სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების და მემორანდუმების მომზადება, ცალკეულ დაწესებულებასთან სახელშეკრულებო პირობების განხილვა;

გ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების და ხელშეკრულებების   შესრულების მონიტორინგი;

დ) შესაბამის სპეციალობებში სასწავლო კლინიკური ბაზების წინასწარი შეფასება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა,  უნივერსიტეტის კლინიკებში და კლინიკურ ბაზებზე საუნივერსიტეტო, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების შემდგომი სრულყოფის ხელშეწყობა;

ე) პროფესიონალ  კლინიცისტების გამოცდილების ურთიერთგაზიარების და   უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზებსა და უცხოეთის ქვეყნების წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებთან ურთიერთთანამშრომლობის დამყარება;  

ვ) უნივერსიტეტის კლინიკების და სახელშეკრულებო კლინიკურ ბაზებზე განთავსებული კლინიკური დეპარტამენტების სამკურნალო საქმიანობის კოორდინაცია, აკადემიური პერსონალის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანდაცვის ღონისძიებებში და სამედიცინო განათლების უწყვეტობის ხელშეწყობა.

ზ) ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო კლინიკების (სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული ხასიათის) ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობას.

თ) ადგილობრივ და უცხოეთის ქვეყნების წამყვან კლინიკებში უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტების და დოქტორანტების კლინიკური პრაქტიკა-სტაჟირების ხელშეწყობა.

ი) უნივერისტეტის კლინიკებში ხარისხის მართვის, ინფექციის კონტროლის, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური რეჟიმის დაცვის მიმართ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან წაყენებული მოთხოვნების უზრუნველყოფის მონიტორინგი;

კ) უნივერსიტეტის კლინიკების ხელმძღვანელობის დროული და ადეკვატური ინფორმირება სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე;

ლ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

მუხლი 3.  დეპარტამენტის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

1. ამ დებულების და საშტატო ნუსხის შესაბამისად დეპარტამენტში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) მთავარი სპეციალისტი; 

დ) გარემოსდაცვითი მმართველი;

2. დეპარტამენტის ხელმძღვნელს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. 

3. დეპარტამენტის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს  მოადგილე.

4. დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

ა) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს  თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ახდენს დოკუმენტების ვიზირებას;

ე) პასუხისმგებელია  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და კლინიკური მიმართულებით ვიცე-რექტორის  წინაშე;

ვ) წარუდგენს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;

ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შინაგანაწესის დაცვას, პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს წინადადებას  თანამშრომელთა დანიშვნის, დათხოვნის, წახალისებისა და  პასუხისმგებლობის საკითხებზე;

ი) შუამდგომლობს  იმ სახსრების, მოწყობილობების და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის კლინიკებისა და კლინიკური ბაზების ხელმძღვანელებისაგან ითხოვს მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ  ინფორმაციას.;

ლ) პასუხს აგებს დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე;
მ) ახორციელებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

5. დეპარტამენტის თანამშრომლებსა და გარემოსდაცვით მმართველს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.

6. დეპარტამენტის თანამშრომლები და გარემოსდაცვითი მმართველი ანგარიშვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე;

7. დეპარტამენტის თანამშრომლები და გარემოსდაცვითი მმართველი უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 4. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები  

1. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო;

2. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების მიღებისთვის დადგენილი წესით.