დამტკიცებულია თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2012 წლის 8 ივნისის
#23/5 დადგენილებით
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სსიპ _ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში “უნივერსიტეტი”) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი (შემდგომში “ფაკულტეტი”) წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო, სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს დამტკიცებული და აკრედიტებული აკადემიური უმაღლესი განათლების სტუდენტთა სწავლებას და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებას. (12.02.2024 №23/3)
2. ფაკულტეტი ვალდებულია შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლისა და კვლევისათვის, უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პროგრამების სრულყოფასა და სწავლის პირობების გაუმჯობესებაზე, საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს მიანიჭოს შესაბამისი აკადემიური ხარისხი და გასცეს სათანადო ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი. (12.02.2024 №23/3)
3. ფაკულტეტის საქმიანობა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდების, უნივერსიტეტის შინაგანაწესის, რექტორის და კანცლერის ბრძანებების და წინამდებარე დებულების საფუძველზე, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, აკადემიური საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. (07.03.2018 №23/3)
4. ფაკულტეტს გააჩნია ლოგო, მრგვალი ბეჭედი ლოგოთი და სრული დასახელებით ქართულ და ინგლისურ ენებზე; შტამპი, სატიტულო ფურცელი.
მუხლი 2. ფაკულტეტის მიზნები და საქმიანობა
1. ფაკულტეტის მიზნებია შესაბამის დარგში:
ა) თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე, საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება;
ბ) საზოგადოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა.
(07.03.2018 №23/3)
2. ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;
ბ) დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი (სამაგისტრო, დოქტორანტურის) სასწავლო პროგრამების დაგეგმვა, შემუშავება, მათი მუდმივი სრულყოფა, განვითარება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) ამოღებულია, 12.02.2024 №23/3
დ) უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება და განვითარება;
(12.02.2024 №23/3)
ე) ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემის შესაბამისი შინაარსის, ორიენტაციისა და სტრუქტურის პროგრამებისა და კურიკულუმის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
ვ) დეპარტამენტების სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული მუშაობის კოორდინაცია;
ზ) ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება და განხორციელება, მათ შორის საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან ერთად;
თ) სახელმძღვანელოებისა და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება და განვითარება; ი) აკადემიური პერსონალის გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; კ) აკადემიური პერსონალის პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა.
(07.03.2018 №23/3)
3. ფაკულტეტი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებსა და გეგმებს;
ბ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;
გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესით ირჩევს მართვის ორგანოების წარმომადგენლებს;
დ) ქმნის სწავლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში, ადგენს ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს; (07.03.2018
№23/3)
ვ) მონაწილეობს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაში.
მუხლი 3. ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები
ფაკულტეტი შედგება სასწავლო-სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.
1. ფაკულტეტის მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები): ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) ფაკულტეტის დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. ფაკულტეტის სტრუქტურა:
ა) დეპარტამენტები;
ბ) სადისერტაციო საბჭო;
გ) კურიკულუმის კომიტეტი; დ) დეკანატი;
ე) სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
(12.02.2024 №23/3)
3. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო დეპარტამენტ(ებ)ი, რომლებიც განახორციელებენ აკადემიური უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს; აგრეთვე ცენტრ(ებ)ი ან/და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი, რომელთა საქმიანობის წესი რეგულირდება ფაკულტეტის წარდგინებითა და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.
(12.02.2024 №23/3)
4. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეული(ები), თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოსა და დეკანატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებს შესაბამისი სამსახურის განვითარების წინადადებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
(07.03.2018 №23/3)
მუხლი 4. ფაკულტეტის საბჭო
1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სრული შემადგენლობა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სტუდენტთა თვითმმართველობიდან ასარჩევ წარმომადგენელთა რაოდენობა ფაკულტეტის საბჭოში შეადგენს ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის 1/4-ს.
2. ფაკულტეტის საბჭო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
3. ფაკულტეტის საბჭო საქმიანობას წარმართავს საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ფაკულტეტის დეკანი.
4. ფაკულტეტის საბჭო:
ა) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
ბ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
გ) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
დ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 5. ფაკულტეტის დეკანი
1. ფაკულტეტის დეკანს ფაკულტეტის საბჭო ირჩევს თსსუ-ის შინაგანაწესით დადგენილი წესით, 4 წლის ვადით.
2. დეკანის თანამდებობაზე ერთიდაიგივე პირი შეიძლება არჩეული იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. დეკანის არჩევა ხდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
4. ფაკულტეტის დეკანის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
5. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაცია ხდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
6. ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურას და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
7. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეკანის დარჩენილი ვადით.
8. დეკანის მიერ საკუთარი უფლებამოსილების დროებითი განუხორციელებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ფაკულტეტის დეკანის მოადგილის უშუალო უფლებამოსილება მოიცავს სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო მუშაობის ხელმძღვანელობას.
მუხლი 6. ფაკულტეტის დეკანატი
1. ფაკულტეტის დეკანის სათათბირო ორგანოა დეკანატი. ფაკულტეტის დეკანატი ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზებას და კონტროლს. ფაკულტეტის დეკანატის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: დეკანი, დეკანის მოადგილე(ები), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, საექთნო და სამეანო საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი, მდივნები. დეკანატი აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. (12.02.2024 №23/3)
2. დეკანატის ფუნქციებია:
ა) სასწავლო განრიგისა და სწავლების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება;
ბ) ფაკულტეტზე მიმდინარე ყველა სახის სასწავლო პროცესის აღრიცხვა და კონტროლი; გ) ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის ორგანიზება;
დ) ღონისძიებათა შემუშავება სტუდენტების სწავლების ხარისხისა და ეფექტურობის ასამაღლებლად;
ე) მეთოდური მუშაობის დაგეგმვა და ორგანიზება;
ვ) ფაკულტეტზე სწავლებისა და სასწავლო პროცესის ხარისხის კონტროლი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად;
ზ) დამხმარე ხასიათის ტექნიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული სამუშაოს განხორციელება ფაკულტეტის მართვის ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობისთვის.
თ) ფაკულტეტის განვითარების პერსპექტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი სრულყოფის გეგმების შემუშავება.
3. ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ინიშნება რექტორის ბრძანებით ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე.
4. ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ფუნქციებია: სტუდენტთათვის სასწავლო პროგრამების გაცნობა და დახმარება მათში ორიენტაციასა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენაში, პროგრამათა ურთიერთობების ახსნა; სტუდენტთა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი და სტუდენტთა პირადი საქმეების პერიოდული კონტროლი; სასწავლო ცხრილების შედგენის კონტროლი; სტუდენტთათვის ინსტრუქციების, ბრძანებების და განკარგულებების გაცნობა; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინფორმირება მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესების შესახებ და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება; მონაწილეობა შემოსული დოკუმენტაციის განხილვაში. (07.03.2018 №23/3)
5. საექთნო და სამეანო საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორის ფუნქციებია: აკადემიური საექთნო საქმის ბაკალავრი ექთანი/მეანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობა, პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილეობა, შესაბამისი ინსტრუქციების, განკარგულებებისა და ბრძანებების შესრულების მონიტორირება; საექთნო საქმის პროგრამებთან დაკავშირებული საკითხების მომზადება ფაკულტეტის საბჭოზე განსახილველად; საექთნო საქმის სტუდენტებისათვის სასწალო პროგრამების გაცნობა, სწავლის პერიოდში მათთან კომუნიკაცია; აკადემიური მეცადინეობების და გამოცდების მიმდინარეობის მონიტორინგი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშვება და შესრულების მეთვალყურეობა; ინსტრუქციების, ბრძანებების და განკარგულებების გაცნობა; უნივერსიტეტის დეპარტამენტებთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თნამშრომლობით სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით დასახული ღონისძიებების განხორციელება. (12.02.2024 №23/3)
6. დეკანატის მდივნის ფუნქციებია: სტუდენტთა პირველადი და სემესტრული რეგისტრაცია;
სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება; სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება; სასწავლო დეპარტამენტებსა და შესაბამის სტრუქტურებისთვის ცხრილების, სტუდენტთა სიების, უწყისების და სხვა ინფორმაციის მიწოდება. სტუდენტთა ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოება და ამ ბაზის სისტემატიური განახლება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების ცნობებისა და ინფორმაციის მომზადება, დამუშავება და გაცემა; აკადემიური მონაცემების სტატისტიკური დამუშავება; კონტროლი სტუდენტთა აკადემიურ და ფინანსურ დავალიანებაზე; დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტების მონაცემთა ბაზის გადამოწმება, დიპლომის დანართის მომზადება; სტუდენტთა პირადი საქმეების არქივში ჩაბარება. (07.03.2018 №23/3).
მუხლი 7. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭოს შედგენის, თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
2. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
3. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორი და ასოცირებული პროფესორი.
4. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომელიც განსაზღვრულია დებულებით.
5. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთი საკითხია განსახილველი და საჭიროა რიგგარეშე სხდომის მოწვევა, გადაწყვეტილება მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ელექტრონული ფორმით საკითხის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის დეკანი - დაამტკიცა წარმომადგენლობითმა საბჭომ.
(12.02.2024 №23/3)
მუხლი 8. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისთვის იქმნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს წინამდებარე დებულებისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების შესაბამისად. (07.03.2018 №23/3)
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უნივერსიტეტის ყველა სამსახურთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. (07.03.2018 №23/3)
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფის ხელშეწყობა სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენების გზით, აკადემიური და მისი თანმხლები პროცესების წარმართვის მარეგულირებელი საქართველოს, საუნივერსიტეტო და საერთაშორისო ნორმატიული და/ან სარეკომენდაციო დოკუმენტების გაცნობა ფაკულტეტის პროგრამებში ჩართული პერსონალისთვის და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა, ასევე, შესაბამისი მოთხოვნების და პროცედურების განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში. (07.03.2018 №23/3)
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით, ირჩევს ფაკულტეტის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი უნდა იყოს შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ პროფესორი. (07.03.2018 №23/3)
6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე. (07.03.2018 №23/3)
მუხლი 8′. ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტი
1. კურიკულუმის კომიტეტი(ები) წარმოადგენს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მუდმივმოქმედ სამუშაო ორგანოს(ებს), რომლის მიზანია ფაკულტეტზე აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება/განხილვა.
ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი განსხვავებების გათვალისწინებით მოქმედებს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის და საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმის კომიტეტები.
2. კომიტეტი განიხილავს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სათანადო წესის, პროცედურის და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად წარმოდგენილ საექსპერტო შეფასებებს საგანმანათლებლო პროგრამების და კურიკულუმის, სასწავლო ლიტერატურის, სასწავლო კურსების სილაბუსების და სხვ. შესახებ და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციას ფაკულტეტის საბჭოზე, შემდეგ კი – უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად.
კურიკულუმის კომიტეტის ფუნქციებია:
ა) ფაკულტეტზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება;
ბ) ფაკულტეტზე სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების – სილაბუსების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება ფაკულტეტის საბჭოსთვის;
გ) სახელმძღვანელოების განხილვა და ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის მათი გამოყენების შესახებ რეკომენდაციის მომზადება ფაკულტეტის და აკადემიური საბჭოებისთვის.
დ) რეკომენდაციების მომზადება ფაკულტეტის დეკანის ან ფაკულტეტის სასწავლო და კლინიკური სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილ, აკადემიურ და კვლევით პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
3. კომიტეტს შეუძლია შექმნას დროებით ქვეკომიტეტები და/ან სამუშაო ჯგუფები კონკრეტული ამოცანის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციის მოსამზადებლად. (07.03.2018 №23/3)
მუხლი 8². ფაკულტეტის დეპარტამენტები
1. დეპარტამენტი წარმოადგენს ფაკულტეტის სტრუქტურულ სასწავლო - სამეცნიერო დანაყოფს, რომელიც განახორციელებს სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო და პრაქტიკულ (კლინიკურ, ლაბორატორიულ და სხვ.) მუშაობას და უზრუნველყოფს ფაკულტეტის სტუდენტების (მათ შორის მაგისტრანტების და დოქტორატების) მომზადებას.
2. სასწავლო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია სასწავლო დისციპლინების სილაბუსების შემუშავება, სასწავლო პროცესის განხორციელება, მეთოდური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების შექმნა, სამეცნიერო პროექტების შემუშავება– განხორციელება, პრაქტიკული (კლინიკური, ლაბორატორიული და სხვ.) საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება.
3. ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალ სასწავლო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დანიშნული პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი (თუ დეპარტამენტს პროფესორი არ ჰყავს). თუ დეპარტამენტში არჩეულ იქნა ორი ან მეტი პროფესორი, თანამდებობაზე მათი დანიშვნა ხდება, როტაციის პრინციპით, თანაბარპროპორციული ვადით. (12.02.2024 №23/3)
4. სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს დამტკიცებული სასწავლო გეგმის (სილაბუსის) მიხედვით სასწავლო პროცესის შეუფერხებელი და მაღალკვალიფიციური წარმართვა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია რექტორის, ფაკულტეტის საბჭოსა და ფაკულტეტის დეკანის წინაშე. (12.02.2024 №23/3)
5. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტები და სხვა სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ბ) ფიზიოლოგიის დეპარტამენტი
გ) სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი
დ) სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი ე) ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის დეპარტამენტი
ვ) ზოგადი თერაპიის დეპარტამენტი
ზ) ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტი თ) ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი
ი) ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკის და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტი
კ) სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი; ლ) საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები;
მ) ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია.
(12.02.2024 №23/3)
მუხლი 9. ფაკულტეტის აკადემიური და სხვა პერსონალი
1. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ - პროფესორებისაგან.
2. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
4. აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით არჩევის პირობები და კრიტერიუმები განსაზღვრულია კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით.
5. კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან რექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს, უმაღლესი განათლებისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. აკადემიური პერსონალის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება დადგენილი წესით ახლად არჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ცნობამდე.
7. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში;
ბ) დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, კვლევა; გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომები;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; (07.03.2018 №23/3)
დ) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
8. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
დ) დაიცვას უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
8′. პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც მის მიმართულებაში/დეპარტამენტში უძღვება და ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს, ასოცირებული პროფესორების, ასისტენტ-პროფესორებისა და სტუდენტების სამეცნიერო- კვლევით მუშაობას. (07.03.2018 №23/3)
8². ასოცირებული პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც მონაწილეობს მიმართულების/დეპარტამენტის სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს ასისტენტ-პროფესორებისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. (07.03.2018
№23/3)
8³. ასისტენტ-პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც უძღვება ლაბორატორიულ, სასემინარო და/ან პრაქტიკულ მეცადინეობებს. (07.03.2018 №23/3)
9. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
10. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: დეკანი, დეკანის მოადგილე(ები), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
ფაკულტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნას
65 წელს მიღწეული პირი.
11. ფაკულტეტის პედაგოგიურ პერსონალს, აკადემიური შტატის გარდა, მიეკუთვნება მოწვეული სპეციალისტი, უფროსი მასწავლებელი და მასწავლებელი, ისინი ახორციელებენ სასემინარო პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. ფაკულტეტის პედაგოგიური შემადგენლობის რაოდენობა განისაზღვრება სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური სამუშაოს მოცულობით. ფაკულტეტის მასწავლებლების დატვირთვის ოდენობას ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მათი კვალიფიკაციის, სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის, სამეცნიერო და მეთოდური სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით. ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელ პირებს შეუძლიათ ჰქონდეთ პედაგოგიური დატვირთვა მათი პროფესიისა და კვალიფიკაციის მიხედვით.(07.03.2018 №23/3)
12. ფაკულტეტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით
გათვალისწინებული ფაკულტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი.
13. ფაკულტეტის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოწვეული პერსონალი.
14. ფაკულტეტის პერსონალის წახალისებასთან და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და სხვა ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 10. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები და სასწავლო პროცესი
1. სწავლების პერიოდში პროგრამით გათვალისწინებული საგნების ათვისება ხდება ყოველკვირეული ლექციების, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების სახით.
2. საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსს, სტრუქტურას, კურიკულუმს, ადამიანურ, მატერიალურ-ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფას, სწავლების ფორმებსა და მეთოდებს, შეფასების მეთოდოლოგიას და პრინციპებს, სწავლის შედეგებს, მიღებულ ზოგად, ტრანსფერულ და დარგობრივ კომპეტენციებს, ცოდნას და უნარებს, დასაქმების და/ან სწავლის გაგრძელების არეალს განიხილავს და განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პროგრამა, დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენის და ხელმძღვანელობის უფლება აქვს პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს.
საგანმანათლებლო პროგრამას განსახილველად ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს კურიკულუმის კომიტეტი შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე. (07.03.2018 №23/3)
2′. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მიმდინარეობა ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, უნივერსიტეტის წესდებას, შინაგანაწესს და წინამდებარე დებულებას. (07.03.2018 №23/3)
2². ფაკულტეტი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ პროგრამებს:
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი);
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი); საექთნო საქმის საბაკალავრო ქართულ-ავსტრიული პროგრამა;
სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამა;
სამაგისტრო პროგრამა „პედიატრიული რეაბილიტაცია“; სამაგისტრო პროგრამა „რეაბილიტაციაში მრჩეველი“; სამაგისტრო პროგრამა „რეაბილიტაცია სპორტში“;
სამაგისტრო პროგრამა „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ (სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად).
(12.02.2024 №23/3)
3. სასწავლო პროცესი მოიცავს ყველა სახის სასწავლო-მეთოდური სამუშაოს დაგეგმვას, ორგანიზაციას და განხორციელებას. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტებია სასწავლო გეგმები და დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი პროგრამები (სილაბუსები).
4. ფაკულტეტზე სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემისა და სასწავლო პროგრამების (სილაბუსების) შესაბამისად. სტუდენტი ვალდებულია ყველა გამოცდა ჩააბაროს სასწავლო პროგრამის (სილაბუსის) და ფაკულტეტის სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შესაბამისად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის ფაკულტეტმა შესაძლებელია დააწესოს შეღავათები მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.
5. ფაკულტეტზე გამოცდები ტარდება უნივერსიტეტში დადგენილი ერთიანი წესით. 6. ამოღებულია. (07.03.2018 №23/3)
7. საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების, შეფასების, საგნის განმეორებით მოსმენის წესი ფაკულტეტზე რეგულირდება უნივერსიტეტში დადგენილი ერთიანი წესის შესაბამისად.
7′. თუ სტუდენტი ვერ მოახერხებს საგანში გამოცდის ჩაბარებას ნებისმიერი მიზეზის გამო (არადამაკმაყოფილებელი შეფასება გამოცდაზე, გაცდენები, დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და სხვ.) იგი ვალდებულია მომავალ სასწავლო წელს ან/და მომავალ სემესტრში განმეორებით შეისწავლოს იგივე საგანი აუცილებელი დასწრებით. (07.03.2018 №23/3)
8. სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის შეწყვეტის პირობები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით.
9. ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ყველა საფეხურის სტუდენტს, უფლება აქვს აიღოს აკადემიური შვებულება, რომელიც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტის წესდებით დადგენილ ვადას.
10. აკადემიური შვებულების აღების მიზნით სტუდენტმა უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით უნივერსიტეტს. გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, იღებს თსსუ-ის რექტორი.
11. ამოღებულია. 07.03.2018 №23/3
12. ფაკულტეტის ადმინისტრაცია გასცემს შესაბამის ცნობას სტუდენტის მიერ აკადემიური შვებულებით სარგებლობის შესახებ.
13. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტიდან სტუდენტის გადმოყვანა და სტუდენტის სტატუსის აღდგენა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით. გადმოყვანისა და აღდგენის შიდა საფაკულტეტო საორგანიზაციო საკითხები რეგულირდება უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებებით და რექტორის ბრძანებებით.
14. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტის შიდა საუნივერსიტეტო მობილობა ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე, აგრეთვე სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან დაშვებელია მხოლოდ სწავლების მეორე წლიდან ფაკულტეტის სტუდენტთა კვოტის ფარგლებში.
15. სტუდენტის მობილობა უნდა განხორციელდეს აკადემიური სემესტრის დაწყებამდე წარმოდგენილი ნიშნების ფურცლის (ტრანსკრიპტის) გათვალისწინებით.
15′. მობილობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. (07.03.2018 №23/3)
16. სტუდენტის მობილობის განხორციელების შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო, შესაბამისი დეპარტამენტის (მიმართულების) და დეკანის თანხმობით ადგენს სემესტრს/კურსს, რომელზედაც გადმოყვანილმა სტუდენტმა უნდა განაგრძოს სწავლა, აგრეთვე იმ საგნების ჩამონათვალს, რომელთა გავლა იქნება აუცილებელი, გამომდინარე სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ტრანსკრიპტიდან.
17. სტუდენტის სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოყვანის შემთხვევაშიც უნდა განხორციელდეს ზემოთ აღნიშნული პროცედურები წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად. სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ტრანსკრიპტის საფუძველზე ფაკულტეტის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რომელ სემესტრში/კურსზე უნდა გააგრძელოს სტუდენტმა სწავლა და რომელი საგნების გავლა არის სტუდენტისათვის აუცილებელი.
18. საფეხურით გათვალისწინებული ხარისხი (კვალიფიკაცია) სტუდენტს ენიჭება საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისა და სავალდებულო კრედიტების დაგროვების შემდეგ.
19. ფაკულტეტის კურსდამთავრებული დიპლომთან ერთად იღებს დადგენილი ფორმის დიპლომის დანართს, რომელსაც დიპლომის გარეშე ძალა არა აქვს, დიპლომი გაიცემა პირადად მფლობელზე პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, სხვა პირზე დიპლომი გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე.
20. დიპლომის (დანართის) დაკარგვის შემთხვევაში გაიცემა დიპლომის (დანართის) ასლი, უნივერსიტეტში დადგენილი წესით.Aამ შემთხვევაში დადასტურებულ უნდა იქნას დაკარგვის ფაქტი, შესაბამისი ცნობის საფუძველზე.
21. ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
22. ფაკულტეტზე აკადემიური წელი შედგება ორი სემესტრისაგან: შემოდგომის და გაზაფხულის.
მუხლი 11. საგანმანათლებლო საფეხურები
1. ფაკულტეტის საგანამათლებლო საფეხურებია: ბაკალავრიატი (უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხური), მაგისტრატურა (უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხური), და დოქტორანტურა (უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური);
(12.02.2024 №23/3)
2. ფაკულტეტზე აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საგანმანათლებლო საფეხური მოიცავს სასწავლო პროგრამების ერთობლიობას. მომდევნო საგანმანათლებოსაფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველს წარმოადგენს წინა სასწავლო საგანმანათლებლო საფეხურის წარმატებით დასრულება.
მუხლი 12. ბაკალავრიატი
1. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.
2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
მუხლი 13. მაგისტრატურა
1. მაგისტრატურა _ აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევარის მომზადებას, აგრეთვე, ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისთვის. მაგისტრატურაში სწავლის უფლება ეძლევათ ბაკალავრს (240 კრედიტი), მაგისტრთან გათანაბრებულ ან დიპლომირებულ პირებს, რომელთა მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 300-ს და გააჩნიათ შესაბამისი დიპლომი, აგრეთვე, ცალკეული სპეციალობების მიხედვით სამაგისტრო პროგრამით განსაზღვრული სპეციალობის და კომპეტენციის მქონე მოქალაქეებს, რომელთა მიერ დაგროვილი კრედიტი შეადგენს: ბაკალავრებისათვის 240 კრედიტს, მაგისტრთან გათანაბრებული ან დიპლომირებული სპეციალისტებისათვის კი 300 კრედიტს. (07.03.2018 №23/3)
2. მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხდება აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამებზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამოღებულია (07.03.2018 №23/3)
4. სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციის პროცედურის შესახებ ინფორმაცია განთავსდება თსსუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
5. ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისა და შიდა საუნვერსიტეტო გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩარიცხული პრეტენდენტი ითვლება მაგისტრანტად.
6. ამოღებულია (07.03.2018 №23/3)
6′. მაგისტრატურაში მიღებისა და სწავლის პირობები, მოთხოვნები სამაგისტრო პროგრამისა და სამაგისტრო ნაშრომისადმი რეგულირდება საქართველოს კანონით “უმაღლესი განათლების შესახებ,” თსსუ-ის წესდებით, ფაკულტეტისა და მაგისტრატურის შესახებ დებულებით. (07.03.2018 №23/3)
მუხლი 14. დოქტორანტურა
1. დოქტორანტურა_აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, რომლის ძირითადი მიზანია სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის მომზადება. დოქტორანტურაში მიღების აუცილებელი პირობაა სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის არსებობა.(07.03.2018
№23/3)
2. სადოქტორო პროგრამა მიიღება წინასწარი ექსპერტიზის შემდეგ.
3. სადოქტორო პროგრამების შეფასება, მოიცავს უნივერსიტეტში დადგენილი წესით ჩატარებულ ექსპერტიზას. ექსპერტიზა გულისხმობს სადოქტორო კვლევის პროგრამის სამეცნიერო, მეთოდური, მოსალოდნელი შედეგების თეორიული და პრაქტიკული ღირებულების შეფასებას, სასწავლო კომპონენტის ადეკვატურობას პროგრამის შინაარსთან.
4. სადოქტორო პროგრამას და ხელმძღვანელს, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს თსსუ-ის აკადემიური საბჭო.
5. დოქტორანტურაში მიღებისა და სწავლის პირობები, მოთხოვნები სადოქტორო პროგრამისადმი რეგულირდება საქართველოს კანონით “უმაღლესი განათლების შესახებ” და ფაკულტეტის დებულებით დოქტორანტურის შესახებ. (07.03.2018 №23/3)
6. ამოღებულია (07.03.2018 №23/3)
7. ამოღებულია (07.03.2018 №23/3)
8. ამოღებულია (07.03.2018 №23/3)
მუხლი 15. სტუდენტის უფლებები და მოვალეობები
1. სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს ფაკულტეტზე საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. (12.02.2024 №23/3)
2. უნივერსიტეტში სწავლაზე უფლება მოპოვებულ პირთა ჩარიცხვის წინაპირობაა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:
ა) განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
დ) ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ე) პირადობის მოწმობის ასლი (დედანის წარმოდგენა ხდება პირადად); ვ) უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულება;
ზ) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ფაკულტეტის სტუდენტის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით და წინამდებარე დებულებით. (07.03.2018 №23/3)
4. სტუდენტი ვალდებულია გულდასმით დაეუფლოს ფაკულტეტის მიერ განსაზღვრულ სავალდებულო საგნებს და დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი და წინამდებარე დებულება. (07.03.2018 №23/3)
5. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებისა და სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობა უნდა დაფარონ უნივერსიტეტში მიღებული წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში.
6. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მატერიალურ_ტექნიკური, საბიბლიოთეკო საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
თ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებაში;
ი) ისარგებლოს სხვა უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს მას საქართველოს კანონმდებლობით.
კ) ამოღებულია (07.03.2018 №23/3)
ლ) საჯარო ინფორმაციის წყაროების მეშვეობით გაეცნოს არჩევით საგანთა ჩამონათვალს და შინაარსს და სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობითი განაცხადი წარმოადგინოს დეკანატში შერჩეული დისციპლინის თაობაზე.
7. სტუდენტის წახალისებასთან და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 16. ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა
1. ფაკულტეტზე მოქმედებს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე სტუდენტური თვითმმართველობა.
2. ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს საერთო საუნივერსიტეტო სტუდენტური თვითმმართველობის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძველს, რომლის მიზანია სტუდენტების მობილობისა და აქტიურობის ხელშეწყობა.
3. სტუდენტური თვითმმართველობა საქმიანობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. (07.03.2018 №23/3) სტუდენტური თვითმმართველობა მისი დებულებიდან გამომდინარე:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
ბ) ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
გ) უფლება აქვს შეიმუშაოს რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებიც დაკავშირებულია სასწავლო პროცესის შემდგომ დახვეწასთან და გაუმჯობესებასთან და წარუდგინოს ფაკულტეტის საბჭოს;
დ) განახორციელოს სხვა აქტივობები, რომლებიც განსაზღვრულია სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით.
4. ფაკულტეტის ადმინისტრაცია არ ერევა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში
მუხლი 17. დასკვნითი დებულებანი
ფაკულტეტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.