2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან
სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ
22/01/2024
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების, ,,2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ" სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის N1.1/1 2024 წლის თორმეტი იანვრის ბრძანების შესაბამისად, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდეს უნივერსიტეტში რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე, მათ შორის:
ა) დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) - 5 ადგილი;
ბ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) – 5 ადგილი;
გ) დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება ) – 5 ადგილი;
დ) მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი: დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან პროგრამაზე - 10 ადგილი; დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვან პროგრამაზე – 5 ადგილი;
ე) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამაზე - 10 ადგილი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის (ქართულ-ფრანგული) საბაკალავრო პროგრამაზე - 15 ადგილი;
ვ) ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე (ქართულენოვანი) – 10 ადგილი; ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) – 10 ადგილი;
ზ) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე (ქართულენოვანი) -5 ადგილი;
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) – 5 ადგილი;
თ) საექთნო საქმის საბაკალავრო ქართულ-ავსტრიულ პროგრამაზე – 5 ადგილი;
ი) სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე – 5 ადგილი;
კ) სადოქტორო პროგრამაზე -,,ფარმაცია"
„ფარმაკოეკონომიკური ასპექტები სოციალურ და კლინიკურ ფარმაციაში“ - 1 ადგილი
2. გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველმა თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში 2024 წლის 14 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა. მოტივირებული განცხადება სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
ბ. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ. სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
დ. ვაჟებისათვის - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ. ორი ფოტოსურათი (3X4, ელექტრონული ვერსიაც);
ზ. ცნობა შეფასებისა და საგამოცდო ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასებების შესახებ;
3. პრეტენდენტების განცხადებების და დოკუმენტაციის რეგისტრაციის, გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ პირთა საბუთების შესწავლისა და სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნას სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დამდგენი კომისია (შემდგომში კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ხათუნა თოდაძე - ვიცე-რექტორი;
ბ) სოფო ბახტაძე - ვიცე-რექტორი;
გ) ირინე კვაჭაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;
დ) რუსუდან რუხაძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ე) დავით თოფურია -მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი;
ვ) ნანა ყიფიანი - სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;
ზ) თამარ ჩიკვილაძე - ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი;
თ) მარინა ციმაკურიძე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;
ი) ლელა მასხულია - ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი;
კ) თინათინ ჩიქოვანი - სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისს და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;
ლ) ეკა ეკალაძე-დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი;
მ) ნინო ვეფხვაძე - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი.
4. კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელია:
ა) კომისიის მოტივირებული დასკვნა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ, რომელშიც პირი სწავლობდა, მის მიერ მიღებული სავალდებულო კრედიტსაათების გათვალისწინებით;
ბ) მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ჩარიცხვის წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამის წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესაბამისი საგანამანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული საგნები და თითოეულ მათგანში გადალახული უნდა ჰქონდეთ თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
გ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის ჩატარდება გასაუბრება.
დ) მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) და დიპლომირებული სტომატოლოგი (ინგლისურენოვანი) გადმოყვანის წესით მიიღებიან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ე) თსსუ რეესტრში ასახავს სტუდენტთა ჩარიცხვის ბრძანების პროექტს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად.
5. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დადებითი დასკვნის მიღების, თსსუ-ის მიერ დადგენილი სწავლის საფასურის გადახდისა და სტუდენტის პირადი საქმის წარმოდგენის საფუძვლებზე, თსსუ-ის რექტორი გამოსცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება მართვის სისტემაში.
6. დაევალოს საქმისწარმოების სამსახურს (ნ.ჩიხრაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.
7. დაევალოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახურს (გ. ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ის ვებგვერდზე.
8. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
9. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია
რექტორი