სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება
2019 წლის 11 იანვარი

სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 11 იანვრის #24/5 საოქმო გადაწყვეტილება:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ითვალისწინებს რა ქვეყანაში გრიპის, გრიპისმაგვარი დაავადებებისა და მწვავე რესპირაციული ინფექციების გავრცელების რისკს მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნული დაავადებების სეზონურ პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდეს გრიპის საწინააღმდეგო სავალდებულო პრევენციული ღონისძიებები:

1. ა) თსსუ-ის ადმინისტრაციულ და ყველა სასწავლო კორპუსში, საუნივერსიტეტო კლინიკებსა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში თვალსაჩინო ადგილებში ხელმისაწვდომი იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და სტუდენტებისთვის, ასევე, უფასო პირბადეები; სასწავლო ოთახებისა და ლაბორატორიების იატაკების, ავეჯისა და სასწავლო ინვენტარის ზედაპირების დამუშავება განხორციელდეს ყოველდღიურად, დადგენილი წესების დაცვით, შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, უზრუნველყოფილ იქნას მათი ხშირი განიავება. ამასთან, საგამოცდო ცენტრში ყველა გამოცდის შემდეგ ინდივიდუალური კომპიუტერული მაგიდების ზედაპირები და კლავიატურები დამუშავდეს შესაბამისი საშუალებებით;
ბ) თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაწესდეს 24-საათიანი, უფასო საკონსულტაციო მომსახურება თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტებისა და თსსუ-ის პერსონალისათვის.

2. თსსუ-ის აკადემიური საბჭო, ერთი მხრივ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ამჟამად, ქვეყანაში არ არის გრიპის ეპიდემია, ხოლო, მეორე მხრივ, სტუდენტთა არაერთგვაროვანი და, ზოგჯერ, ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების გათვალისწინებით, ადგენს, რომ სასწავლო პროცესი 12-20 იანვარს გადავიდეს განსაკუთრებულ რეჟიმზე,
კერძოდ:
ა) გამოცდები თსსუ-ის დეპარტამენტებსა და საგამოცდო ცენტრში ჩატარდეს უკვე დადგენილი ცხრილის შესაბამისად. ამასთან, იმ სტუდენტებს, რომლებიც არ/ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში, ძირითადი და განმეორებითი გამოცდები ჩაუტარდეთ ძირითადი სასესიო პერიოდის დასრულების შემდეგ - 8-25 თებერვალს; ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც გამოცდები უტარდებათ თსსუ-ის სასწავლო დეპარტამენტებში და რომელნიც ამ გამოცდებზე არ/ვერ გამოცხადდებიან 12- 20 იანვარს, ძირითადი და განმეორებითი გამოცდები დაენიშნოთ არაუგვიანეს 25 თებერვლისა, ინდივიდუალური გრაფიკით. ცხრილი გამოქვეყნდება მოგვიანებით, დეკანებთან შეთანხმებით.
ბ) მედიცინის ფაკულტეტის VIII-XII სემესტრის კურაციული მეცადინეობები, ასევე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო პროცესი გაგრძელდეს დადგენილი ცხრილის მიხედვით, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებიც არ/ვერ დაესწრებიან სასწავლო პროცესს 12-20 იანვრის პერიოდში, საშუალება მიეცეთ აღადგინონ გაცდენილი მეცადინეობები პირველი სემესტრის დასრულებამდე, დეკანატის მიერ სტუდენტებთან შეთანხმებული ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
გ) უცხოურენოვანი პროგრამების პირველი სემესტრის სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა დაეწყოთ 15 ოქტომბრის შემდეგ, ასევე, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაწყების შემდეგ რიგგარეშე მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებთანაც, სხვა პირველსემესტრელებისგან განსხვავებით, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, 12-20 იანვარს გათვალისწინებული მეცადინეობები ჩაუტარდეთ შესაბამისი დეკანატების მიერ დადგენილი ახალი ცხრილით.
დ) წინამდებარე გადაწყვეტილება განთავსდეს თსსუ-ის ვებ-გვერდზე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და დაეგზავნოთ სტუდენტებს ინდივიდუალურ ელექტრონულ გვერდზე.