დამტკიცებულია: თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2018 წლის 7 მარტის #23/3 დადგენილებით

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - “უნივერსიტეტი”) მედიცინის ფაკულტეტი (შემდგომში - “ფაკულტეტი”) წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო, სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევების და პრაქტიკული მუშაობის განხორციელებას, უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, შესაბამისი აკადემიური ხარისხისა და კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. თავის საქმიანობაში ფაკულტეტი ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული სამართლებრივი აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რექტორის და კანცლერის ბრძანებებით და მედიცინის ფაკულტეტის წარმოდგენილი დებულებით.
3. ფაკულტეტს აქვს შტამპი, ბეჭედი და სატიტულო ფურცელი. სატიტულო ფურცელზე ასახულია ფაკულტეტის სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
4. ფაკულტეტის ძირითადი ამოცანაა, უზრუნველყოს სტუდენტთა სწავლება დამტკიცებული და აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად.
5. ფაკულტეტის მიზანი, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება;
ბ) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების, პროგრამებისა და გეგმების შემუშავება და განხორციელება;
გ) ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება სამეცნიერო კვლევის თანამედროვე მეთოდების ათვისებითა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებით;
დ) უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და ექიმთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება, განხორციელება და განვითარება;
ე) ფუნდამენტური, პრეკლინიკური და კლინიკური დეპარტამენტების სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული (კლინიკური, ლაბორატორიული და სხვ.) მუშაობის კოორდინაცია;
ვ) ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემის (ECTS) შესაბამისი შინაარსის, ორიენტაციისა და სტრუქტურის პროგრამებისა და კურიკულუმების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
ზ) საერთაშორისოსასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან კოოპერაცია და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
თ) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფინანსური და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფა;
ი) სახელმძღვანელოების, მეთოდური რეკომენდაციებისა და გაიდლაინების შექმნის ხელშეწყობა, დამტკიცება და განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
ლ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა, სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების შემდგომი დახვეწა და განვითარება;
მ) პროფესორ-მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა.
6. ფაკულტეტისათვის განკუთვნილი სახსრები ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
7. ფაკულტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;
ბ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით, ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
გ) თვითდაფინანსება  (სტუდენტის, ექიმის, დოქტორანტის ან სპონსორის შემონატანები);
დ) უცხოური გრანტები;
ე) სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
ვ) სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ ერთეულებზე აბიტურიენტთა მიღების წახალისების მიზნით გამოყოფილი სპეციალური სახელმწიფო-საბიუჯეტო პროგრამები;
ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
თ) გრძელვადიანი საბანკო სესხები;
ი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლები.

მუხლი 2. ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვა

1. ფაკულტეტი შედგება სასწავლო–სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.
2. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პროგრამული მიმართულებები და მათი დეპარტამენტები მათ სტრუქტურაში არსებულ ლაბორატორიებთან ერთად;
ბ) დეკანატი;
გ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა
დ) სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
3. სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ ფაკულტეტზე არსებული პროგრამული მიმართულებები და მათი დეპარტამენტები, აგრეთვე ფაკულტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულები, რომელთა საქმიანობის წესი რეგულირდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.
4. უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, ცენტრი, კლინიკა ან/დასხვა ერთეული, რომელთა საქმიანობის წესი რეგულირდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.
5. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეული(ები), თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოსა და დეკანატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებს შესაბამისი სამსახურის განვითარების წინადადებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
6. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):
ა) ფაკულტეტის საბჭო,
ბ) ფაკულტეტის დეკანი,
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

მუხლი 3. ფაკულტეტის საბჭო

1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის არჩევა ხდება წარმომადგენლობის საფუძველზე ფაკულტეტის მიმართულებების (დეპარტამენტების) მიხედვით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესით.
სტუდენტთა  რაოდენობა განისაზღრება საბჭოს შემადგენლობის 1/4-ით.
2. ფაკულტეტის საბჭო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
3. ფაკულტეტის საბჭო საქმიანობას წარმართავს საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ფაკულტეტის დეკანი.
4. ფაკულტეტის საბჭო:
ა) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
ბ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; განიხილავს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურას, დებულებას და წარუდგენს განსახილველად უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, დასამტკიცებლად - უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს;
ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
ვ) უფლებამოსილია დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3 მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
ზ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის მოვალეობის შესრულებას ფაკულტეტის საბჭო აკისრებს ამავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს.
თ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 4. ფაკულტეტის დეკანი

1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესით, ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი თვით ადრე გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 1 და არაუმეტეს ორი კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.
2. დეკანად შეიძლება აირჩეს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
3. დეკანი ფაკულტეტის მმართველი სუბიექტია, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ორგანიზებას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილება შეწყვეტილი დეკანის დარჩენილი ვადით.

მუხლი 5. ფაკულტეტის დეკანატი

1. ფაკულტეტის დეკანის სათათბირო ორგანოა დეკანატი. დეკანატი აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
2. დეკანატი ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზაციას და კონტროლს.
დეკანატის ფუნქციებია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამებზე აკადემიური პროცესის ორგანიზება;
ბ) ფაკულტეტზე მიმდინარე აკადემიური პროცესის აღრიცხვა და კონტროლი;
გ) სასწავლო განრიგისა და სწავლების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება;
დ) ფაკულტეტის სტუდენტთა რეგისტრაცია, სტუდენტთა პირადი საქმეების შედგენა და დოკუმენტაციის კონტროლი;
ე) ღონისძიებათა შემუშავება სტუდენტების სწავლების ხარისხისა და ეფექტურობის ასამაღლებლად;
ვ) მეთოდური მუშაობის დაგეგმვა და ორგანიზაცია;
ზ) ფაკულტეტის განვითარების პერსპექტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი სრულყოფის გეგმების შემუშავება;
თ) დამხმარე ხასიათის ტექნიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციულ სამუშაოს განხორციელება ფაკულტეტის მართვის ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობისთვის.
ი) იმ შემთხვევაში, როდესაც ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე განსახილველია მხოლოდ ერთი საკითხი, საბჭო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ელექტრონული ფორმით საკითხის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის დეკანი (N23/8;24.07.2019).
3. დეკანატის სტრუქტურა:
ა) დეკანის ოფისი (დეკანი, დეკანის მოადგილეები, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის პირველი ეტაპის კოორდინატორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პორგრამის ადმინისტრაცია);
ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (სამსახურის უფროსი);
გ) სამდივნო (სამდივნოს უფროსი, მდივნები).
4. დეკანატში აკადემიური მუშაობის უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილეები და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის I ეტაპის კოორდინატორი.
5. დეკანის მოადგილეებისა და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის I ეტაპის კოორდინატორის ფუნქციებია: კონტროლი სასწავლო პროგრამების სწორ განხორციელებაზე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინფორმირება მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესების შესახებ, სასწავლო ცხრილების შედგენის კონტროლი, ლექცია-სემინარების მიმდინარეობის კონტროლი, სასესიო გამოცდების მართვა და კონტროლი; სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამების გაცნობა, დახმარება მათში ორიენტაციასა და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შედგენაში, პროგრამათა ურთიერთობების ახსნა, სტუდენტთა პირადი საქმეების პერიოდული კონტროლი, დეპარტამენტებთან კოორდინაციით ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება - შემოსავლებისა და ხარჯების გაანგარიშება და დაგეგმვა. დეკანის მოადგილეები ინიშნებიან რექტორის ბრძანებით ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე.
6. სამდივნოს უფროსის ფუნქციებია: დეკანატში შემოსული და დეკანატიდან გასული წერილობითი ინფორმაციის აღრიცხვა და თავმოყრა, უნივერსიტეტში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტის დამუშავება და ანალიზი, დეპარტამენტებსა და მიმართულებებში საგამოცდო და შუალედური უწყისების გაცემა-დაბრუნების კონტროლი, ადმინისტრაციის სამსახურებსა და სამდივნოს შორის მუშაობის კოორდინაცია, სტუდენტებისა და პროფესურის მონაცემთა ბაზის კონტროლი.
7. მდივნის ფუნქციებია: სტუდენტთა რეგისტრაცია, პირადი საქმეების შექმნა, ბაზის კომპიუტერული ვერსიისა და დემოგრაფიული მონაცემების შექმნა და სისტემატური განახლება; სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება; შესაბამისი სტრუქტურებისათვის ცხრილების, სიების, უწყისების და სტუდენტთა მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; სტუდენტთათვის ცნობებისა და ინფორმაციის გაცემა; საგამოცდო უწყისების დამუშავება; აკადემიური მონაცემების სტატისტიკური დამუშავება; კონტროლი სტუდენტთა აკადემიურ და ფინანსურ დავალიანებაზე; დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ატესტაციის ორგანიზება, დემოგრაფიული მონაცემების გადამოწმება დიპლომის შესავსებად, სტუდენტთა პირადი საქმეების არქივშიჩაბარება.

მუხლი 6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების და განვითარებაში ხელშეწყობის მიზნით იქმნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს წინამდებარე დებულებისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფის ხელშეწყობა სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენების გზით, აკადემიური და მისი თანმხლები პროცესების წარმართვის მარეგულირებელი საქართველოს, საუნივერსიტეტო და საერთაშორისო ნორმატიული და/ან სარეკომენდაციო დოკუმენტების გაცნობა ფაკულტეტის პროგრამებში ჩართული პერსონალისათვის და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა, ასევე, შესაბამისი მოთხოვნების და პროცედურების განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს სხვა უნივერსიტეტებთან, მათ შორის - საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უნივერსიტეტის ყველა სამსახურთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირჩევსფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით. არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.

მუხლი 7. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

1. თსსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო (შემდგომში - სადისერტაციო საბჭო) არის მედიცინაში დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
2. სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
3. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორი და ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მთავარი და უფროსი მეცნიერები. სადისერტაციო საბჭოში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მოწვევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს მედიცინაში.

მუხლი 8. ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტი

1. კომიტეტის მიზანია მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური საგანმანთლებლო პროგრამების შემუშავებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება/განხილვა. კომიტეტი განიხილავს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სათანადო წესის, პროცედურის და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად წარმოდგენილ საექსპერტო შეფასებებს, საგანმანათლებლო პროგრამების და კურიკულუმის, სასწავლო ლიტერატურის, სასწავლო კურსების სილაბუსების და სხვ. შესახებ. ამზადებს შესაბამის რეკომენდაციას ფაკულტეტის საბჭოზე, შემდეგ კი – უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად.
2. კომიტეტის ფუნქციებია:
ა) ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტი, მიმართულება) მონაწილებით მომზადებული საგანმანთლებლო პროგრამების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება;
ბ) რეკომენდაციების მომზადება უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საგანმანთლებლო პროგრამების განხორციელებისათვის გამოსაყენებელი სასწავლო (ძირითადი, დამხმარე, სხვა) ლიტერატურის შესახებ;
გ) რეკომენდაციების მომზადება ფაკულტეტის დეკანის ან ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს აკადემიურ პროცესთან.
3. კომიტეტის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის მდივანი და კომიტეტის წევრები.
2. კომიტეტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 15 პირით.

მუხლი 9. ფაკულტეტის დეპარტამენტები

1. დეპარტამენტი წარმოადგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო დანაყოფს, რომელიც განახორციელებს სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო და პრაქტიკულ (კლინიკურ, ლაბორატორიულ და სხვ.) მუშაობას და უზრუნველყოფს ფაკულტეტის სტუდენტების მომზადებას. დეპარტამენტების მუშაობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით.
2. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სასწავლო დისციპლინის სილაბუსების შემუშავება;
ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა;
გ) სადოქტორო კვლევის პროგრამებზე მუშაობა,
დ )მეთოდური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების შექმნა;
ე) სამეცნიერო პროექტების შემუშავება;
ვ) სამეცნიერო პროექტების განხორციელება  თეორიული, კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით;
ზ) პრაქტიკული (კლინიკური, ლაბორატორიული და სხვ.) საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება.
3.დეპარტამენტის მუშაობას, ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით, წარმართავს დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროგრამული მიმართულებების კოორდინატორებთან ერთად. იგი პასუხისმგებელია დეპარტამენტის სტრუქტურაში არსებული ყველა რგოლის მუშაობაზე.
4.მედიცინის ფაკულტეტის დეპარტამენტები და პროგრამული მიმართულებები აგრეთვე, სტრუქტურული ქვედანაყოფები განისაზღვრება დანართი 1-ის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე დებულების განუყოფელ ნაწილს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ქვედანაყოფების დებულებას ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.

მუხლი 10. ფაკულტეტის პერსონალი და მათი ფუნქციები

1. ფაკულტეტის პერსონალს მიეკუთვნება ადმინისტრაციული, აკადემიური, პედაგოგიური, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალი.
2. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება: დეკანი, დეკანის მოადგილეები და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
3. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება თსსუ-ში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა.
4. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ და შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევა;
ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა ამ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;
ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ან უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
4. ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენენ პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ-პროფესორები. პროფესორები მონაწილეობენ და წარმართავენ სასწავლო პროცესს და მეცნიერულ კვლევებს. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
5. აკადემიური პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;
ბ) დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამის შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) 5 წელიწადში ერთხელ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო- შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ვადით;
ე) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
6. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის და ფაკულტეტის დებულების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების ან მივლინების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.
5. აკადემიურ თანამდებობათა დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი.
6. პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც მის დეპარტამენტში ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს, ასოცირებული პროფესორების, ასისტენტ-პროფესორებისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
9. ასოცირებული პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც მონაწილეობს დეპარტამენტის/მიმართულების სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს ასისტენტ-პროფესორებისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
10. ასისტენტ-პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც უძღვება ლაბორატორიულ, სასემინარო და/ან პრაქტიკულ მეცადინეობებს.
11. აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელია:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ;
გ) ეთიკის კოდექსის და დისციპლინური პასუხისმგებლობის დარღვევის შემთხვევაში;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში;
ე) პენსიაზე გასვლის და ემერიტუსის წოდების მინიჭებისას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
12. ფაკულტეტის პედაგოგიურ პერსონალს, აკადემიური შტატის გარდა, მიეკუთვნება მოწვეული მასწავლებელი. იგი უფლებამოსილია, გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
13.  ფაკულტეტის  პედაგოგიური  შემადგენლობის  რაოდენობა  განისაზღვრება სასწავლო, მეთოდური და სამეცნიერო სამუშაოს მოცულობით, თითო პედაგოგზე გათვლილი დროის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატიული აქტებით.
14. ფაკულტეტის პედაგოგების დატვირთვის ოდენობას ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მათი კვალიფიკაციის, სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის, სამეცნიერო და მეთოდური სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით. ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელ პირებს შეუძლიათ ჰქონდეთ პედაგოგიური დატვირთვა და ეწეოდნენ კლინიკურ საქმიანობას მათი პროფესიისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
15 . ფაკულტეტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება ფაკულტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი, უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით ან ხელშეკრულებით მოწვეული სხვა
პირები.

მუხლი 11. ფაკულტეტის საგანმანთლებლო პროგრამები

1. მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოიცავს:
ა) აკადემიური  უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთსაფეხურიან - დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას, 360 კრედიტი;
ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურს – დოქტორანტურას, 180 კრედიტი.
2. სწავლების პერიოდში პროგრამით გათვალისწინებული საგნების ათვისება ხდება ყოველკვირეული ლექციების, პრაქტიკული, სემინარული და ლაბორატორიული მეცადინეობების სახით.
3. საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსს, სტრუქტურას, კურიკულუმს, ადამიანურ, მატერიალურ-ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფას, სწავლების ფორმებსა და მეთოდებს, შეფასების მეთოდოლოგიას და პრინციპებს, სწავლის შედეგებს, მიღებულ ზოგად, ტრანსფერულ და დარგობრივ კომპეტენციებს, ცოდნას და უნარებს, დასაქმების და/ან სწავლის გაგრძელების არეალს განიხილავს და განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პროგრამა, დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენის და ხელმძღვანელობის უფლება აქვს პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს.
საგანმანათლებლო პროგრამას განსახილველად ფაკულტეტის საბჭო იღებს ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე.
4. დოქტორანტურაში მიღებისა და სწავლის პირობები, აგრეთვე, მოთხოვნები სადოქტორო პროგრამისადმი, რეგულირდება ფაკულტეტის დებულებით
დოქტორანტურის შესახებ.

მუხლი 12. ფაკულტეტის სტუდენტის უფლებები და მოვალეობები
1. სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის, დოქტორანტურის, პროგრამის გასავლელად.
2.  უნივერსიტეტში  ჩარიცხული  სტუდენტი  ფაკულტეტის  დეკანატში  წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) ზოგადი განათლების მოწმობის დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს;
ბ) ცნობას სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ (ვაჟებისათვის);
გ) ოთხ ცალ 3X4 ფოტოსურათს;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს (დედანის წარმოდგენა ხდება პირადად);
ე) უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილ სხვა საბუთებს.
3. უმაღლესი   განათლების მქონე პირებმა,  რომლებსაც სურვილი აქვთ სწავლა განაგრძონ დოქტორანტურაში,  უნდა წარმოადგინონ დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, ან დიპლომისშემდგომი სწავლების/რეზიდენტურის დასრულების დამადასტურებელი საბუთი
4. ფაკულტეტის სტუდენტის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით და წინამდებარე დებულებით. სტუდენტი ვალდებულია გულდასმით დაეუფლოს ფაკულტეტის მიერ განსაზღვრულ სავალდებულო საგნებს და დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი და წინამდებარე დებულება.
5. სტუდენტზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულებები გულისხმობს:
ა) უნივერსიტეტში დადგენილი წესით და ვადებში გადაიხადოს უნივერისტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასური ან დაფაროს განსხვავება სახელმწიფოს გრანტსა და უნივერსიტეტში სწავლის დადგენილ საფასურს შორის;
ბ) გადაიხადოს სწავლის დადგენილი საფასური იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ დაამთავრებს სასწავლო პროგრამას დადგენილ ვადაში;
გ) სტუდენტი, რომელიც სტატუსს იჩერებს პირადი განცხადების საფუძველზე სწავლის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ და ჩართული იყო სასწავლო პროცესში, კარგავს გადახდილი/ დარიცხული სწავლის საფასურის შემდგომ სემესტრში გამოყენების უფლებას (N23/13;25.07.2023წ.);
ე) სტუდენტს გადახდილი თანხა არ უბრუნდება მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვის ან სწავლის პერიოდში სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის შემთხვევაში.
6. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში;
გ) უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მატერიალურ_ტექნიკური, საბიბლიოთეკო-საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის - საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში უნივერისტეტის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მომდინარეობისას; თ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებაში;
ი) ისარგებლოს სხვა უფლებებით, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით;
კ) ფაკულტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის ცოდნის ობიექტურ შეფასებას შესაბამისი პროცედურების მეშვეობით.

მუხლი 13. ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

1. ფაკულტეტის სტუდენტების საყოველთაო და თანასწორი არჩევნების საფუძველზე იქმნება სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც საქმიანობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს საერთო საუნივერსიტეტო სტუდენტური თვითმმართველობის შექმნისა და ფუნქციობის საფუძველს, რომლის მიზანია სტუდენტების აქტიურობის ხელშეწყობა.
3. სტუდენტური თვითმმართველობა, მისი დებულებიდან გამომდინარე:ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
ბ) ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, დაკავშირებულს აკადემიური პროცესის შემდგომ დახვეწასთან და გაუმჯობესებასთან და წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს;
დ) განახორციელებს სხვა აქტივობებს, განსაზღვრულს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით.
4. ფაკულტეტის ადმინისტრაცია არ ერევა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
მუხლი 14. აკადემიური პროცესი
1. სასწავლო პროცესი მოიცავს სხვადასხვა სახის სასწავლო-მეთოდური სამუშაოს დაგეგმვას, ორგანიზებას და ჩატარებას, ფაკულტეტის სტუდენტების მიერ სასწავლო მასალის ათვისების მიმდინარე და დასკვნით მონიტორინგს. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მიმდინარეობა ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, უნივერსიტეტის წესდებას, შინაგანაწესს და წინამდებარე დებულებას.
2. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტებია სასწავლო გეგმა და დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი სილაბუსები, რომელთა შემუშავება და რეგულარული განახლება ხდება საერთაშორისო და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით.
3. სასწავლო პროცესის ხარისხისა და სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი იყოფა მიმდინარე და დასკვნით მონიტორინგად:
ა) მიმდინარე მონიტორინგი განკუთვნილია სასწავლო მასალის ათვისების ხარისხის შესამოწმებლად, საგანმანათლებლო პროცესის მართვის გასაუმჯობესებლად, სასწავლოდა სამეცნიერო მუშაობის სტიმულაციისათვის და მეცადინეობათა ჩატარების მეთოდიკის სრულყოფისათვის. მიმდინარე მონიტორინგი ეხება ყველა სახის სასწავლო პროცესს და მის სახეს ადგენს ფაკულტეტის დეკანი. მონიტორინგის შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია ინახება ფაკულტეტზე.
ბ) დასკვნითი მონიტორინგი განკუთვნილია სასწავლო დისციპლინის მიზნების განხორცილების ხარისხის შესამოწმებლად და ხორციელდება გამოცდების სისტემით. დასკვნითი მონიტორინგის ფორმა ცალკეულ დისციპლინაში ან მის ნაწილში დგინდება სილაბუსით.
4. ფაკულტეტზე სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემისა და სილაბუსების შესაბამისად. სტუდენტი ვალდებულია ყველა გამოცდა ჩააბაროს სილაბუსის და ფაკულტეტის სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შესაბამისად.
5. ფაკულტეტზე აკადემიური წელი შედგება ორი - შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრისაგან.
6. სასწავლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს გეგმით გათვალისწინებული კრედიტები, რათა სწავლა განაგრძოს მომდევნო სემესტრის პროგრამით. იმ სტუდენტებს, რომლებსაც გამონაკლისის სახით ნება დაერთოთ სწავლების საერთო ვადის ფარგლებში ისწავლონ ინდივიდუალური გრაფიკით.
გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ დეკანის მიერ დადგენილ ვადებში, წინასწარ შედგენილი გეგმით.
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის ფაკულტეტმა შესაძლებელია დააწესოს შეღავათები მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. აღნიშნული შეღავათები დაწესდება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში და რეგულირდება დეკანის გადაწყვეტილებით.
8. საგნის საგამოცდო უწყისი შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს ორჯერ. დასაბუთებულ შემთხვევაში დასაშვებია სტუდენტზე ინდივიდუალური უწყისის გაცემა.
9. გამოცდაზე გამოცხადებისას სტუდენტი ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც მან გამომცდელს უნდა წარუდგინოს გამოცდის დაწყებისას. პრაქტიკულ მეცადინეობაზე, გამოცდაზე უცხო პირთა დასწრება უნივერსიტეტის რექტორის ან ფაკულტეტის დეკანის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
10. გამოცდაზე მიღებული შეფასების აპელაცია შესაძლებელია გამოცდის დასრულებიდან მხოლოდ 24 საათის განმავლობაში.
11. სტუდენტის სტატუსის შეჩერების, სტატუსის შეწყვეტისა და აღდგენის პირობები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და წინამდებარე დებულებით.
12. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზნით სტუდენტმა უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით უნივერსიტეტის რექტორს. გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფაკულტეტის დეკანატის წარდგინებით იღებს უნივერსიტეტის რექტორი.
13. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სასწავლებლიდან ან უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტიდან სტუდენტის გადმოყვანა (სტუდენტის ტრანსფერი) და სტუდენტის სტატუსის აღდგენა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით. გადმოყვანისა და აღდგენის შიდასაფაკულტეტო საორგანიზაციო საკითხები რეგულირდება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებითა და რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
14. დამამთავრებელ კურსზე სტუდენტმა დეკანატში უნდა გაიაროს ატესტაცია, სადაც იგი ხელმოწერით ადასტურებს საპასპორტო მონაცემებისა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული ინფორმაციის სისწორეს.
15. ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისა და სავალდებულო კრედიტების შესრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი და მიეცემა უმაღლესი განათლების დიპლომი. დიპლომთან ერთად კურსდამთავრებულს ეძლევა დიპლომის დანართი, რომელსაც დიპლომის გარეშე ძალა არა აქვს. დიპლომი, მისი ასლი ან მოწმობა მიეცემა პირადად მფლობელს პასპორტის წარდგენისას, ან მინდობილობით კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 15. სტუდენტის მობილობა

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სტუდენტის მობილობა უნივერსიტეტის ერთი ფაკულტეტიდან/პროგრამიდან მეორეზე, აგრეთვე, სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, დაშვებულია მხოლოდ სწავლების მეორე წლიდან ფაკულტეტის სტუდენტთა კვოტის ფარგლებში.
2. სტუდენტის მობილობა უნდა განხორციელდეს აკადემიური სემესტრის დაწყებამდე, წარმოდგენილი ნიშნების ფურცლის (ტრანსკრიპტის) გათვალისწინებით.
3. სტუდენტის მობილობის (ჩარიცხვის) პროცესი სრულდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
4. სტუდენტის მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ტრანსკრიპტის საფუძველზე ფაკულტეტის დეკანი ადგენს სემესტრს, რომელზეც გადმოყვანილმა სტუდენტმა უნდა განაგრძოს სწავლა, აგრეთვე იმ საგნების ჩამონათვალს, რომელთა გავლა იქნება აუცილებელი.
5. სტუდენტის სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოყვანის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ზემოთ აღნიშნული პროცედურები, წინამდებარე დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა ჩათვლით.
 დანართი 1. მედიცინის ფაკულტეტის მიმართულებები და დეპარტამენტები
1   მედიცინის ფაკულტეტი
1.1   მორფოლოგიურ მეცნიერებათა მიმართულება
1.1.1  ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტი
1.1.2  კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტი
1.1.3   ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტი
1.1.4   ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტი
1.2    სამედიცინო-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულება
1.2.1   მედიცინის ისტორიის დეპარტამენტი
1.2.2   ბიოეთიკის დეპარტამენტი
1.2.3   ფსიქოლოგიის დეპარტამენტი
1.3    პათოლოგიის და სასამართლო მედიცინის მიმართულება
1.3.1   პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტი
1.3.2   პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი
1.3.3   მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი
1.3.4   იმუნოლოგიის დეპარტამენტი
1.3.5   სასამართლო მედიცინის დეპარტამენტი
1.4    შინაგანი მედიცინის მიმართულება
1.4.1   შინაგან დაავადებათა N1 დეპარტამენტი
1.4.2   შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტი
1.4.3   შინაგან დაავადებათა  N3 დეპარტამენტი
1.4.4   ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტი
1.4.4   საოჯახო მედიცინის დეპარტამენტი
1.4.6   ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტი
1.4.7   კანისა და ვენერიულ სნეულებათა დეპარტამენტი
1.4.8   ჰემატოლოგიის დეპარტამენტი
1.4.9   მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტი
1.5    ქირურგიის, ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის მიმართულება
1.5.1   ქირურგიის N1 დეპარტამენტი
1.5.2   ქირურგიის N2  დეპარტამენტი
1.5.3   უროლოგიის დეპარტამენტი
1.5.4   ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
1.5.5   თვალის სნეულებათა დეპარტამენტი
1.5.6   ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი (ტოქსიკოლოგიით)
1.6    დიაგნოსტიკის საფუძვლების მიმართულება
1.6.1    შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტი
1.6.2    ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი
1.7     ნევროლოგიის და ფსიქიატრიის მიმართულება
1.7.1    კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტი
1.7.2    ფსიქიატრიის დეპარტამენტი
1.8     პედიატრიის მიმართულება
1.8.1    პედიატრიის N1 დეპარტამენტი
1.8.2    პედიატრიის N2 დეპარტამენტი
1.8.3    ნეონატოლოგიის დეპარტამენტი
1.8.4    ბავშვთა ნევროლოგიის  დეპარტამენტი
1.9     რადიოლოგიის მიმართულება
1.9.1    რენტგენოლოგიის დეპარტამენტი
1.9.2    ულტრასონოგრაფიის დეპარტამენტი
1.9.3    ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი