რიგით მეოთხე მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის ,,ნიღაბი”-2015 საზეიმო დახურვა

რიგით მეოთხე მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის ,,ნიღაბი”-2015 საზეიმო დახურვა

   
   

2015 წლის 10 დეკემბერს  „Garden Hall“-ში „თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის  „ნიღაბი–2015“ საზეიმო დახურვა გაიმართა (30 ნოემბერი–10 დეკემბერი).

ფესტივალი „ნიღაბი“ 2012 წელს ჩამოყალიბებული „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ მიერ არის დაარსებული.

იგი წელს  უკვე მეოთხედ ჩატარდა  და მისი მასპინძელი,  ტრადიციულად,  იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გენერალური სპონსორი – ქალაქ თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი.

საზეიმო დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ ფესტივალის  ნომინაციებში გამარჯვებულები, რომელთაც  ფესტივალის სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ფესტივალის კომპეტენტური ჟიურის წევრები იყვნენ: გოგი თოდაძე (რეჟისორი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე), ჯემალ ღაღანიძე (მსახიობი), კახა მიქიაშვილი (მსახიობი), თამუნა ნიკოლაძე (მსახიობი), ლელა მებურიშვილი (მსახიობი).

ოფიციალურ ნომინაციებში გამარჯვებულად  დასახელდნენ:

  1. ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო  შესრულებისთვის – ნინო ჩხიკვაძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  2. მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის - ოზან ოზთურქი (თურქეთის სტუდენტური დასი);
  3. ქალის კომედიური როლის საუკეთესო  შესრულებისთვის - სალომე ბადაგაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  4. მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო  შესრულებისთვის - გიორგი კოლხიდაშვილი და ზურა ყიფშიძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
  5. ქალის დრამატული  როლის საუკეთესო შესრულებისთვის - ლინდა ცუბერგი (ლატვიის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი);
  6. მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესო  შესრულებისთვის - მარტინეს გაზგი (ლატვიის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი);
  7. ქალის მთავარი როლის საუკეთესო  შესრულებისთვის - ნინო შანშიაშვილი  (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
  8. მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის - კასპერს ცუმპერი (ლატვიის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი);
  9. ქალაქ თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის რჩეული – ირაკლი ბერიძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
  10. ფესტივალის აღმოჩენა - თამარ ჟღენტი  (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).

ფესტივალის მონაწილეებმა განსაკუთრებული მადლობა  გადაუხადეს ჟიურის წევრებს, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს, ფესტივალის სულისჩამდგმელს და „ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  თეატრალური დასის „ჰიგია“ რეჟისორს და თსსუ–ის ასოცირებულ პროფესორს ნათია გუჯაბიძეს.

ქალბატონმა ნათიამ, თავის მხრივ,   გულწრფელი მადლიერება გამოხატა  ფესტივალის მონაწილე ქართველი და უცხოელი  სტუდენტების, ჟიურის წევრების, სპონსორების და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მიმართ, ფესტივალის აქტიური მხარდაჭერისათვის.