დამტკიცებული
თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2024 წლის  22  მაისის 
# 23/10   დადგენილებით

სსიპ - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
N1 სტომატოლოგიური კლინიკის
დებულება

მუხლი 1.  რეგულირების სფერო
წინამდებარე დებულება წარმოადგენს სსიპ  - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის #1 სტომატოლოგიური კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებისა  და ძირითადი მიმართულებების მარეგულირებელ შიდა ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს..

მუხლი 2. საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და სტატუსი  
1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  N1 სტომატოლოგიური კლინიკა (შემდგომში “კლინიკა“)  არის სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსსუ”) სტრუქტურული  ერთეული, რომელიც ფუნქციობს თსსუ-ის მიერ დელეგირებული  და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. 
2. კლინიკა  თავის   საქმიანობაში   ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით,   „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით,  „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თსსუ-ს წესდებით, თსსუ-ს მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებითა  და წინამდებარე დებულებით. 
3. კლინიკის სრული სახელწოდებაა : 
ა) ქართულ ენაზე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 სტომატოლოგიური კლინიკა (შემდგომში “კლინიკა“) ;
ბ) ინგლისურ ენაზე -  1 Dental Clinic of Tbilisi State Medical University.
4.  კლინიკას  აქვს საკუთარი ლოგო, ბეჭედი, ბლანკი (სატიტულო ფურცელი). 
5. კლინიკას  გააჩნია თსსუ-ის მიერ გახსნილი საბანკო ქვეანგარიშები და საგრანტო ანგარიშები.
6.  კლინიკის  იურიდიული მისამართია: საქართველო,  ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 33, მე-5 სასწავლო კორპუსი. მითითებულ მისამართზე კლინიკა ახორციელებს სამედიცინო  და  საგანმანათლებლო  საქმიანობას.
7. კლინიკის  ელექტრონული ფოსტის მისამართი -  dentalclinic@tsmu.edu
8. კლინიკის  მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   სხვა სამართლებრივი აქტებით. 

მუხლი 3. კლინიკის მიზანი და ამოცანები
 კლინიკის ძირითადი მიზანი  და ამოცანაა დიპლომამდელი (საბაზისო) და დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა, რეზიდენტურის ალტერნატიული ფორმა) და უწყვეტი პროფესიული განვითარების (პროფესიული მზადებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება), პროგრამის განხორციელებისათვის კლინიკური ბაზით უზრუნველყოფა; პაციენტთათვის პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების შეთავაზება; მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნების გზით პაციენტთა/მომხმარებელთა ნდობის მოპოვება.

მუხლი 4. კლინიკის ფუნქციები
კომპეტენციის ფარგლებში, კლინიკის  ძირითადი ფუნქციებია:
ა) დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა)  პროფესიული მზადების  (კლინიკური  დისციპლინების  სწავლება)  განხორციელება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება; 
გ) უწყვეტი პროფესიული განვითარება: უწყვეტი სამედიცინო განათლების პროფესიული რეაბილიტაცია და სხვა შესაბამისი პროგრამების და ტრეინინგების განხორციელება;
დ) ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო მომსახურების პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა;
ე)  სასწავლო-მეთოდოლოგიური და  სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოება;
ვ)საერთაშორისო სამედიცინო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;
ზ) სამეცნიერო ფორუმების (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი, კონგრესი, ყრილობა) ორგანიზაცია და მონაწილეობის მიღება; 
თ) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა უწყებებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; 
ი) საექიმო სპეციალობებში, მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში და სუბსპეციალობებში დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამების შიდა სააკრედიტაციო ექსპერტიზა, მათი განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

მუხლი. 5 კლინიკის  მართვის პრინციპები
1.  კლინიკა უზრუნველყოფს: 
ა) სამედიცინო საქმიანობის კანონიერებას და სამართლიანობას;
ბ) სამედიცინო პერსონალისა და სტუდენტების აკადემიურ თავისუფლებას;
დ) სამედიცინო  პერსონალისა და სტუდენტების  ჩართულობას;  
ე) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის,  ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების, წოდებრივი და ქონებრივი მდგომარეობის, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვ;
ვ) კონკურსების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, მათ საჯაროობას. 
2.  უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

მუხლი 6. კლინიკის  სტრუქტურა და მართვის ორგანოები 
1. კლინიკის  ხელმძღვანელობას ახორციელებენ   კლინიკური დირექტორი   და  აღმასრულებელი დირექტორი.
2. კლინიკის   სამედიცინო - საორგანიზაციო   საქმიანობას ხელმძღვანელობს   კლინიკური  დირექტორი.
3.  კლინიკის   საფინანსო – ეკონომიკურ და მატერიალური რესურსების მართვას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი.
4. კლინიკას   აქვს თავისი სტუქტურა და საშტატო განრიგი, რომელსაც აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით კლინიკური დირექტორი წარადგენს თსსუ-ში, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ განსახილველად და დასამტკიცებლად. 
5.  კლინიკური   სტრუქტურული   ერთეულების  საქმიანობის წესი განისაზღვრება კლინიკის  აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით,  კლინიკური  დირექტორის  ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 7.  კლინიკური  დირექტორი
1. კლინიკის საქმიანობას ხელმძღვანელობს კლინიკური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თსსუ-ის რექტორი;
2.  კლინიკურ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 10 (ათი) წლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება;
3.  კლინიკური დირექტორის  უფლებამოსილება:  
ა) თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს კლინიკის  საშტატო განრიგით გათვალისწინებულ  პერსონალს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;
ბ) აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით ადგენს  კლინიკის  სტრუქტურისა და საშტატო განრიგის (მათ შორის სახელფასო ფონდის) პროექტს, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ-ის  წარმომადგენლობით საბჭოს;
გ) ამტკიცებს კლინიკის შინაგანაწესს მოქმედი კანონმდებლობისა და თსსუ–ის წესდების შესაბამისად;
დ) კონტროლს უწევს კლინიკის მიერ   საქართველოს საკანონმდებლო აქტების, თსსუ-ის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების და დავალებების  პირნათლად შესრულებას; 
ე) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს კლინიკას;
ვ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კლინიკის სახელით დებს ხელშეკრულებებს. 
თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
ი) ამტკიცებს სამედიცინო სტანდარტებს და უზრუნველყოფს ხარისხის მონიტორინგს;
კ)ანაწილებს უფლება-მოვალეობებს კლინიკის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო დავალებებს, მითითებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ლ) ახორციელებს კოორდინაციას სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან და ხელმძღვანელობას უწევს  სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობას;
მ)  წყვეტს კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმეებს;
ნ) ხელს უწყობს   კლინიკის ინტელექტუალური  პოტენციალის განვითარებას;
ო) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოდის კლინიკის სახელით საქართველოს და უცხო ქვეყნების  სამედიცინო, სამეცნიერო და უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებებთან;
პ)  ხელს უწყობს   თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ჟ) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით  თანამშრომელთა მიმართ, აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით,  გამოიყენოს წახალისების და   დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები; 
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.  კლინიკური  დირექტორის უფლებამოსილება შეიძლება  შეწყდეს  შემდეგ  შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ)  ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს  მიერ  მხარდაჭერის   მიმღებ პირად ცნობისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 

მუხლი 8.   აღმასრულებელი დირექტორი 
1. კლინიკის საფინანსო - ეკონომიკურ და  მატერიალური რესურსების მართვას ახორციელებს  აღმასრულებელი  დირექტორი.
2. აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თსსუ - ის რექტორი, კანცლერის წარდგინებით. 
3. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის მიზანია კლინიკის  მენეჯმენტისა და ფინანსური კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა და გამართულად ფუნქციობის უზრუნველყოფა, კლინიკის ბიუჯეტში აღწერილი ფინანსური რესურსების ადექვატური გადანაწილება, სტრატეგიული და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებით  გათვალისწინებული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. 
4. კლინიკური  დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს  აღმასრულებელი დირექტორი.
5.  აღმასრულებელი  დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს   ბიუჯეტისა და ფინანსური სტრატეგიის პროექტის    შემუშავებას;  
ბ)ამზადებს და კლინიკურ დირექტორთან შეთანხმებით წარუდგენს თსსუ - ის წარმომადგენლობით საბჭოს ბიუჯეტის პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს  დასამტკიცებლად.
გ) ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ და ანგარიშვალდებულია თსსუ-ს წინაშე;
დ) დებულების შესაბამისად,  კომპენტეციის ფარგლებში, განკარგავს ფინანსურ სახსრებს, ეკისრება პასუხისმგებლობა კლინიკის სარგებლობაში გადაცემული ქონებისა და ფულადი სახსრების   ხარჯვაზე;
ე) ამზადებს შემოსავლების/ გასავლების   შესახებ პროექტებს; 
ვ)კლინიკურ დირექტორთან შეთანხმებით უზრუნველყოფს შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო მოთხოვნების შედგენას და წარადგენს მათ თსსუ-ის შესაბამის სამსახურში; 
ზ) წარმართავს საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლს;
თ)ევალება ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი და  მატერიალური/ფინანსური რესურსების ხარჯვის სისწორეზე ზედამხედველობა;
კ)ახორციელებს ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას; 
ლ) ეკისრება მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
მ) ევალება დაქვემდებარებული სტრუქტურის და/ან ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
ნ) ახორციელებს  აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას და მისი განვითარების ხელშეწყობას.
6. აღმასრულებელი  დირექტორის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ  მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევაში. 
დ) გარდაცვალებისას;
ე) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 9. კლინიკის ქონება
1. კლინიკა, თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, იყენებს  თსსუ-ის მოძრავ და უძრავ ქონებას. კლინიკა ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ქონების დაცვა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.
2. კლინიკის სარგებლობაში გადაცემული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამოწერას (კლინიკასთან შეთანხმებით), ასევე გასხვისებას  ახორციელებს თსსუ.

მუხლი 10.  კლინიკის   დაფინანსება და ხარჯები
1. კლინიკის დაფინანსების წყაროებია:
ა) კლინიკის სამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) თსსუ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;
დ) კლინიკის ყველა შემოსავალი განიხილება, როგორც თსსუ-ის შემოსავალი. 
2. კლინიკის ქვეანგარიშებიდან თანხების განკარგვა (კომუნალური ხარჯები და სახელფასო ანაზღაურება, ასევე სხვა ხარჯების გაწევა, რომელიც არ ხორციელდება „სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სხვა) ხორციელდება თსსუ-ის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 
3. ნაერთი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისა და დამტკიცების მიზნით, კლინიკა თსსუ-ის განსახილველად წარუდგენს შემოსავლებისა და გასაწევი ხარჯების შესახებ ინფორმაციას სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად.
4. კლინიკა ვალდებულია, თსსუ-ის წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ. 

მუხლი  11. კლინიკის ეკონომიკური საქმიანობა
1. კლინიკის  ეკონომიკურ და ქონებრივ ურთიერთობებს,  ფინანსური სახსრების მიღებასა და განკარგვას, დადგენილი წესით, ახორციელებს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი თსსუ-ის მიერ დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში.    
2. კლინიკა, თსსუ-თან შეთანხმებით, ამტკიცებს სამუშაოებისა და მომსახურების შესახებ სახარჯთაღრიცხვო ფასებსა და ტარიფებს, ბაზრის კონიუქტურიდან გამომდინარე. 
3. კლინიკის ინფრასტრუქტურის  განვითარების, საოფისე ინვენტარით, ეკონომიკური საქმიანობისათვის  საჭირო  მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და საჭირო მასალებით აღჭურვის პროცედურებს, კლინიკის მომართვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს  თსსუ.  
4. კლინიკა ადგენს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წლიურ ბალანსს და წარუდგენს თსსუ-ს ადმინისტრაციას.
5. კლინიკა თსსუ-თან შეთანხმებით განსაზღვრავს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წლიურ  და პერსპექტიულ გეგმებს. 

მუხლი 12.  აღრიცხვა და ანგარიშგება
1. კლინიკის წლიური შედეგები - შემოსავლები და მის მიერ გაწეული ხარჯები აისახება კლინიკის საანგარიშო საბუღალტრო ანგარიშებში და თსსუ-ის ნაერთ ბალანსში. კლინიკა ვალდებულია შეადგინოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ბალანსი (წლიური) და წარუდგინოს თსსუ-ის.

მუხლი 13. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
კლინიკის რეორგანიზაცია და  ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

მუხლი 14. შრომის უსაფრთხოება
 კლინიკა ხელმძღვანელობს თსსუ-ში არსებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით და უზრუნველყოფს    შრომის უსაფრთხოების რეგულაციის შესრულებას.

მუხლი 15.  გარდამავალი დებულებები     
1. წინამდებარე დებულება ძალაში შედის თსსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ დამტკიცებისთანავე. 
2.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, თსსუ-ის წესდებისა და  საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.   
3. წინამდებარე დებულების დამტკიცებისთანავე, ძალადაკარგულად  გამოცხადდეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 14 იანვრის N 23/1 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 სტომატოლოგიური კლინიკის დროებითი დებულება.”
4. შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კლინიკის  სხვა სამართლებრივი აქტები, რომლებიც გამომდინარეობენ წინამდებარე დებულებიდან.