თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 
26 დეკემბრის №24/6 დადგენილებით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ფაკულტეტის
  დოქტორანტურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება (შემდგომში - „დებულება“) აწესრიგებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს.
2. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, თსსუ-ის წესდების, უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობისა  და უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე უფლებამოსილია უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, რომლის შექმნის და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ (შემდგომში - სადისერტაციო საბჭოს დებულება).
4. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალი, მეცნიერების შესაბამის სფეროში არსებული გამოცდილება, წარმატებული კლინიკური და/ან ექსპერიმენტული  კვლევის შედეგები.
5. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ხელს უწყობს უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის განხორციელებას, ინტერ- და მულტიდისციპლინური სამეცნიერო ხასიათის თანამშრომლობის/ პროფესიული  ქსელის  განვითარებას.
6. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი ხელს უნდა უწყობდეს ბიოსამედიცინო მიმართულების მეცნიერების დარგების, აგრეთვე, საზოგადოების ინტელექტუალურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ განვითარებას.
7. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის მიზანია ტრანსფერული უნარების განვითარების საშუალებით ან/და კვლევის სფეროს მიმართულებით დოქტორანტის მიერ ცოდნის შეძენითა და გაღრმავებით ხელი შეუწყოს დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის სათანადო ხარისხით განხორციელებას, ადეკვატური დაგეგმვის და განხორციელების მეთოდების შემუშავებას.  
8. სადოქტორო კვლევის პროგრამის შინაარსი საფუძვლად უნდა დაედოს მეცნიერების შესაბამის სფეროში ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს ინტერდისციპლინური სამეცნიერო ქსელის განვითარებას.  
9. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია დოქტორანტებისთვის ისეთი კომპეტენციების და ტრანსფერული უნარების განვითარება, როგორიცაა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის/სამეცნიერო პროექტების  დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის შედეგების იმპლემენტაციის გზით ტექნოლოგიურ ტრანსფერში ჩართულობა, სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზი, მონაცემთა ანალიზი,  სამეცნიერო ენაზე აზრის გადმოცემა.  
10. უნივერსიტეტს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტის ეფექტიანად განხორციელებისათვის შემუშავებული აქვს საკვლევი თემის შერჩევის, შეცვლის, სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელების და წარდგენის მექანიზმი, რომელიც სადოქტორო კვლევის სფეროს/სფეროების შესაბამისად განაპირობებს დოქტორანტის მიერ სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შესრულებას აკადემიური კეთილსინდისიერების მექანიზმების დაცვით.
11. უნივერსიტეტში მოქმედებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ეთიკის ნორმები, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მექანიზმები, რომელიც გულისხმობს შესაბამის სფეროში მოქმედ კვლევის ეთიკის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. 

მუხლი 2. მოთხოვნები სადოქტორო კვლევის პროექტისადმი. სადოქტორო კვლევის  განაცხადის წარდგენა,  განხილვა და დამტკიცება 

1.  სადოქტორო  კვლევის პროექტი უნდა მოიცავდეს სამეცნიერო კვლევას, რომლის თეორიულ, ექსპერიმენტულ და კლინიკურ შედეგებს არსებითი მნიშვნელობა ექნება მეცნიერების  შესაბამისი სფეროსათვის.
2. თსსუ-ის პროფესორი და/ან ასოცირებული პროფესორი, ემერიტუსი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,  დადგენილი წესით, აკეთებს სადოქტორო განაცხადს სადოქტორო კვლევის კონკრეტული თემატური მიმართულებ(ებ)ის ფარგლებში. განაცხადი მხარდაჭერილი უნდა იყოს  დეპარტამენტ(ებ)ის  მიერ,  რაც  დასტურდება  ამონაწერით  დეპარტამენტ(ებ)ის სხდომის ოქმიდან, შესაბამისი გადაწყვეტილებით. განაცხადი უნდა მოიცავდეს მომავალი სადოქტორო კვლევის პროექტის კონცეფციას, მათ შორის  - საბაზო დეპარტამენტ(ებ)ის შესაბამის და/ან მომიჯნავე სფერო(ებ)ში თეორიული და/ან პრაქტიკული  ღირებულების მქონე სამეცნიერო საკითხ(ებ)ს  კონკრეტული თემატური  მიმართულებით.
განაცხადი შინაარსობრივად და მეთოდურად რელევანტური უნდა იყოს  დეპარტამენტ(ებ)ის და მისი კოლაბორანტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  სამეცნიერო, მეთოდურ და/ან კლინიკურ  კომპეტენციასთან. სფეროს სპეციფიკიდან და განვითარების  დონიდან გამომდინარე,  სადოქტორო  განაცხადის წარმდგენს (მომავალში - დოქტორანტის ხელმძღვანელს) ბოლო 3 წლის განმავლობაში  გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 სამეცნიერო ნაშრომი უცხოურ საერთაშორისო  ინდექსის  მქონე  რეფერირებად (peer-reviewed)  ჟურნალში. აღნიშნული პუბლიკაციის ასლი თან უნდა ახლდეს სადოქტორო კვლევის განაცხადს. 
3.  სადოქტორო განაცხადში სადოქტორო კვლევის კონკრეტული თემატური  მიმართულებ(ებ)ის ფარგლებში  საკონკურსო ადგილების რაოდენობა დეპარტამენტების მიერ განსაზღვრული უნდა იყოს წინასწარ.
4.  სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს კვლევის შესაბამის სფეროში აკადემიური ხარისხის მქონე (ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით, დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანებით N 69/ნ, 10/04/2019) თსსუ-ის  პროფესორი და/ან ასოცირებული პროფესორი, ემერიტუსი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.  
5.  სადოქტორო კვლევის თანახელმძღვანელი შეიძლება იყოს კვლევის შესაბამის, ან მომიჯნავე  სფეროში აკადემიური ხარისხის მქონე (ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით, დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანებით N 69/ნ, 10/04/2019) თსსუ-ის  პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ემერიტუსი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი.       
6.   უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული თანაფარდობა ხელმძღვანელს და მისი აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტს შორის არ უნდა აღემატებოდეს 1:3-ს ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში. ხელმძღვანელსა და მისი აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტებს შორის 1:5 თანაფარდობა დასაშვებია, თუ სტატუსშეჩერებული დოქტორანტი მოითხოვს სტატუსის აღდგენას აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად დისერტაციის წარდგენის მიზნით. 
7. სადოქტორო კვლევის განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია, საორგანიზაციო-ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ, განხილული და დამტკიცებული უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე, რის შემდეგაც იგი, დადგენილი წესით, განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
8.  განაცხადის ვებგვერდზე განთავსებიდან ერთი თვის ვადაში დოქტორანტურაში სწავლის და აღნიშნული სადოქტორო კვლევის პროექტის შესრულების მსურველი აპლიკანტის (დოქტორანტობის კანდიდატის) მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს განცხადება რექტორის სახელზე, შესაბამისი დოკუმენტაცია და სადოქტორო კვლევის პროექტი (სადოქტორო განაცხადი) განსაზღვრული  თემატური მიმართულების ფარგლებში.
9.   სადოქტორო  კვლევის  პროექტის პირველადი შეფასებისათვის თსსუ-ის რექტორის ბრძანებით იქმნება   სპეციალიზებული  კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- ვიცე-რექტორი მეცნიერების მიმართულებით - თავმჯდომარე,
- თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი,
- სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის  უფროსი - კომისიის წევრი,
-  სადოქტორო პროგრამის  - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“, ხელმძღვანელი - კომისიის წევრი,
- იმ დეპარტამენტ(ებ)ის ხელმძღვანელ(ებ)ი, სადაც გამოცხადდა  კონკურსი - კომისიის წევრი,
- სადოქტორო განაცხადის წარმდგენი აკადემიური/კვლევითი პერსონალი - კომისიის წევრი,
- შესაბამისი და/ან მომიჯნავე დარგის სპეციალისტი - 2-3 წევრი სადოქტორო კვლევის  თემატიკის გათვალისწინებით - კომისიის წევრები.
10. სადოქტორო  კვლევის პროექტების პირველადი განხილვის შედეგები ითვალისწინებს პრინციპს „საკმარისია/არაა საკმარისი“. კომისიის მიერ სადოქტორო კვლევის პროექტის პირველადი შეფასების შედეგი განისაზღვრება ფარული კენჭისყრით. გადაწყვეტილება დადებითია, თუ მას ხმას მისცემს კომისიის წევრთა 2/3 მაინც. სადოქტორო განაცხადის წარმდგენი აკადემიური/კვლევითი პერსონალი კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
შეფასება „საკმარისია/არაა საკმარისი“ განისაზღვრება შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით.   
11. სადოქტორო კვლევის  პროექტის „საკმარისად“ შეფასების შემთხვევაში, პროექტი განსახილველად გადაეცემა თსსუ-ის და შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომელიც  შეფასებისთვის პროექტს გადასცემს შესაბამისი დარგის ექსპერტ(ებ)ს. ექსპერტის მიერ სადოქტორო კვლევის პროექტი შეფასდება ქულობრივად, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
12. სადოქტორო კვლევის პროექტის ხარჯთაღრიცხვის განხილვა ხორციელდება თსსუ-ის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ. სადოქტორო კვლევის პროექტის ხარჯთაღრიცხვას  ამტკიცებს თსსუ-ის წარმომადგენლობითი  საბჭო. 
სამეცნიერო გრანტით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში დაგეგმილი სადოქტორო კვლევის პროექტი, დადასტურებელი დოკუმენტურად, ფინანსურ ექსპერტიზას არ ექვემდებარება.
13. თუ სადოქტორო კვლევის პროექტი ითვალისწინებს კვლევაში ადამიანის ჩართვას და/ან კვლევას ადამიანის ბიოლოგიურ მასალებზე და/ან მონაცემებზე, პროექტი და თანმხლები დოკუმენტაცია პროექტის სამეცნიერო კომპონენტის ეთიკური შეფასებისათვის გადაეცემა უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკის კომიტეტს, რომლის დადებითი დასკვნა აუცილებელია სადოქტორო კვლევის პროექტის დასამტკიცებლად აკადემიური საბჭოს სხდომაზე. ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკის კომიტეტის მუშაობის წესი, პროექტის წარდგენისა და მისი შეფასების ვადების ჩათვლით, განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.
14. თუ სადოქტორო კვლევის პროექტი ითვალისწინებს ცხოველებზე ექსპერიმენტის ჩატარებას, პროექტი და თანმხლები დოკუმენტაცია შესაფასებლად გადაეცემა უნივერსიტეტის ცხოველებზე წარმოებული კვლევის  კომიტეტს, რომლის დადებითი დასკვნა აუცილებელია სადოქტორო კვლევის პროექტის დასამტკიცებლად. ცხოველებზე წარმოებული კვლევის კომიტეტის მუშაობის წესი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.
15. სადოქტორო კვლევის პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, დადებითი შეფასების შემთხვევაში, ფაკულტეტის დეკანი წინამდებარე დებულების შესაბამისად მომზადებულ სადოქტორო კვლევის პროექტს, შეფასების მასალებთან ერთად, განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. 
16. სადოქტორო კვლევის პროექტის ფაკულტეტის საბჭოზე განხილვის შემდეგ, იგი დასამტკიცებლად გადაეცემა აკადემიურ საბჭოს. 
17. სადოქტორო კვლევის პროექტის აკადემიურ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ ცხადდება მიღება დოქტორანტურაში ჩასარიცხად. 
18. დამტკიცებულ სადოქტორო კვლევის პროექტში ცვლილებ(-ებ)ის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 
19.  სადოქტორო  კვლევის  გეგმა/პროექტში უნდა აისახოს: 
- სადოქტორო კვლევის პროექტის სახელწოდება, შესაბამისი დარგი/სპეციალობა;
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- საკვლევი პრობლემის აქტუალობა;
- თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა;
- დაგეგმილი კვლევის სამეცნიერო სიახლე;
- კვლევის მიზანი;
- კვლევის ამოცანები;
- კვლევის მასალა და მეთოდები;
- კვლევის მოსალოდნელი შედეგები;
- კვლევის პროგნოზული  თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა;
- ხარჯთაღრიცხვა;
- შეთანხმებები, ხელშეკრულებები, მემორანდუმები და ა.შ კვლევით ან სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილი სადოქტორო კვლევის პროექტის შესრულებაში.

მუხლი 3. დოქტორანტურაში მიღება

1.  დოქტორანტურაში მიღება ხორციელდება წელიწადში 2-ჯერ: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრებში. 
2. დოქტორანტურაში მიიღება დიპლომირებული მედიკოსი და სტომატოლოგი, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი. 
3. კანდიდატს მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია, ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა, ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
4. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს როგორც საქართველოს, ასევე,  უცხო ქვეყნის მოქალაქეს. 
5. დოქტორანტურაში მისაღები კონკურსი მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას;
ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა  - ტესტური) და უცხოურ ენაში  (გამოცდის ფორმა - კომბინირებული: ტესტური და გასაუბრება). 
გ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების დროს დგინდება უცხოური ენის ფლობის დონე, რაც ითვალისწინებს დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით პროგრამაზე პირის მიერ ინგლისური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე, ან ერთ-ერთი დასავლეთევროპული სხვა უცხოური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისურ ენის ცოდნას არანაკლებ B1 დონეზე.
6. დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა სადოქტორო კვლევის გეგმით განსაზღვრულ სპეციალობაში ტარდება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში. 
7. უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების მიზნით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:
ა) გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა:
ა.ა) სპეციალობაში - 100 ქულა;
ა.ბ) უცხოურ ენაში - 100 ქულა, აქედან ტესტური კომპონენტი - 90 ქულა; გასაუბრება - 10 ქულა.
ბ) საგამოცდო შეფასება დადებითია, თუ კანდიდატის მიერ მიღებული იქნება:
 ბ.ა) სპეციალობაში - 60 ქულა და მეტი;
ბ.ბ) უცხოურ ენაში - 60 ქულა და მეტი. 
8. საგამოცდო  კომისიის  შემადგენლობას,  შესაბამის  დეპარტამენტთან  შეთანხმებით, ვიცე- რექტორის  წარდგინებით  ამტკიცებს  უნივერსიტეტის რექტორი.
9. დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საბუთები საკონკურსოდ მიიღება კონკურსის  გამოცხადებიდან  1 (ერთი) თვის ვადაში (დანართი #1).
10.  გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პრეტენდენტი ითვლება დოქტორანტად.

მუხლი 4. დოქტორანტურაში სწავლა  

1.  დოქტორანტურაში სწავლის ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) სემესტრით. დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, დოქტორანტის მიერ სწავლისა და კვლევის პროცესის დაუსრულებლობის შემთხვევაში, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს უფლება აქვს სწავლის/კვლევის პროცესის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს ფაკულტეტის საბჭოს. შუამდგომლობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ მას თან ერთვის: 
ა) ინფორმაცია დოქტორანტის მიერ სასწავლო კომპონენტის დასრულებისა და კრედიტების მოპოვების შესახებ;
ბ) დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშების ასლები, დამოწმებული სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის მიერ;
გ) შესრულებული უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის - სადისერტაციო ნაშრომის, ორი მესამედი მაინც. 
2.  ფაკულტეტის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტისათვის სემესტრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, მაგრამ არა უმეტეს 4 სასწავლო სემესტრისა. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება რექტორს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. 
3. თითოეული აკადემიური წლისთვის ერთ სამეცნიერო ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს   არაუმეტეს 3 (სამი) დოქტორანტისა.
4. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი მოიცავს 45 კრედიტს. 
5. კვლევითი კომპონენტი მოიცავს სამეცნიერო ნაშრომის (დისერტაციის) შესრულებას, დისერტაციის ძირითადი შედეგების ამსახველ სამეცნიერო პუბლიკაციებს, მონაწილეობას სამეცნიერო ფორუმებში და დისერტაციის დაცვას.
6. სადოქტორო კვლევის შესრულების ინდივიდური გეგმა, შესასრულებელი სამუშაოს ეტაპობრივი და დეტალური სემესტრული განაწილებით, დადასტურებული სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ, თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში წარმოდგენილი უნდა იყოს დოქტორანტის მიერ დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში.
7. კვლევითი კომპონენტის შესრულების და შეფასების წესს განსაზღვრავს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რაც დეტალურად უნდა იყოს ასახული სადოქტორო კვლევის პროექტის შესრულების გეგმა-ბარათში. 
8. დოქტორანტურის კვლევითი ან/და სასწავლო კომპონენტის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებთან. 
9. ფაკულტეტი ხელს უწყობს დოქტორანტის მობილობას საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას.
10. სათანადო დასაბუთების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება აქვს ისარგებლოს აკადემიური შვებულებით.
11. ფაკულტეტი უზრუნველყოფს დოქტორანტის სწავლისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
12. დოქტორანტურაში სწავლის პირველი და მეორე წლის ბოლოს დოქტორანტი უნდა წარდგეს ზეპირი ანგარიშით შესაბამისი დეპარტამენტ(ებ)ის წინაშე. ანგარიში ფორმდება სხდომის ოქმის სახით და წარედგინება თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს. 
12.1. დოქტორანტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სრულად უნდა აღწერდეს ინდივიდუალური   სადოქტორო კვლევის გეგმის მიხედვით შესრულებულ სამუშაოს.
12.2. ანგარიშის შეფასება ხორციელდება სადოქტორო პროექტის სასწავლო და კვლევით კომპონენტში მიღწეული პროგრესის მიხედვით.
12.3. დოქტორანტის ანგარიში ფასდება როგორც კარგი, საკმარისი (რეკომენდაციებით გასაუმჯობესებელი აქტივობების შესახებ) და არასაკმარისი. არასაკმარისი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტმა სულ მცირე 3 და არაუმეტეს 6 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს ახალი ანგარიში. 
12.4  დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში დოქტორანტს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც იმართება ყოველ სასწავლო წელს.
13. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი (დისერტაცია). 
14. დისერტაცია უნდა წარმოადგენდეს დოქტორანტის კვლევითი მუშაობის შედეგს და შეიცავდეს სამეცნიერო სიახლეს.
15. დისერტაცია  წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ  ენებზე. 
16. სადოქტორო კვლევის პროექტის დამთავრების, შესაბამისი კრედიტების შესრულების და გამოცდების ჩაბარების შემდეგ იმ დეპარტამენტში, სადაც შესრულდა სადოქტორო კვლევის პროექტი, ხდება სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი განხილვა, რომლის ჩატარების დრო და თარიღი უნდა ეცნობოს სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს. წინასწარი განხილვის ოქმი უნდა მოიცავდეს: პროექტის აქტუალობის, ნაშრომის მეცნიერული, თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შეფასებას, სტრუქტურისა და ენობრივი გამართულობის განსაზღვრას, დასკვნას ნაშრომის ძირითადი შედეგების ორიგინალობის შესახებ. ნაშრომი დადებითი შეფასების შემდეგ წარედგინება სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზის შემდეგ დისერტაციას გადასცემს შესაბამის სადისერტაციო საბჭოს. 
17.    დასრულებული    სადოქტორო    კვლევის    შედეგების    წინასწარ განხილვაზე    წარდგენის დროისათვის დოქტორანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს ორი სამეცნიერო სტატია მაინც;
ა) ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატიებიდან ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებული უნდა იყოს 0.5 და მეტი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო გამოცემაში (Web of Science ან Scopus), ხოლო ერთი - რეფერირებად ან მონაცემთა საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო გამოცემაში. ორივე პუბლიკაციაში დოქტორანტი მითითებული უნდა იყოს პირველ, ან მეორე ავტორად, ხოლო აფილიაციად მითითებული უნდა იყოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 
ბ) აღნიშნული შესაბამისობის  დასადგენად იქმნება კომისია უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის და შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლობით. 

მუხლი 5. დოქტორანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა 

1. დოქტორანტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია თსსუ-ის წესდებით.
2. უნივერსიტეტის  წესდების 33-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, დოქტორანტს სტატუსი შეუწყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების შემთხვევაში;
ბ) დოქტორანტის მიერ სწავლისა და კვლევის პროცესის ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

1. დებულება ძალაშია 2025 წლის 1 იანვრიდან.
2. წინამდებარე დებულების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულება“.
3. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ამ დებულების მიღებისთვის დადგენილი წესით. 

დანართი #1

დოქტორანტურის კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

1. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);
2. უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
3.  შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან;
4. სადოქტორო კვლევის პროექტი; 
5. შესაბამის სფეროში არსებული ან/და წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია, ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა, ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. CV; 
8. ფოტოსურათი (3×4,  ელექტრონული  ფორმით).