თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გასავლელად ჰამბურგის  უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გასავლელად ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად ჰამბურგის უნივერსიტეტის  სტუდენტები: ანა მაჭარაშვილი და ლეანდრა ლილიე იმყოფებიან.

სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირების პირველი ეტაპი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტში გაიარეს. 

„აქ პროფესიული მიმართულებით ძალიან კარგ გამოცდილებას ვიძენ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო სტაჟირების საქართველოში გავლა. ამ გამოცდილებას, უნარებს აუცილებლად გამოვიყენებ, როდესაც ჩემი პროფესიით გავაგრძელებ საქმიანობას.

ზოგადად, საქართველოში სამჯერ ვარ ნამყოფი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია“, - ამბობს ლეანდრა ლილიე.

„მე საქართველოს მოქალაქე ვარ, თუმცა 6 წელია გერმანიაში ვსწავლობ, იმ ქვეყნის სამედიცინო სისტემას ვიცნობ და ყოველთვის მაინტერესებდა საქართველოში სტაჟირება. აქ მივიღე ის, რაც მჭირდებოდა, ძალიან კმაყოფილი ვარ.

ყოველდღიურად მაქვს პაციენტებთან კონტაქტი, ვეცნობი მათ ისტორიებს და მკურნალობის გზებს, ასევე ვესწრები ოპერაციებს, ასისტირებას ვუწევ ქირურგებს. საბოლოო ჯამში სტაჟირება ძალიან პროდუქტიულია“, - აღნიშნა ანა მაჭარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ჰამბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების საქართველოში სტაჟირებას თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლევან გოფოძე უწევს კოორდინირებას.

„ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენთან საინტერესო შემთხვევებს ეცნობიან, აქ ბევრ რამეს სწავლობენ, ხშირად ესწრებიან ოპერაციებს, გვიწევენ ასისტირებას და ეს ძალიან კარგია მათი მომავალი საქმიანობისთვის“, - ამბობს თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლევან გოფოძე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები ლეანდრა ლილიე და ანა მაჭარაშვილი სტაჟირების შემდგომ ეტაპს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებულ თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში გადიან.