„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ წესდების მე-16 მუხლის საფუძველზე, თსსუ - ის შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ინციდენტის წარმოშობისას სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის რეაგირების წესი“თანდართული დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურს წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული წესის ელექტრონული წესით დაგზავნა უნივერსიტეტის სტუდენტთათვის უნივერსიტეტის ოფიციალური პორტალის მეშვეობით.
3. დაევალოს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის და კარიერული განვითარების სამსახურს სტუდენტთა აქტიური ინფორმირების უზრუნველყოფა აღნიშნული წესისა და უსაფრთხოების პროტოკოლების თაობაზე.
4. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს წინამდებარე წესისა და ინფორმაციის თსსუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ოფიციალურ სოციალურ ქსელში გამოქვეყნება.
5. დაევალოს თსსუ - ის საქმისწარმოების სამსახურს წინამდებარე ბრძანების და მისი დანართის (წესის) ოფიციალური წესით დარიგება/გადაგზავნა თსსუ-ის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან (ფაკულტეტებთან, ადმინისტრაციულ და სასწავლო დეპარტამენტებთან, სამსახურებთან, ცენტრებთან, ლაბორატორიებთან, საუნივერსიტეტო კლინიკებთან,ინსტიტუტებთან და მუზეუმთან).
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე ბუაჩიძე
კანცლერი
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ინციდენტის წარმოშობისას სტუდენტებისა
და აკადემიური/ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის რეაგირების წესი
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის რეაგირების სტანდარტს უნივერსიტეტის შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ინციდენტის, სამართალდარღვევის, უსაფრთხოების რისკის ან საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას.
საგანგებო ან/და არასტანდარტულ სიტუაციაში პროცესების ეფექტიანი მართვის, საფრთხის დროული ლოკალიზებისა და უნივერსიტეტის სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფისათვის კრიტიკულად აუცილებელია მყისიერი რეაგირება და თსსუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის დაუყოვნებლივი ინფორმირება.
2. შეტყობინების პროტოკოლი და კომუნიკაციის არხები
ინციდენტის დაფიქსირებისთანავე, სტუდენტი ან/და აკადემიური / ადმინისტრაციული / დამხმარე პერსონალი ვალდებულია, დაუყოვნებლივ იმოქმედოს შემდეგი ორმხრივი არხიდან ერთ-ერთის გამოყენებით:
ა) ადგილზე მიმართვა: უახლოეს პოსტზე მყოფ თსსუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთან მისვლა და ვითარების შესახებ ზეპირი შეტყობინება;
ბ) სატელეფონო კავშირი: დაუყოვნებლივი ზარი დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ტელეფონის ნომერზე: 032 256 24 16
3. რეაგირების თანმიმდევრობა შეტყობინებისას
თსსუ - ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთან დაკავშირებისას შეტყობინების ავტორმა მკაფიოდ უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
1. ინციდენტის ზუსტი ლოკაცია (შენობის დასახელება, სართული, აუდიტორია/ლაბორატორია ან ეზოს კონკრეტული არეალი);
2. ინციდენტის ხასიათი (სამედიცინო/საგანგებო შემთხვევა, კონფლიქტური სიტუაცია, მატერიალური ზიანის საფრთხე, საეჭვო ნივთის/პირის დაფიქსირება და ა.შ.);
3. დაშავებულთა ან საფრთხის ქვეშ მყოფ პირთა არსებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. შეტყობინების მიმწოდებელი პირის მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში (სახელი, გვარი, პოზიცია, სტატუსი/ფაკულტეტი).
4. უსაფრთხოების ძირითადი წესები ინციდენტის დროს
ა) შეინარჩუნეთ სიმშვიდე: მოერიდეთ პანიკას და იმოქმედეთ თანმიმდევრულად;
ბ) ნუ ჩაერევით რისკის შემცველ სიტუაციაში: თუ ინციდენტი შეიცავს ფიზიკური დაპირისპირების ან საფრთხის რისკს, ნუ შეეცდებით ვითარების დამოუკიდებლად განმუხტვას - დაელოდეთ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ან სხვა კომპეტენტური უწყების მხრიდან რეაგირებას;
გ) დაემორჩილეთ ინსტრუქციებს: მკაცრად შეასრულეთ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მითითებები;
5. შესრულების სავალდებულოობა
წინამდებარე წესის დაცვა სავალდებულოა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე და ემსახურება თითოეული სტუდენტისა და თანამშრომლის უსაფრთხოებისა და მშვიდი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას.