დამტკიცებულია:
სსიპ თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2018 წლის 7 მარტის
N23/3 გადაწყვეტილებით
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პრემიის, დანამატის, დახმარებისა და ფულადი ჯილდოს ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
1. ზოგადი დებულებანი
1.1. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) პრემიის, დანამატის, დახმარებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესი (შემდგომში - „წესი“) შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული, ,,სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
1.2. წესი განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის პრემიის, დანამატის, დახმარების და ფულადი ჯილდოს გაცემის მექანიზმს - ოდენობას, გაცემის წესსა და პირობებს.
2.საპრემიო ფონდის ფორმირების, დანამატის, დახმარებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის პრინციპები
2.1. საპრემიო ფონდის ფორმირების, დანამატის, დახმარებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წყაროა უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტი.
2.2. უნივერსიტეტის აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალზე პრემიების, დანამატის, დახმარებისა და ფულადი ჯილდოს გაცემა ხორციელდება უნივერსიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით, ამ მიზნით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
3. პრემიის გაცემის წესი, საფუძველი და მიზნები
3.1. პრემირება ხორციელდება უნივერსიტეტის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე.
3.2. პრემია გაიცემა უნივერსიტეტში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დაინტერესებული პირის მიერ ხელმძღვანელი თანამდებობის პირისთვის წარდგენილი დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა.
3.3. პრემიის გაცემის მიზნებია: დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისება და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, უნივერსიტეტში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
4. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
4.1. უნივერსიტეტში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის ერთი თვის სახელფასო ანაზღაურებას.
4.2. უნივერსიტეტში დასაქმებულ პირზე, ამ პირის წახალისების მიზნით, პრემია შეიძლება გაიცეს თვეში მხოლოდ ერთხელ.
4.3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პრემიისგან დამოუკიდებლად, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, პრემია ასევე შესაძლებელია გაიცეს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე/სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
4.4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ უკანასკნელისთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
5. სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველი და მიზნები
5.1. უნივერსიტეტში დასაქმებულ პირს სახელფასო დანამატი უნდა დაენიშნოს შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში: რთულ სამუშაო პირობებში მუშაობა, დამატებითი სამუშაოს შესრულება, დამატებითი სამუშაო საათების გამოყენება, ოჯახური მდგომარეობა და შვილების რაოდენობა, საზღვარგარეთ სამუშაოს შესრულება და ა. შ. სახელფასო დანამატის ოდენობა გონივრულ მიმართებაში უნდა იყოს დასაქმებულისთვის დანამატის დანიშვნის საფუძველთან.
5.2. უნივერსიტეტში დასაქმებული პირის სახელფასო დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის ერთი თვის სახელფასო ანაზღაურებას.
5.3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ უკანასკნელისთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
6. დახმარების გაცემის საფუძველი და ოდენობა
6.1. უნივერსიტეტში დასაქმებულ პირზე დახმარების გაცემა ხორციელდება საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
6.2. უნივერსიტეტში დასაქმებულ პირს დახმარება უნდა გაეწიოს შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში: პირის/პირის ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობის, პირის/პირის ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე, სხვა პატივსადები მიზეზის არსებობის შემთხვევაში.
6.3. დასაქმებული პირის დახმარების გაწევის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ ხელმძღვანელი თანამდებობის პირისთვის წარდგენილი დასაბუთება.
6.4. უნივერსიტეტში დასაქმებულ პირისათვის გასაწევი დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის ერთი თვის სახელფასო ანაზღაურებას.
6.5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
7. ფულადი ჯილდოს ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
7.1. უნივერსიტეტში დასაქმებულ პირზე ფულადი ჯილდოს გაცემა ხორციელდება საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
7.2. ფულადი ჯილდო შესაძლებელია გაიცეს სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ერთჯერადად, დაინტერესებული პირის მიერ ხელმძღვანელი თანამდებობის პირისთვის წარდგენილი დასაბუთების საფუძველზე.
7.3. ფულადი ჯილდოს ოდენობას განსაზღვრავს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დასაბუთების საფუძველზე.
7.4. ფულადი ჯილდოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯილდოვებელი პირის ერთი თვის სახელფასო ანაზღაურებას.
7.5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
8. პრემიის, დანამატის, დახმარების და ფულადი ჯილდოს გაცემის უფლებამოსილება.
8.1. უნივერსიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის, დანამატის, დახმარების და ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს რექტორის აპარატის უფროსს, კანცლერის აპარატის უფროსს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.
8.2. უნივერსიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის, დანამატის, დახმარების და ფულადი ჯილდოს გაცემა ხორციელდება უნივერსიტეტის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე.