კონსოლიდირებული ვერსია
დამტკიცებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილებით (შესწორებები შეტანილია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს
2014 წლის 26 სექტემბრის №24/1 დადგენილებით,
2015 წლის 29 ივნისის №24/4 დადგენილებით,
2017 წლის 15 დეკემბრის №24/2 დადგენილებით,
2020 წლის 8 აგვისტოს №24/21 დადგენილებით და
2022 წლის 3 ივნისის N24/15 დადგენილებით)
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესსა და პირობებს.
2. დოქტორის აკადემიური ხარისხი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც გაიარა დოქტორანტურის სრული კურსი და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით დაიცვა დისერტაცია.
მუხლი 2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო
1. თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო (შემდგომში - სადისერტაციო საბჭო) არის ფარმაციაში დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
2. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის ყველა პროფესორი და ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მთავარი და აკადემიური ხარისხის მქონე უფროსი მეცნიერები (26.09.2014).
3. სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში
- საბჭოს თავმჯდომარე), რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნას პროფესორი. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნას თავად კანდიდატის ან საინიციატივო ჯგუფის მიერ არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. საბჭოს თავმჯდომარეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა შეადგენს 1 თვეს. არჩევნების თარიღს ადგენს საარჩევნო კომისია. საარჩევნო ბიულეტენში ფიქსირდება დარეგისტრირებული ყველა კანდიდატი,
რომლებიც საბჭოს წევრებს წარუდგენენ საკუთარ ხედვას სადისერტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ (26.09.2014, 15.12.2017).
4. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარედ ზედიზედ შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ ორჯერ.
5. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, მისი არჩევის შემდეგ, ამტკიცებს თსსუ-ის აკადემიური საბჭო (შემდგომში - აკადემიური საბჭო).
6. საბჭოს თავმჯდომარე სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს მის წევრთაგან შერჩეულ მოადგილეს, რომელსაც სადისერტაციო საბჭო ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
7. სადისერტაციო საბჭოში საქმის წარმოებას, დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას და შენახვას უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს მდივანი, რომელიც ინიშნება რექტორის ბრძანებით (26.09.2014).
8. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4 (26.09.2014).
9. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს საბჭოს თავმჯდომარე.
10. საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს საბჭო ხმათა უმრავლესობით (26.09.2014).
11. სადისერტაციო საბჭო ფუნქციონირებს სასწავლო წლის განმავლობაში.
მუხლი 3. მოთხოვნები სადისერტაციო ნაშრომისადმი
1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის მომზადება უნდა მოხდეს დოქტორანტურის შესახებ დებულებით დადგენილი წესით.
2. სადისერტაციო საბჭოს უფლება აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭოს მხოლოდ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ და სადისერტაციო საბჭოს სარეგისტრაციო დოკუმენტში დადასტურებულ დარგში.
3. დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია უნდა იყოს დასრულებული სამეცნიერო კვლევა, რომელშიც გადაწყვეტილია აქტუალური სამეცნიერო პრობლემა (პრობლემები) და მიღებულია სამეცნიერო ღირებულების მქონე შედეგი (26.09.2014).
4. დისერტაციის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებული უნდა იყოს დარგის რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში, შრომათა კრებულებში, რომლებიც იბეჭდება საქართველოსა და უცხოეთში და ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით. სამეცნიერო შრომების მინიმალური რაოდენობაა ოთხი. მათ შორის 05.10.2020–მდე ჩარიცხული დოქტორანტებისათვის ნაშრომები გამოქვეყნებული უნდა იყოს რეფერირებად ან მონაცემთა საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო გამოცემებში, ხოლო 05.10.2020–ის შემდეგ
ჩარიცხული დოქტორანტებისათვის – ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია 0.5 და მეტი იმპაქტის მქონე სამეცნიერო გამოცემაში (Web of Science or Scopus), ხოლო სამი რეფერირებად ან მონაცემთა საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო გამოცემაში (03.06.2022 წ; N24/15).
• ზემოხსენებულ პუბლიკაციებში დოქტორანტი მითითებული უნდა იყოს პირველ ან მეორე ავტორად, ხოლო აფილიაციად მითითებული უნდა იყოს თსსუ.
• საერთაშორისო მაღალრეიტინგულ პუბლიკაციად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე უცხოური გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნის ან მონოგრაფიის ავტორობა/თანაავტორობა, თუ აღნიშნული შეესაბამება სადოქტორო კვლევის შედეგებს.
• წიგნი ასევე ციტირებული უნდა იყოს Web of Science-ის ან Scopus-ის სამეცნიერო ბაზაში. აღნიშნული შესაბამისობის დასადგენად თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ უნდა გამოიყოს შესაბამისი დარგის ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი. (08.08.2020)
5. დისერტაციის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ხელნაბეჭდ გვერდს, გამოყენებული ლიტერატურის და დანართების გარეშე.
დისერტაციის გაფორმებისას დაცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:
ქაღალდის ფორმატი - A4, შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1,5.
ტექსტის დაშორება გვერდის ზედა და ქვედა მხრიდან - 2 სმ, მარჯვენა მხრიდან - 1,5 სმ, მარცხენა მხრიდან - 3 სმ.
დისერტაცია სრულად უნდა ასახავდეს:
ინფორმაციას/მონაცემებს სადოქტორო კვლევის აქტუალობის, სამეცნიერო სიახლის, კვლევის მიზნის და ამოცანების შესახებ - შესავალი;
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას სადოქტორო კვლევის თემის შესახებ, მათ შორის - ბოლო 10 წლის მინაცემებით,
კვლევის მასალის და მეთოდოლოგიის/მეთოდიკის აღწერას,
საკუთარი კვლევის შედეგების დეტალურ და თვალსაჩინო აღწერას,
შედეგების სარწმუნობის დამადასტურებელი კრიტერიუმების აღწერას,
საკუთარი კვლევის შედეგების განხილვას და ანალიზს,
მიღებულ სამეცნიერო დასკვნებს,
შედეგების სამეცნიერო თეორიულ და/ან პრაქტიკულ მნიშვნელობას,
გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხას,
ნაშრომის ანოტაციას ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას/მონაცემებს სადოქტორო კვლევის აქტუალობის, სამეცნიერო სიახლის, კვლევის მიზნის და ამოცანების, კვლევის თეორიული და პრაქტიკული ღირებულების შესახებ;
დანართის სახით - სადისერტაციო თემის ირგვლივ გამოქვეყნებული პუბლიკაციების ასლებს.
სადისერტაციო ნაშრომში გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხის გაფორმებისას დაცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ლიტერატურა მითითებული უნდა იყოს ანბანური თანამიმდევრობით, ან ლიტერატურის მიმოხილვაში მოცემული მიმდევრობის შესაბამისად;
ბ) წიგნის ან მონოგრაფიის მითითებისას მიეთითება ნაშრომის სახელწოდება, ავტორების გვარი და ინიციალები, ქალაქი, გამომცემლობა, წელი;
გ) სამეცნიერო ნაშრომის მითითებისას უნდა აღინიშნოს ავტორის (ავტორთა) გვარი და ინიციალები, ნაშრომის სახელწოდება, სამეცნიერო ჟურნალის დასახელება ან მისი საყოველთაოდ მიღებული აბრევიატურა, გამოცემის წელი, ტომი, ნომერი, საწყისი და ბოლო გვერდები;
დ) საავტორო მოწმობის, გამოგონებისას მიეთითება ყველა ავტორი, გამოგონების (პატენტის) სახელწოდება, საავტორო მოწმობის ნომერი, კლასი, განცხადების შეტანის თარიღი, გამოქვეყნების თარიღი, ბიულეტენის ნომერი;
ე) დისერტანტის ავტორობით/თანაავტორობით შესრულებული შრომები მიეთითება აღნიშნული მოთხოვნების დაცვითა და ყველა თანაავტორის გვარის მითითებით.
• აღნიშნული წესების დაცვის გარეშე წარმოდგენილი დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს მიერ უბრუნდება აკადემიური ხარისხის მაძიებელს. იგი ხელმეორედ განსახილველად მიიღება სათანადო ცვლილებების შემდეგ.
• თუ თანაავტორობით მიღებული და სამეცნიერო პუბლიკაციაში ასახული სამეცნიერო შედეგი უკვე წარმოდგენილია დისერტაციის შედეგად ერთ-ერთი ავტორი მიერ, დანარჩენი ავტორების მიერ ამ შედეგის კვლავ საკუთარ ძირითად შედეგ(-ებ)ად წარმოდგენა დაუშვებელია (29.06.2015; 15.12.2017; 08.08.2020).
51. სადისერტაციო ნაშრომი შეიძლება წარმოადგენდეს გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ნაკრებს იმ შემთხვევაში, თუ დისერტანტს აქვს სადისერტაციო თემის ირგვლივ გამოქვეყნებული სულ მცირე 4 სამეცნიერო პუბლიკაცია Web of Science-ში ციტირებული 0.5 და მეტი იმპაქტის მქონე გამოცემებში.
• ზემოხსენებულ სულ მცირე 2 სამეცნიერო პუბლიკაციაში დისერტანტი უნდა იყოს პირველი ან მეორე ავტორი;
• ყველა პუბლიკაციაში დისერტანტის მიერ აფილიაციად მითითებული უნდა იყოს თსსუ. აღნიშნული შესაბამისობის დასადგენად თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ უნდა გამოიყოს შესაბამისი დარგის ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი.
ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისერტანტმა უნდა წარმოადგინოს:
• სატიტულო გვერდი, სადაც მითითებული იქნება დისერტაციის სათაური, დისერტაციის ავტორი, დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი ან კონსულტანტი, თანდართული სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხა;
• დისერტაციის აბსტრაქტი ქართულ ენაზე (4000-8000 სიტყვამდე), სადაც აღწერილი იქნება გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებში გაშუქებული საერთო საკითხის აქტუალობა, გამოყენებული მეთოდები, სამეცნიერო სიახლე, მიღებული შედეგების განხილვა და რეკომენდაციები;
• შემაჯამებელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება სადისერტაციო ნაშრომში გაშუქებული საკითხის აქტუალობა, გამოყენებული მეთოდები, სამეცნიერო სიახლე, მიღებული შედეგების განხილვა და რეკომენდაციები.
აუცილებელია დისერტანტმა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) ცნობა სასწავლო კომპონენტის შესრულების შესახებ შესაბამისი დაგროვილი კრედიტებით; ბ) თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა პლაგიატის შესახებ;
გ) სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ანგარიშების წარდგენის შესახებ;
დ) თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ გამოქვეყნებული პუბლიკაციები შესაბამისობაშია დისერტაციაში დასმული კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან;
ე) პუბლიკაციების და მისი თანმხლები დოკუმენტების წარდგენა სადისერტაციო საბჭოს წინაშე უნდა წარიმართოს შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით. (08.08.2020)
6. ამოღებულია (26.09.2014).
7. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურებთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს დისერტანტი.
8. პლაგიატის ან დისერტანტის მიერ სადისერტაციო მასალებისა და დოკუმენტების გაყალბების დადგენის შემთხვევაში დისერტაცია აღარ განიხილება (26.09.2014).
შენიშვნა: პლაგიარიზმის და სამეცნიერო/აკადემიური არაკეთილსინდისიერების (მონაცემების ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია და სხვ.) გამოვლენის და მასზე რეაგირების საკითხი რეგულირდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი შესაბამისი წესით. (08.08.2020)
მუხლი 4. დისერტაციის წარდგენა სადისერტაციო საბჭოში (26.09.2014)
1. ნაშრომის სადისერტაციო საბჭოზე წარდგენის წინაპირობაა მისი წინასწარი განხილვა (აპრობაცია) იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფში და/ან დეპარტამენტში, სადაც შესრულდა სადოქტორო პროგრამა.
2. სადისერტაციო ნაშრომი მხარდაჭერილი უნდა იყოს პროფესიული/დარგობრივი ასოციაციების/საზოგადოების მიერ (26.09.2014, 15.12.2017).
2.1. სადისერტაციო ნაშრომის ორ რეცენზენტს (ნაშრომის თემატიკის გათვალისწინებით), რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა იყოს იმ დეპარტამენტის წარმომადგენელი, სადაც შესრულდა ნაშრომი, გამოყოფს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, სადაც უნდა ჩატარდეს აპრობაცია (15.12.2017).
2.2. რეცენზენტი შეიძლება იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი მეცნიერების იმ დარგში, რომელშიც შესრულებულია დისერტაცია. რეცენზენტი შესაძლებელია იყოს როგორც თსსუ-ის აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოც. პროფ., ასისტენტ-პროფ.), ასევე დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტი.
2.3. რეცენზენტი არ შეიძლება იყოს: დისერტანტის ხელმძღვანელი, დისერტაციის თემატიკასთან დაკავშირებულ ნაშრომთა თანაავტორი (15.12.2017).
2.4. რეცენზენტის დასკვნაში უნდა შეფასდეს ჩატარებული კვლევის სამეცნიერო აქტუალობა, სიახლე, ორიგინალობა, თეორიული და პრაქტიკული ღირებულება, კვლევის დიზაინის და
მეთოდოლოგიის ადეკვატურობა, კვლევის პირველადი მასალის ობიექტურობა და სარწმუნოობა, დისერტაციის სტრუქტურა, გაფორმების ხარისხი და ენობრივი გამართულობა.
2.5. რეცენზენტის ან/და აპრობაციაზე გამოთქმული შენიშვნები სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით გაზიარების შემთხვევაში დისერტანტის მიერ უნდა გასწორდეს ხელმძღვანელის მეთვალყურეობით სადისერტაციო საბჭოში მის გადაცემამდე (15.12.2017).
3.(ამოღებულია 29.06.2015)
4. დეპარტამენტის დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმის სახით (დისერტაციის წინასწარი განხილვის (აპრობაციის) ოქმი), რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი (26.09.2014).
წინასწარი განხილვის (აპრობაციის) დასკვნაში უნდა აისახოს:
• სადოქტორო კვლევის პროგრამის დამტკიცების თარიღი, ოქმის ნომრის მითითებით;
• დისერტაციის თემის აქტუალობა;
• დისერტაციის ძირითადი შედეგების მიღებაში დისერტანტის პირადი წვლილი;
• განხორციელებული კვლევის შედეგების სამეცნიერო სიახლე, შედეგების სანდოობა, თეორიული და/ან პრაქტიკული მნიშვნელობა, ნაშრომის სტრუქტურული და ენობრივი გამართულობა;
• ავტორის მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიებში დისერტაციის შინაარსის ასახვის სისრულე და მათი შესაბამისობა სადისერტაციო მასალების/დისერტაციის შედეგების ამსახველი პუბლიკაციებისადმი დადგენილ მოთხოვნებთან;
• დასკვნა იმის შესახებ, რომ დისერტაციის ძირითადი შედეგები არ წარმოადგენს ადრე დაცული რომელიმე დისერტაციის ძირითად შედეგებს.
დისერტაციის პირველადი მასალის შესაბამისობა მიღებულ შედეგებთან დასტურდება აქტით/დოკუმენტით, რომლის ნამდვილობას წერილობით ადასტურებს სასწავლო, კვლევითი ან კლინიკური დაწესებულების/ერთეულის ხელმძღვანელი/-ები, სადაც მოპოვებულია მასალა და აპრობაციის რეცენზენტი/-ები. ეს დოკუმენტი წარმოადგენს წინასწარი განხილვის (აპრობაციის) ოქმის განუყოფელ ნაწილს (29.06.2015).
5. ნაშრომის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის, ფაკულტეტის დეკანის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ, ვიცე-რექტორთან შეთანხმებით იქმნება სპეციალიზებული საბჭო და ინიშნება თავმჯდომარე დისერტაციის თემატიკის გათვალისწინებით (ძირითადი და მომიჯნავე სპეციალობები), რაც დასტურდება მათი ხელმოწერით და რომლის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს (26.09.2014, 15.12.2017).
6. სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარე სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარესთან და საბჭოს წევრებთან შეთანხმებით საბჭოს სხდომაზე (შესაძლებელია ელექტრონული ფორმით) გამოყოფს სამ ექსპერტს, სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს (15.12.2017).
7. ექსპერტი შეიძლება იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი მეცნიერების იმ დარგში, რომელშიც შესრულებულია დისერტაცია. ექსპერტი შესაძლებელია იყოს როგორც თსსუ-ს აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოც. პროფ. ასისტენტ-პროფ.), ასევე დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტი (26.09.2014).
8. ექსპერტი არ შეიძლება იყოს: დისერტანტის ხელმძღვანელი, დისერტაციის თემატიკასთან დაკავშირებულ ნაშრომთა თანაავტორი, იმ მიმართულების წარმომადგენელი, სადაც შესრულდა ნაშრომი (26.09.2014).
9. საექსპერტო დასკვნაში უნდა შეფასდეს ჩატარებული კვლევის სამეცნიერო აქტუალობა, სიახლე, ორიგინალობა, თეორიული და პრაქტიკული ღირებულება, კვლევის დიზაინის და მეთოდოლოგიის ადეკვატურობა, კვლევის პირველადი მასალის ობიექტურობა და სარწმუნოობა, დისერტაციის სტრუქტურა, გაფორმების ხარისხი და ენობრივი გამართულობა. საექსპერტო დასკვნა სპეციალიზებულ საბჭოს გადაეცემა არაუგვიანეს ერთი თვისა (26.09.2014).
10. ექსპერტთა უმრავლესობის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ვიზირების შემდეგ, სადისერტაციო ნაშრომი ისტამბება და საჯარო დაცვისთვის გადაეცემა სპეციალიზებულ სადისერტაციო საბჭოს.
11. სპეციალიზებული საბჭოს წევრთა რიცხვი განისაზღვრება მინიმუმ 11 წევრით. სპეციალიზებული საბჭოს წევრად შეიძლება მოწვეულ იქნას შესაბამისი დარგის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი უნდა იყოს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (26.09.2014).
12. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვიცე-რექტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს დისერტაციის დაცვის თარიღს.
13. სპეციალიზებული საბჭოს წევრებს დისერტაცია გადაეცემათ ელექტრონული ფორმით (CD დისკის სახით PDF ფაილი) დაცვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, დისერტაციის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა თსსუ-ის ბიბლიოთეკას და ინფორმაცია დისერტაციის დაცვის შესახებ განთავსდება თსსუ-ის ვებ-გვერდზე. დაცვის შემდეგ დისერტაცია ფოსტით იგზავნება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (15.12.2017).
14. საექსპერტო კომისიის ან მისი უმრავლესობის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში დისერტანტს უფლება აქვს:
ა. მოხსნას განხილვიდან თავისი ნაშრომი. ამ შემთხვევაში განახლებული დისერტაციის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ;
ბ. მოითხოვოს საჯარო დაცვის მოწყობა (26.09.2014).
15. დისერტაციის დაცვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს სადისერტაციო საბჭოში მისი რეგისტრაციის დღიდან. ამ ვადის ათვლისას ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე დებულების მუხლი 2-ის პუნქტი 11-ით დადგენილი პერიოდი (26.09.2014).
16. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხდება სახელმწიფო ენაზე. დისერტაციის წარდგენა ან დაცვა რომელიმე სხვა ენაზე დასაშვებია სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობა.
მუხლი 5. დისერტაციის დაცვა (26.09.2014)
1. სპეციალიზებული საბჭოს სხდომა უფლებამოსილად ითვლება, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი და ექსპერტთა ნახევარზე მეტი (26.09.2014).
2. სპეციალიზებული საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე. პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს საბჭო იღებს ხმათა უმრავლესობით.
3. დისერტაციის საჯარო დაცვის პროცედურა ითვალისწინებს:
ა) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ დისერტანტის წარდგენას, მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობების, დისერტაციის ირგვლივ არსებული დოკუმენტაციის საბჭოს წევრებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის გაცნობას;
ბ) დისერტანტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის მოხსენებას (არაუმეტეს 30 წუთისა) (26.09.2014);
გ) შეკითხვებს დისერტანტისადმი და მათზე დისერტანტის პასუხებს (26.09.2014);
დ) ექსპერტთა საჯარო გამოსვლას და სადისერტაციო ნაშრომის სრულყოფილ ანალიზს;
ე) დისერტანტის პასუხს ექსპერტთა მიერ გამოთქმულ შეკითხვებზე, რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე (26.09.2014);
ვ) აზრის გამოთქმას, სამეცნიერო დისკუსიას (26.09.2014);
ვ1) დისერტანტის დახასიათებას ხელმძღვანელის/-ების მიერ (15.12.2017); ზ) თავმჯდომარის შემაჯამებელ შეფასებას;
თ) ფარულ კენჭისყრას.
4. სპეციალიზებული საბჭო დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. კენჭისყრის გასამართად აუცილებელია კვორუმის არსებობა. დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის შეფასება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის ბრძანება №3-ის მ.4, პ.10,11,12,13-ის შესაბამისად. სადისერტაციო ნაშრომის შეფასება ხდება სადისერტაციო საბჭოს მიერ დადგენილი წესით სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (დანართი 3). ხარისხის მინიჭებისათვის საჭიროა საბჭოს წევრთა მიერ სადისერტაციო ნაშრომის შეფასება საშუალოდ სულ ცოტა 51 ქულით.
5. კენჭისყრის მოსაწყობად საბჭოს წევრთაგან აირჩევა სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კომისია სამი წევრის შემადგენლობით და ცხადდება შესვენება.
6. ნაშრომის ფარული შეფასება ხდება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სადაც დგას გამჭვირვალე, დალუქული ყუთი და იმყოფებიან მხოლოდ სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კომისიის წევრები.
7. სადისერტაციო ნაშრომის შეფასების ბიულეტენების მიღება დასტურდება ხელმოწერით.
8. სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კომისიის წევრები ნაშრომის შეფასების შედეგებს აფორმებენ სადისერტაციო ნაშრომის შეფასების შემაჯამებელი ოქმის სახით (დანართი 4). ოქმი მტკიცდება ღია კენჭისყრით საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით.
9. სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კომისიის ოქმის დამტკიცების შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე ოფიციალურად აცხადებს საბჭოს გადაწყვეტილებას აკადემიური ხარისხის მინიჭების (არ მინიჭების) შესახებ.
10. ხარისხის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს სპეციალიზებული საბჭოს სხდომის ოქმის ასლი;
ბ) გააპროტესტოს სადისერტაციო ნაშრომის შეფასების შედეგები სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში, თუ, მისი აზრით, დაცვის მსვლელობისას მოხდა პროცედურული დარღვევები.
11. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ხარისხის მაძიებლის მიერ დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მუხლი 6. დიპლომების გაფორმება და გაცემა
1. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დიპლომს დამტკიცებული ფორმით გასცემს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სადისერტაციო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
2. დიპლომის დაკარგვის შემთხვევაში, მოთხოვნისამებრ, გაიცემა დიპლომის დუბლიკატი ახალი ნუმერაციით. გვარისა და სახელის შეცვლის შემთხვევაში ახალი დიპლომი არ გაიცემა.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
ცვლილებები და დამატებები დებულებაში სადისერტაციო საბჭოს შესახებ, შეიძლება შეტანილ იქნეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.
დანართი 1
ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
1. განცხადება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით;
4. დისერტაციის წინასწარი განხილვის (აპრობაციის) ოქმი;
5. სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა;
6. დოქტორანტურის სასწავლო პროგრამის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. დისერტაციის დასტამბული ნიმუში (4 ეგზემპლიარი) და მისი ელექტრონული ვერსია (15.12.2017).
შენიშვნა: დანართები იხილეთ ძირითად pdf დოკუმენტში