დამტკიცებულია
თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2024 წლის 22 მაისის
N 23/10 დადგენილებით 

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დებულება

მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე დებულება წარმოადგენს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის              სამეცნიერო/კვლევითი, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ძირითადი მიმართულებების   მომწესრიგებელ   შიდა ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

მუხლი 2. საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და სტატუსი
1. ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი (შემდგომში-,,ინსტიტუტი”) არის სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსსუ”) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული.
2.  ინსტიტუტი,  თსსუ-ის  სახელით,  თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში,  ახორციელებს
სამეცნიერო-კვლევით,  საგანმანათლებლო,  ეკონომიკურ,  საკონსულტაციო,  საექსპერტო
და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ  სხვა საქმიანობას.
3.    ინსტიტუტი,   თავის    საქმიანობაში,    ხელმძღვანელობს     „უმაღლესი  განათლების
შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებებით,  შეთანხმებებით,  თსსუ-ის  წესდებითა  და წინამდებარე დებულებით.
4.  ინსტიტუტის სრული სახელწოდებაა:
ა) ქართულ ენაზე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი;
ბ) ინგლისურ ენაზე - Vladimer Bakhutashvili Institute of Medical Biotechnology   of Tbilisi
State Medical University;
5. ინსტიტუტს აქვს საკუთარი ლოგო, ბეჭედი, ბლანკი (სატიტულო ფურცელი).
6. ინსტიტუტს გააჩნია თსსუ-ის მიერ გახსნილი საბანკო ქვეანგარიშები და საგრანტო ანგარიშები.
7.   ინსტიტუტის   იურიდიული   მისამართია:   საქართველო,      ქალაქი   თბილისი,      ა.
ბელიაშვილის ქუჩა N 76;  საფოსტო ინდექსი 0159.
8. ინსტიტუტის ოფიციალური ვებგვერდია: www.imb.tsmu.edu,   ელექტრონული ფოსტის
მისამართია  -  -   imb@tsmu.edu.
9. ინსტიტუტის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც არ  არის  განსაზღვრული  ამ  დებულებით,  რეგულირდება  საქართველოს კანონმდებლობითა და თსსუ- ის სხვა სამართლებრივი აქტებით. 

მუხლი 3. ინსტიტუტის საქმიანობის პრინციპები
1.ინსტიტუტის  საქმიანობის  პრინციპებია:
ა)კვლევის, სწავლისა და სწავლებისა  აკადემიური თავისუფლება;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტური მუშაობა  და განვითარება;
გ) დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მათ შორის აკადემიური, რელიგიური კუთვნილების
ან/და  შეხედულების,  ეთნიკური,  სქესის,  სოციალური  წარმოშობის,  პოლიტიკური    და სხვა ნიშნით;
დ) სამართლიანობა, გამჭვირვალობა, საჯაროობა და სიტყვის თავისუფლება;
ე) აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების დაცვა;
2. ინსტიტუტის   სამართლებრივი აქტებით არ შეიძლება დადგინდეს  ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

მუხლი 4. ინსტიტუტის   მიზნები და ღირებულებებები
1.  ინსტიტუტის  მიზანია:  ბიოსამედიცინო  და  ჯანდაცვის  სფეროს  გაუმჯობესება  და ქვეყნის   განვითარებაში   წვლილის   შეტანა   ახალი   სამკურნალწამლო   საშუალებების შექმნის, დაავადებების ადრეული სადიაგნოსტიკო/თერაპიული მარკერების გამოვლენის, მულტიდისციპლინური კვლევების ჩატარების, ბიომედიცინის დარგში არსებული თანამედროვე მიღწევების გაცნობისა და კვალიფიციური კადრების მომზადების საშუალებით.
2.ინსტიტუტის      საქმიანობა,      განხორციელებული      ქმედებები      და      მიღებული
გადაწყვეტილებები ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:
ა) აკადემიური თავისუფლება;
ბ) სრულყოფილებისკენ სწრაფვა; გ)აკადემიური კეთილსინდისიერება; დ)სოციალური პასუხისმგებლობა;
ე) სამართლიანობა;
ვ) საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
ზ) პატრიოტიზმი.

მუხლი 5. ინსტიტუტის ფუნქციები და საქმიანობის სფერო
1. ინსტიტუტის ფუნქციაა   ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის კვლევების საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობისა და გამოყენებითი მიმართულების სამუშაოების წარმოება.
2. ინსტიტუტს უფლება აქვს:
ა)         განახორციელოს    ფუნდამენტური    და    გამოყენებითი    სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ)            საქართველოს      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;
გ)    თსსუ-ის    წესდებით    დადგენილი    წესით    ორგანიზება    გაუწიოს    სამეცნიერო
კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;
დ)   მონაწილეობა   მიიღოს   საერთაშორისო   სამეცნიერო   ღონისძიებებში   წინამდებარე დებულებით ან/და თსსუ-ის წესდებით დადგენილი წესით;
ე)     თსსუ-ის     მიერ     განსაზღვრული     წესით     მონაწილეობა     მიიღოს     უმაღლესი
საგანმანათლებლო     პროგრამების     მომზადებასა     და     განხორციელებაში,     აგრეთვე 
სტუდენტთა   მიერ   საბაკალავრო   და   სამაგისტრო   ნაშრომების   და   დისერტაციების შესრულებაში;
ვ) თსსუ-ის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;
ზ)აუცილებლობის   შემთხვევაში,   დროებით   (არაუმეტეს   6   თვის   ვადით)   მოიწვიოს მეცნიერი ან სპეციალისტი კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.
3. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის სფეროებია:
ა)  სამედიცინო  და     ბიოლოგიური  პროფილის  კადრების  უწყვეტი  განათლებისა  და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება და ხელშეწყობა;
ბ)   სამეცნიერო–კვლევითი,   საგანმანათლებლო,   საკონსულტაციო,   ეკონომიკური   და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
გ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
დ)  სამეცნიერო პერსონალის  წახალისება;
ე)  მაგისტრების,  დოქტორანტების  და     პროფესიული     კადრების  (ფარმაცევტულ  და მონათესავე დარგებში) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა;
ზ)    მესამე    მისიის    ფარგლებში    სხვადასხვა    პროექტში    ჩართვა    ან/და    დაგეგმვა-
განხორციელება.

მუხლი 6. ინსტიტუტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები
1.ინსტიტუტის მართვის ორგანოებია   ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ინსტიტუტის დირექტორი.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობასა და მის განვითარებას წარმართავს სამეცნიერო საბჭო.
3.  ინსტიტუტის საქმიანობას  ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.
4. ინსტიტუტის  საფინანსო–ეკონომიკურ   მართვას         ახორციელებს         ოპერაციული დირექტორი.
5. ინსტიტუტს  აქვს თავისი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომელსაც დირექტორისა
და ოპერაციული დირექტორის  წარდგინებით ამტკიცებს თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო.
6. სამეცნიერო   სტრუქტურული       ერთეულების       საქმიანობის   წესი   განისაზღვრება ინსტიტუტის  სამეცნიერო საბჭოს მიერ, რომელიც მტკიცდება დირექტორის ბრძანებით.
7.   არასამეცნიერო   სტრუქტურული   ერთეულების   საქმიანობის   წესი   განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 7. ინსტიტუტის პერსონალი
1.ინსტიტუტის   პერსონალი   შედგება   სამეცნიერო,   ადმინისტრაციული   და   დამხმარე პერსონალისაგან.
2.ინსტიტუტის        სამეცნიერო       პერსონალს       მიეკუთვნებიან       მეცნიერები       და პოსტდოქტორანტები;
ა)  მეცნიერები  არიან  შემდეგი  სამეცნიერო  თანამდებობების  მქონე  პირები:  მთავარი
მეცნიერი     თანამშრომელი,     უფროსი     მეცნიერი     თანამშრომელი     და     მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭო  თსსუ-ის  აკადემიური  საბჭოს  მიერ  განსაზღვრული წესით; 
3. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
4.ინსტიტუტის  ადმინისტრაციული  პერსონალს  მიეკუთვნებიან  ინსტიტუტის დირექტორი, ოპერაციული დირექტორი. ოპერაციულ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს თსსუ-ის რექტორი, კანცლერის წარდგინებით.
5. ინსტიტუტის დამხმარე    პერსონალს მიეკუთვნება   ინსტიტუტის საშტატო  განრიგით გათვალისწინებული   დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისათვის   და ინსტიტუტის  მართვისათვის აუცილებელი სხვა პირები.
6.ინსტიტუტის       პერსონალის      უფლება-მოვალეობები      რეგულირდება      მოქმედი
კანონმდებლობით, თსსუ-ის წესდებით, წინამდებარე დებულებით, ინსტიტუტის შინაგანაწესით და ინდივიდუალური  შრომითი ხელშეკრულებებით.

მუხლი 8. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის კონკურსის ჩატარებისა და თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1.სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2.კონკურსის      ჩატარების      თარიღი      და      პირობები      ქვეყნდება      საქართველოს
კანონმდებლობითა        და    წინამდებარე    დებულებით    გათვალისწინებული    წესით,
შესაბამისი საბუთების მიღებამდე  1 თვით ადრე.
3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს თსსუ-ის და ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდებზე და სხვა თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
4.  სამეცნიერო  პერსონალის  შესარჩევი     კონკურსის  შედეგებს     ამტკიცებს     თსსუ-ის
აკადემიური საბჭო.
5. კონკურსში გამარჯვებულ სამეცნიერო პერსონალსა და ინსტიტუტს შორის   ფორმდება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები.
6.    სამეცნიერო    თანამდებობის    დასაკავებლად    აუცილებელია    შემდეგი    პირობის
დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს   დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხი.   პირი   უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის:
გ. ა) თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელსაც აქვს შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების განვითარების უნარი .
გ. ბ) თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც უვადოდ აირჩა, 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას;
დ)  პოსტდოქტორანტად   თსსუ-ის   აკადემიური  საბჭოს  მიერ   განსაზღვრული  წესით
შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
8. სამეცნიერო თანამდებობის კონკურსის წესით დასაკავებლად დამატებით პირობებს შეიმუშავებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს თსსუ-ის აკადემიურ  საბჭოს,  რომელიც  აღნიშნულ  წესსა  და  დამატებით  პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს. 
9. კონკურსში გამარჯვებულ სამეცნიერო პერსონალთან დირექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს.
10.სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;
ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
ვ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა;
ზ) გარდაცვალება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
11. აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსების საკითხი განისაზღვრება თსსუ-ის წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

მუხლი 9. მეცნიერის უფლებები  და ვალდებულებები
1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ინსტიტუტის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
2. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად     განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები,   გარდა იმ შემთხვევისა როდესაც კვლევა შეეხება სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები
და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;
დ)   სამეცნიერო-კვლევითი   საქმიანობის   განხორციელებასთან   ერთად   მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;
ე) განახორციელოს საექსპერტო მომსახურება;
ვ)   განახორციელოს   საქართველოს   საკანონმდებლო   და   კანონქვემდებარე   აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. მეცნიერი ვალდებულია:
ა) შეასრულოს   საქართველოს   კანონმდებლობითა   და   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-
კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

მუხლი 10. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარებისა და თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსით ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი;
2.სამეცნიერო საბჭო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას და ამტკიცებს მისი საქმიანობის წესს. 
3.კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა  და  ამ  დებულებით  დადგენილი  წესით,  საბუთების  მიღებამდე  1 თვით  ადრე.
4.განცხადება   კონკურსის   გამოცხადების   შესახებ   უნდა   განთავსდეს   თსსუ-ის   და
ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდებზე და სხვა თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
5.განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების
თარიღი  და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
6. კონკურსში გამარჯვებულ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან დირექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს.
10.ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს   პირი,   რომელიც   აკმაყოფილებს   მთავარი   მეცნიერი   თანამშრომლისთვის   ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
11.  თუ  პირს  არ  უკავია  ინსტიტუტის  მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის  ან  უფროსი
მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის   ხელმძღვანელის   თანამდებობაზე   არჩევის   შემთხვევაში,   იგი   ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

მუხლი 11.  ინსტიტუტის დამხმარე პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1.ინსტიტუტის დამხმარე პერსონალს, მათ შორის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს,   თანამდებობაზე ნიშნავს   და ათავისუფლებს ოპერაციული დირექტორი.
2.დამხმარე პერსონალთან, ასევე არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან ოპერაციული დირექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს.

მუხლი 12. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
1. ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო:
ა)  განიხილავს  და  წყვეტს     ინსტიტუტის  სამეცნიერო  მართვისა  და  განვითარების
საკითხებს;
ბ)      უმაღლესი      საგანმანათლებლო      პროგრამის      განხორციელების      შემთხვევაში,
მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის   მონიტორინგის პროცესში;
გ) ასრულებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას
წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.

მუხლი 13. სამეცნიერო საბჭოს და მის წევრთა უფლებამოსილება
1. სამეცნიერო საბჭოს და მისი          წევრების         უფლებამოსილება     წარმოიშობა,      ამ დებულებით  დადგენილი  წესით, სამეცნიერო საბჭოს პირველ სხდომაზე.
2.სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა (სრული შემადგენლობის) ნახევარი მაინც. 
3. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია:
ა)განიხილოს და განსაზღვროს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები  და  უზრუნველეყოს  ამ  მიმართულებათა  განხორციელების მონიტორინგი;
ბ) მოისმინოს და განიხილოს ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგები/ანგარიშები, პრობლემური სამეცნიერო საკითხები, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებები;
გ) განიხილოს ოპერაციული დირექტორის მიერ მომზადებული  ინფრასტრუქტურასა და
კვლევასთან დაკავშირებული ბიუჯეტის პროექტი     და წარუდგინოს თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;
დ)   მოამზადოს   და   თსსუ-ის      აკადემიურ   საბჭოს      განსახილველად   წარუდგინოს
ინსტიტუტის წლიური სამეცნიერო ანგარიში;
ე)განიხილოს სხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო   და საწარმოო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები;
ვ)აირჩიოს თსსუ-ის აკადემიურ საბჭოში ერთი წარმომადგენელი, რომელიც უნდა იყოს
მთავარი ან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო წარმომადგენლობით საბჭოში - ორი წარმომადგენელი მეცნიერ-თანამშრომელთა შემადგენლობიდან თსსუ-ის დადგენილი წესით;
ზ)  განიხილოს  და  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  ინსტიტუტის  დირექტორს ინსტიტუტის წლიური სამეცნიერო-კვლევითი გეგმა;
თ) თსსუ-ის აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით იღებას გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე;  უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
ი) შეიმუშავოს ინსტიტუტის დებულების ცვლილებების პროექტი;
4.  სამეცნიერო  საბჭო  სიითი  შემადგენლობის  უმრავლესობით  ამტკიცებს  სამეცნიერო
საბჭოს  თავმჯდომარის  მიერ  წარდგენილ  სამეცნიერო  საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანდიდატურის არ არჩევის შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს დასამტკიცებლად ახალ კანდიდატურას.
5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
6. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭო   უფლებამოსილია   მიიღოს   გადაწყვეტილება   საკითხის   ფარული   კენჭისყრით მიღების თაობაზე.
7. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა)სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით,  თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი  სისტემატურად არ  ესწრება სამეცნიერო  საბჭოს  სხდომებს;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა;
დ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 14.  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1.სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 
2.სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც ირჩევს სამეცნიერო საბჭო მისი შემადგენლობიდან, ხმათა უმრავლესობით, უნდა     ჰქონდეს დოქტორის   აკადემიური ხარისხი. იგი აირჩევა ხუთი წლის ვადით.
3.სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას და
მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4.ერთი და იგივე  პირი  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეული იქნას ზედიზედ ორზე მეტი ვადით.
5.სამეცნიერო     საბჭოს           თავმჯდომარეს     შეიძლება     ვადაზე     ადრე     შეუწყდეს
უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ)   სამეცნიერო   საბჭოს   სრული   შემადგენლობის   უმრავლესობის   გადაწყვეტილებით
დირექტორის წარდგინების საფუძველზე, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს  მიერ მხარდაჭერად         ცნობისას;
ე) ინსტიტუტის სამეცნიერო  თანამდებობიდან განთავისუფლებისას;
ვ) გარდაცვალებისას;
ზ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 15. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი და უფლებამოსილება
1.ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი   65 წელს   არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
2. ერთმა და იმავე პირმა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება დაიკავოს მხოლოდ ორჯერ.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დირექტორის კანდიდატურისთვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად, საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
4. პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც გააჩნია:
ა) ბიოლოგიის ან მედიცინის სფეროში დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ბიოლოგიის და/ან მედიცინის სფეროში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის არანაკლებ
6 წლის გამოცდილება;
გ)  განსაკუთრებული  სამეცნიერო  მიღწევები,  რომელიც  აკმაყოფილებს  თსსუ-ის წესდებით განსაზღვრულ პირობებს;
დ)   ბიოლოგიის   ან   მედიცინის   სფეროში   ხელმძღვანელ   თანამდებობაზე   მუშაობის
არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
ე)სამოქმედო გეგმა, რომელსაც არჩევნებამდე აფასებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
5. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს ინსტიტუტის და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდებზე და ინსტიტუტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 
6.   განცხადებაში   აღინიშნება   კონკურსანტების   რეგისტრაციის     დაწყების      თარიღი,
განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
7. ინსტიტუტის   დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპით შეარჩევს ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭო და  დასამტკიცებლად  წარუდგენს  თსსუ-ს  აკადემიურ საბჭოს.
8. დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებაზე თსსუ-ის აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე თსსუ-ს აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს თსსუ-ის რექტორი, თსსუ-ის წესდებით განსაზღვრული წესით. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დირექტორის ახალი კანდიდატურა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება      თსსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.
9. დირექტორის უფლებამოსილება:
ა) ახორციელებს ინსტიტუტის   სამეცნიერო  - კვლევით საქმიანობის ხელმძღვანელობას;
ბ)  ახორციელებს     მეცნიერების  განვითარების     და     სხვა  საინოვაციო  საქმიანობის
ყოველმხრივ ხელშეწყობას;
გ) ხელს უწყობს  ინსტიტუტის ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას;
დ) გამოდის ინსტიტუტის სახელით საქართველოს და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ე) თსსუ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, კომპეტენციის  ფარგლებში ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებებთან  ბაკალავრების,  მაგისტრანტების, დოქტორანტების, პროფესიული პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;
ვ)  ხელს უწყობს მეცნიერ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ზ)  უფლებამოსილია  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  მეცნიერ  თანამშრომელთა
მიმართ   ოპერაციულ   დირექტორთან   შეთანხმებით       გამოიყენოს   წახალისების   და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები;
თ)  თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში  გამოსცემს  ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
ი)ახორციელებს       საქართველოს       კანონმდებლობით       გათვალისწინებულ       სხვა უფლებამოსილებებს.
10. დირექტორის        უფლებამოსილება,  შეიძლება  შეწყდეს  შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ)  ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტიდან;
გ)  მის  მიმართ  სასამართლოს  მიერ  გამოტანილი  გამამტყუნებელი  განაჩენის  ძალაში
შესვლისას;
დ)სასამართლოს        მიერ    მხარდაჭერის მიმღებად        ცნობისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 16. ოპერაციული დირექტორის უფლებამოსილება
1.   ინსტიტუტის   ფინანსური,   მატერიალური   და   დამხმარე   პერსონალის   მართვას ახორციელებს  ოპერაციული  დირექტორი.
2.ოპერაციულ  დირექტორს  თანამდებობაზე  ნიშნავს  და  ათავისუფლებს  თსსუ  -  ის
რექტორი, კანცლერის წარდგინებით. 
3.ოპერაციული დირექტორის საქმიანობის მიზანია ინსტიტუტის მენეჯმენტისა და ფინანსური კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა და გამართულად ფუნქციობის უზრუნველყოფა, ინსტიტუტის ბიუჯეტში აღწერილი ფინანსური რესურსების ადექვატური გადანაწილება, სტრატეგიული და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული  საქმიანობის  ჯეროვნად  შესრულებაზე  კონტროლის განხორციელება.
4.ოპერაციული დირექტორი:
ა) ადგენს   ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის (მათ შორის სახელფასო
ფონდის) პროექტს დირექტორთან შეთანხმებით, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს;
ბ)   თანამდებობებზე   ნიშნავს   და   ათავისუფლებს   ინსტიტუტის   საშტატო   განრიგით
გათვალისწინებულ დამხმარე პერსონალს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;
გ)   უფლებამოსილია   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   დამხმარე   პერსონალის მიმართ  გამოიყენოს  წახალისებისა  და  დისციპლინური  პასუხისმგებლობის ღონისძიებები;
დ) თსსუ-ის წარმომადგენლობით  საბჭოს წარუდგენს    დასამტკიცებლად  ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ე) ინსტიტუტის სახელით    დებს წარმოებული პროდუქციის და მომსახურების გასხვისების შესახებ   ხელშეკრულებებს;
ვ) დებულების შესაბამისად,  კომპეტენციის ფარგლებში, განკარგავს ფინანსურ სახსრებს, ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის სარგებლობაში გადაცემულ ქონებასა და ფულადი სახსრების   ხარჯვაზე;
ზ)  თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში  გამოსცემს  ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
თ) აცნობს    სამეცნიერო საბჭოს    ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის გეგმას და ატარებს ღონისძიებებს მის განსახორციელებლად და უზრუნველყოფს ავტორთა წახალისებას;
ი)    ამტკიცებს    ინსტიტუტის    შინაგანაწესს    დირექტორთან    შეთანხმებით,    მოქმედი
კანონმდებლობისა და თსსუ–ის წესდების შესაბამისად;
კ) მის დაქვემდებარებაში მყოფ სტუქტურულ    ერთეულებთან ერთად ამზადებს ინფორმაციას კვარტალური   შემოსავლების/ გასავლების   შესახებ;
ლ) ხელმძღვანელობს   ბიუჯეტისა და გრძელვადიანი ფინანსური სტრატეგიის პროექტის შემუშავებას;
მ) უზრუნველყოფს შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო მოთხოვნის შედგენას
და თსსუ-ს შესაბამის სამსახურში წარადგენს;
ნ) ახდენს ფინანსური რისკების,    ასევე, ინსტიტუტის პროექტების ფინანსური მდგრადობის შეფასებას.
5.    ოპერაციული         დირექტორის    უფლებამოსილება    შეიძლება    შეწყდეს    შემდეგ
შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ  მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში;
დ) გარდაცვალებისას;
ე) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი  17.  ინსტიტუტის ქონება
1.ინსტიტუტი, როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს თსსუ-ის უძრავ და მოძრავ ქონებას. იგი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა– პატრონობა. 
2.ინსტიტუტის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამოწერას ან გასხვისებას (იჯარა, გაქირავება, გაყიდვა, სარგებლობაში გადაცემა) ახორციელებს თსსუ, ინსტიტუტის ინიციატივით     კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის
18-1 და 21-1 მუხლების შესაბამისად ინსტიტუტი თსსუ-სთან შეთახმებით განკარგავს ინტელექტუალურ საკუთრებას.

მუხლი 18. ინსტიტუტის დაფინანსება და ხარჯები
1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს;
ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები  საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში;
ბ) სამეცნიერო გრანტების ფარგლებში მიღებული;
გ) ინსტიტუტის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ინსტიტუტი,  სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად მომდევნო წლის ნაერთი  ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისა და დამტკიცების მიზნით, თსსუ-ს განსახილველად წარუდგენს შემოსავლებისა და გასაწევი ხარჯების შესახებ ინფორმაციას. თსსუ-ის ადმინისტრაციაში წარადგენს შესყიდვების გეგმას. 
3.ინსტიტუტი  ანგარიშვალდებულია  უნივერსიტეტს  პერიოდულად  წელიწადში არანაკლებ ოხთჯერ, (ყოველი კვარტლის ბოლო კვირაში)   წარუდგინოს ოპერატიული ინფორმაცია ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.

მუხლი  19.  ინსტიტუტის ეკონომიკური საქმიანობა
1.ინსტიტუტი ეკონომიკურ და ქონებრივ ურთიერთობებს,    ფინანსური სახსრების მიღებასა და განკარგვას  დადგენილი წესით  ახორციელებს  ინსტიტუტის  ოპერაციული დირექტორი თსსუ-ს მიერ დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში.
2.   ინსტიტუტი,       თსსუ-ს   წარმომადგენლობითი   საბჭოს   თანხმობის   საფუძველზე,
ინსტიტუტის  ოპერაციული დირექტორის     ინდივიდუალურ  სამართლებრივი აქტით -
ბრძანებით ამტკიცებს  მომსახურების ტარიფებს.
3. ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის  განვითარების, საოფისე ინვენტარით, ეკონომიკური
საქმიანობისათვის   საჭირო   მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და საჭირო მასალებით   აღჭურვის   პროცედურებს,   კანონმდებლობის   შესაბამისად   ახორციელებს თსსუ, ინსტიტუტის მიერ თსსუ-ში წარდგენილი   მოთხოვნების შესაბამისად.
4.განსაკუთრებულ        შემთხვევებში        ინსტიტუტი        უფლებამოსილია        თვითონ
განახორციელოს შესყიდვები უნივერსიტეტის თანხმობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ინსტიტუტი ადგენს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წლიურ ბალანსს და
წარუდგენს თსსუ-ს ადმინისტრაციას.

მუხლი 20. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1.ინსტიტუტის რეორგანიზაცია და     ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 21.  გარდამავალი დებულებები
1. დებულება ძალაში შედის თსსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს   მიერ დამტკიცების მომენტიდან.
2.დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება თსსუ-ის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 
3.წინამდებარე დებულების დამტკიცებისთანავე, ძალადაკარგულად ჩაითვალოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის    ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის   დებულება, დამტკიცებული 2011 წლის 9 თებერვლის  წარმომადგენლობითი საბჭოს    N 23/2 დადგენილებით.
4.   შესაბამისობაში   იქნას   მოყვანილი   ინსტიტუტის      სხვა   სამართლებრივი   აქტები,
რომლებიც გამომდინარეობენ დებულებიდან.